"მიშაში იმხელა ძალაა, რომ ზოგიერთებს მისი ჩრდილისაც ეშინიათ" - კვირის პალიტრა

"მიშაში იმხელა ძალაა, რომ ზოგიერთებს მისი ჩრდილისაც ეშინიათ"

სპორტის სასახლეში "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა მიმდინარეობს. ღონისძიება სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ყრილობის მონაწილეებს მიმართა, სანდრა რულოვსი იყო.

როგორც სანდრა რულოვსმა განაცხადა, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და მხარდამჭერებს უკანასკნელი წლების განმავლობაში ”ბევრის გადატანა” მოუწია, რისთვისაც ისინი მადლობას იმსახურებენ.

”მინდა იქიდან დავიწყო, რომ თქვენგან ტაშს არ ვიმსახურებ. თქვენ უფრო დიდ ტაშს იმსახურებთ თქვენი ერთგულებისთვის და თქვენი ბრძოლისთვის.

თქვენ ძალიან ბევრი გადაგიტანიათ ბოლო წლების მანძილზე არა მარტო სამსახურში, ოჯახში, ნათესავებსა და მეგობრებში, არამედ იყო დაკითხვებიც, დაპატიმრებებიც, შეურაცხყოფაც იმის გამო, რომ მოძრაობის ერთგული მომხრე ხართ,” - განაცხადა რულოვსმა.

რულოვსმა მხარდამჭერებს მიმართა, რომ სწორედ ისინი აძლიერებენ მიხეილ სააკაშვილს და პირიქით.

„თქვენ აძლიერებთ პარტიას და თქვენ აძლიერებთ მიშას და ასევე, მიშა გაძლიერებთ თქვენ. იმხელა ძალაა მიშაში, რომ მისი ჩრდილისაც ეშინიათ ზოგიერთებს ამ ქვეყანაზე. მისი თითოეული აშენებული შენობის, ხიდის, ყველაფერის ეშინიათ. რაც არ უნდა სცადონ, რომ მიშა შეასუსტონ, პირიქით შედეგს მიიღებენ. თქვენ იცით, რომ მიშა ყველაზე მობილიზებულია, როცა წინააღმდეგობა შეხვდება. რაც არ უნდა გაუკეთონ მიშას, გინდა მოქალაქეობა წაართვან, ის მაინც ქართველად დარჩება, იმიტომ რომ მისი გული საქართველოსთვის სცემს. რაც არ უნდა ქონება წაართვან ან სახლი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველგან, თქვენს ოჯახებში ჩვენი ოჯახისთვის იქნება პატარა მყუდრო ადგილი, ყველი, პური და სითბო. რაც არ უნდა წაართვან, გინდა თანამდებობა, გინდა თავმჯდომარეობა, ამასაც ამდენი მნიშვნელობა არა აქვს - სადაც მიშა არის, იქ ქმნის ამინდს, არის წამყვანი ძალა და ეს იქნება თქვენი დამსახურება“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა სიტყვით გამოსვლისას.

ვიდეო

იხილეთ ასევე: სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს