„ნაცმოძრაობა" შეიქმნა მაშინ, როდესაც განადგურებულ საქართველოს სვავებივით ძიძგნიდნენ შევარდნაძე და მისი კორუმპირებული ოჯახის წევრები" - კვირის პალიტრა

„ნაცმოძრაობა" შეიქმნა მაშინ, როდესაც განადგურებულ საქართველოს სვავებივით ძიძგნიდნენ შევარდნაძე და მისი კორუმპირებული ოჯახის წევრები"

სპორტის სასახლეში "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა მიმდინარეობს. ღონისძიება სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ყრილობის მონაწილეებს ვაშინგტონიდან საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიმართა.

„ჩემო ძვირფასებო, ჩემო თანამებრძოლებო და მეგობრებო, მინდა მოგილოცოთ, რომ ივანიშვილისეული გეგმა „ნაციონალური მოძრაობის“ გაქოცების და ჯიბეში ჩადების, ჩაიფუშა. ეს არის მისი პირველი მარცხი 2012 წლის შემდეგ და, რა თქმა უნდა, არა უკანასკნელი მარცხი...

თქვენ ვერ გათქმევინათ უარი პრინციპებზე და ვერ დაგაყენათ ღალატის გზაზე. თქვენ ვერ გათქმევინათ უარი იდეალებზე. ივანიშვილი ვერასდროს გაიგებს, თუ რა არის „ნაციონალური მოძრაობა“. მის ტვინამდე ვერასოდეს ვერ მივა, თუ რა გვამოძრავებს ჩვენ, რა გვაძლევს ძალას იმისა, რომ არ შევშინდეთ და არ ჩავიქნიოთ ხელი. ოლიგარქებს არ ესმით, რა არის ნამდვილი პოლიტიკური პარტია. ისინი ქმნიან პროექტებს, დებენ ფულს, ყიდულობენ პოლიტიკოსებს, შემოჰყავთ და გაჰყვათ პოლიტიკურ არენაზე პარტიები, მათი მარიონეტები, მაგრამ ნამდვილ პარტიებთან და ნამდვილ იდეალისტებთან ყოველთვის მარცხდებიან“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტის განცხადებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას და განვითარებას, თუმცა მერე მოვიდა რუსი ოლიგარქი და გააუქმა ქართული სახელმწიფოებრიობა.

„დღეს ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს არც პრეზიდენტი, არც მთავრობა, რომელსაც რამე გადაწყვეტილების მიღება მოეკითხება - ყველაფერი ემსახურება მხოლოდ ერთი გაუნათლებელი, ტლუ, საქართველოს მტრის ხუშტურებს, პირად ახირებებს და ბოღმას, რომელსაც გადააყოლა საქართველოს განვითარება და წინსვლა. ამის პარალელურად, როცა ყველაფერს წყვეტს, მისი პასუხისმგებლობა ქართველი ერის წინაშე არის ნული. ის ხან პოლიტიკოსებს ათამაშებს, გაიყვანს პარტიიდან, შემოიყვანს, გააერთიანებს, ფულს ჩაუდებს და დანარჩენი დრო ზის თავის „ბრონირებულ“ აკვარიუმში და ერთობა ზვიგენებთან და ზებრებთან თამაშით, ხეების გადარგვით და ხანდახან ახალი პოლიტიკური პარტიების შექმნით. დღეს ის სახელმწიფო, რომლის შექმნაში ამდენი ოფლი და ჯაფა ჩავდე, აღარ არსებობს. დღეს ჩვენს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ივანიშვილის შპს „საქართველო“. ამიტომ ჩვენი მიზანი არის ძალიან მკაფიო და ნათელი - გავაუქმოთ ივანიშვილის შპს „საქართველო“ და აღვადგინოთ ქართული სახელმწიფოებრიობა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოში უპირობოდ, ნამდვილი, ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა.

„ეს არის პარტია, რომელიც შეიქმნა მაშინ, როდესაც დაჩოქებულ და განადგურებულ საქართველოს სვავებივით ძიძგნიდნენ შევარდნაძე და მისი კორუმპირებული ოჯახის წევრები, ფეოდალები და „კანონიერი ქუდები“. ჩვენ შევიქმენით და ყველა მათგანს ერთდროულად გამოვუცხადეთ ომი. ჩვენ გვებრძოდნენ კრიმინალური ავტორიტეტები, ასლან აბაშიძე, რუსეთის აგენტები. ჩვენ არც ქურდებს ვეთამაშებოდით, არც პატარკაციშვილის კალთას ვაფარებდით თავს, როგორც ბევრი და არც ასლან აბაშიძესთან გავრბოდით და არც ამ ქურდებს ვპირდებოდით „პალაჟენიას“. ჩვენ ვებრძოდით უკლებლივ ყველა მაშინდელ კლანს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს გიჟებად მივაჩნდით, სექტად გვაცხადებდნენ, მაგრამ ჩვენ გვჯეროდა იმისა, რაც არც ფულით იყიდება და არც ტყვიით ჩერდება - ეს იყო ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე. ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია საქართველოს ისტორიაში, რომელიც უსისხლო რევოლუციით მოვიდა ხელისუფლებაში. ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელმაც მაშინ აიღო პასუხისმგებლობა ქვეყანაზე, როცა საქართველოზე ყველას ხელი ჰქონდა ჩაქნეული უშუქობის, უბედურების, კრიმინალის თარეშის პირობებში და ჩვენ ვართ პარტია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს განახორციელა რეფორმები - ლარის კურსის სიმყარე, მრავალგზის გაზარდა ბიუჯეტი, ამოძირკვა და ხალხს დაავიწა უშუქობა, უგზოობა, უპენსიობა. ჩვენ ვართ ის პარტია, რომელმაც გაათვისუფლა და საქართველოს დაუბრუნა აჭარა...

ჩვენ ვიყავი ოპოზიცია, გავხდით ხელისუფლება, შემდეგ ისევ გარდავიქმენით ოპოზიციად და ახლა ისევ მზად ვართ დავიბრუნოთ ხელისუფლება. ასეთი რამ საქართველოსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკურ ისტორიას არ ახსოვს. ჩვენი პარტია არის ის, რომელიც ყველა განსაცდელიდან გამარჯვებული გამოვა და ეს თქვენ გააკეთეთ. ამისთვის თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა“, - მიმართა სააკაშვილმა ყრილობის მონაწილეებს.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ წარსულია, არამედ ეს არის მომავლის ყველაზე ნათელი ხედვა.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის მოძრაობა. მე თავის დროზე ეს სახელი შემთხვევით არ დავარქვი. ეს არის მოძრაობა მხოლოდ წინ, მხოლოდ გამარჯვებისკენ, მხოლოდ მომვლისკენ. მოძრაობა შეუპოვარი და შეუჩერებელი. „ნაციონალური მოძრაობა“ არის თავისუფალი საქართველოს იდეა. ვიღაცისთვის შეიძლება ეს მოდურად არ ჟღერდეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის ქართული ამბიცია, განსაკუთრებული ქართველი ერის ამბიცია და პრეტენზია, რომ ვიყოთ განსაკუთრებულები და დიახ, ქართველი ერი განსაკუთრებულია და ნურავინ ცდილობს გაგვაბანძოს და ფსევდოლიბერალიზმის საბაბით ხელი აგვაღებინოს ჩვენს განსაკუთრებულობაზე“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ვიდეო

იხილეთ ასევე: "მიშაში იმხელა ძალაა, რომ ზოგიერთებს მისი ჩრდილისაც ეშინიათ"