"ტრამპის გამოსვლა მიშას, ბიძინას, უგულავას, გრეჩიხას და გოგი თოფაძის გასაოცარი სინთეზი იყო" - კვირის პალიტრა

"ტრამპის გამოსვლა მიშას, ბიძინას, უგულავას, გრეჩიხას და გოგი თოფაძის გასაოცარი სინთეზი იყო"

20 იანვარს დონალდ ტრამპმა ოფიციალურად დაიკავა აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობა. მიუხედავად იმისა, რომ მისმა ინაუგურაციამ საპროტესტო აქციებისა და დაკავებების ფონზე ჩაიარა, ტრამპი უკვე აშშ-ის 45-ე პრეზიდენტია.

ტრამპი საინაუგურაციო გამოსვლაში ძირითადად შეეხო ქვეყნის საშინაო პოლიტიკას, მისი თქმით, ვაშინგტონიდან ძალაუფლება ხალხს უნდა დაუბრუნდეს.

მისი თქმით, 2017 წლის 20 იანვარს დაიმახსოვრებენ, როგორც "დღედ, როცა ამ ერის მმართველი ისევ ხალხი გახდა".

"ჩვენ ორ წესს დავიცავთ: იყიდეთ ამერიკული პროდუქცია და დაიქირავეთ ამერიკელები… ამერიკა კვლავ დაიწყება გამარჯვებას - ისე, როგორც არასდროს. დავაბრუნებთ სამუშაო ადგილებს, დავაბრუნებთ ჩვენს საზღვრებს, დავაბრუნებთ ჩვენს სიმდიდრეს და დავაბრუნებთ ჩვენს ოცნებებს", - განაცხადა მან.

დონალდ ტრამპის ინაუგურაციას გამოხმაურება მოჰყვა საქართველოშიც:

დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკოსი:

"სიტყვა თქმული დონალდ ტრამპის მიერ ინაუგურაციის დროს, ეროვნულ ხეივანში, კონგრესისა წინ, ვაშინგტონში:

ერთმა მცირე ჯგუფმა რომ მოინდომა ქვეყნის მართვა, ეგრე სადააო? ახლა მართვის სადავეები უბრუნდება ხალხსო.

ფაბრიკა-ქარხნები უნდა ავამუშაოთ და მრეწველობა გადაარჩენს ამერიკასო.

უცხო ქვეყნები რომ მდიდრდებოდნენ ამერიკელების ხარჯზე, მორჩა ეგ ამბავი, ამერიკა უპირველეს ყოვლისაო.

და საერთოდ საქმე ლაპარაკის ნაცვლადო

რამეთუ ჩვენთან არს ღმერთიო.

მოკლედ, მიშას, ბიძინას, უგულავას, გრეჩიხას და გოგი თოფაძის გასაოცარი სინთეზი იყო

აი, პოსტმოდერნიც ამას ჰქვია თუ ჰქვია: ეკლექტური საქართველო ამერიკაში".

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

"ტრამპიც ხალხს გასაოცარ ოთხ წელიწადს პირდება".

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

"ვუსმენდი ფიცის დადებას და, ფაქტობრივად, ტრამპმა რევოლუციური განაცხადი გააკეთა. ტრამპმა ფაქტობრივად, ამერიკის ისტებლიშმენტს დაუძინებელი ბრძოლა გამოუცხადა.

მან თქვა, რომ დღეს ძალაუფლება ვაშინგტონიდან უბრუნდება ხალხს, ანუ დამთავრდა მცირე ჯგუფების ერთობლიობის მმართველობა და ქვეყანა გადადის პირდაპირ დემოკრატიაზე. დარწმუნებული ვარ, ვინც იმ ტრიბუნაზე იდგა, ყველას გააჟრიალა. ტრამპი, მიუხედავად თავისი აგრესიული კამპანიისა, ლავირებდა და ისტებლიშმენტს შეექმნა ილუზია, რომ ამას რაღაც ჩარჩოებში მოვაქცევთ, მაგრამ როგორც კი ფიცი დადო, მეორე სიტყვიდან განახორციელა სისტემური დარტყმა ლიბერალურ ელიტაზე.

მე ვერ ვიტყვი, რომ ეს იქნება იოლი პერიოდი საქართველოსთვის. პირიქით, რადგან გამომდინარე იმ კონცეფციიდან, რასაც ვხედავთ ტრამპის საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში, ის უფრო ორიენტირებულია საშინაო პოლიტიკაზე. ტრამპისთვის საგარეო პოლიტიკა არ არის პრიორიტეტული. მე ვთვლი, რომ ის რამდენიმე თვით დააკონსერვებს საგარეო მიმართულებებს და აგრესიული მოქმედებები არ ექნება. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ისეთი ფასი დაგვედოს, რომ ადვილი გასაყიდი არ ვიყოთ.

ტრამპის პოლიტიკა შეიცავს რისკებს, ამიტომ საქართველოს სჭირდება ძალიან აქტიური სისტემური მუშაობა და, რაც მთავარია, შიგნიდან გაძლიერება, საკუთარი თავის კაპიტალიზაცია”.

ზაალ ანჯაფარიძე, პოლიტოლოგი:

"CNN-მა ტრამპს მაგრად დაასო კბილი და დღეს ინაუგურაციის დროს მისი მკვლელობის და მოვლენების შემდგომი განვითარების მოდელირება მოახდინა. გაუშრობს სისხლს მთელი პრეზიდენტობის ვადაში".

პაატა ქურდაძე, მწერალი:

"ექვსი მილიარდერი და თხუთმეტი მულტიმილიონერი მთავრობაში... მათ შორის მიჩიგანელი განათლების მინისტრი, რომელმაც ტრამპის განცხადებით ამერიკული განათლების სისტემის რეფორმა უნდა მოახდინოს - 5,5 მილიარდი აქვს ჯიგარს... "ვსიო"! ჩვენს ბუნჩულა ჯეჯელავაზე და კომბლეზე ხმას აღარ ვიღებ!"

ზვიად კირტავა, ანალიტიკოსი:

"ტრამპის საინაუგურაციო სიტყვას მოვუსმინე და, ასე მეგონა, ორივე რუზველტს, ჯეკ კენედის, მარტინ ლუთერ კინგს, რონალდ რეიგანს, და ბარაკ ობამას ვუსმენდი - ერთად აღებულს!

რაც მართალი, მართალია, მან ძალიან კარგად იცის, რა უნდა ამერიკელების უდიდეს ნაწილს, რომ ესმოდეს და სწორედ ამას ეუბნება მათ - თან ძალიან ადვილად გასაგები ენით!"

იხილეთ ასევე: ტრამპის ინაუგურაცია საპროტესტო აქციებისა და დაკავებების ფონზე