"როგორც ადრე ექსპრემიერ ღარიბაშვილს აღუკვეთეს პრეზიდენტთან თანამშრომლობის უფლება, ახლა იგივე დაატეხეს ირაკლი კობახიძეს" - კვირის პალიტრა

"როგორც ადრე ექსპრემიერ ღარიბაშვილს აღუკვეთეს პრეზიდენტთან თანამშრომლობის უფლება, ახლა იგივე დაატეხეს ირაკლი კობახიძეს"

პარლამენტმა "საერთო სასამართლოების" შესახებ კანონ-პროექტი დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და მის მიერ შეთავაზებული კანონ-პროექტი ჩააგდო. ამის შემდეგ პროექტის იმ ვარიანტს ეყარა კენჭი, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო. მას 97 ხმით დაუჭირეს მხარი. კენჭისყრის ამ შედეგით პრეზიდენტის ვეტო დაიძლია.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში, რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებს თავმჯდომარეები ფარული კენჭისყრით თავად ამ სასამართლოს მოსამართლეებს უნდა აერჩიათ და არ დაენიშნა იუსტიციის საბჭოს; ერთი და იგივე პირს არ უნდა ჰქონდა საშუალება, ყოფილიყო სასამართლოს თავმჯდომარე და ამავე დროს, პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარე; უნდა გაუქმებულიყო მოსამართლეთა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის გამოყენება და მოსამართლეები უვადოდ დაინიშნულიყვნენ; კანონს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობას აზუსტებს, მინიმალურ რაოდენობის განსაზღვრასთან ერთად, მოსამართლეთა მაქსიმალური რაოდენობასაც უნდა განესაზღვრა... პრეზიდენტის შენიშვნები ასევე შეეხება მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევას და სხვა საკითხებს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოსთვის ეს შეთავაზებები მიუღებელი აღმოჩნდა.

გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი:

- გაუგებარია, რატომ არ გაიზიარა საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტის მოტივირებული წერილი მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და დაცულობის ხარისხის გაზრდას და ემყარებოდა ვენეციის კომისიის პრინციპულ მოსაზრებებს.

როდესაც ახლა უმაღლესი თანამდებობის პირები საუბრობენ, რომ თურმე შესაძლებელი იყო გაეზიარებინათ მთელი რიგი წინადადებები, რომელიც პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში იყო წარმოდგენილი, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ როდესაც პრეზიდენტმა პარლამენტის წევრებს, პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა კონსულტაციებში მონაწილეობა, მათ უნდა მიეღოთ მონაწილეობა ამ კონსულტაციებში… სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ პოლიტიკოსები მუდმივად გადიოდნენ კონსულტაციებს ერთმანეთთან, ათანხმებდნენ პრინციპულ საკითხებს და არ გაურბოდნენ დისკუსიებს.

ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე:

- კანონ-პროექტის პაკეტი, რომელიც მიიღო პარლამენტმა, იყო ხანგრძლივი მსჯელობის საფუძველზე ჩამოყალიბებული. სწორედ ასეთი მსჯელობის საფუძველზე მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება მართლმსაჯულების ე.წ მესამე ტალღასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს არ გაზიარებას, ეს არ გაზიარება არც ერთი გრამით არ შეამცირებს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს. ეს შემიძლია თამამად გითხრათ.

პრეზიდენტოს შენიშვნებში იყო რამდენიმე საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება მსჯელობა. თუმცა მოქმედი კონსტიტუციისა და კანონის თანახმად, პრეზიდენტის შენიშვნებს ან სრულად იზიარებ ან არ იზიარებ. ეს არის მოქმედი კანონმდებლობა. გამომდინარე აქედან პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ჩვენი პოზიცია.

სოსო ცისკარიშვილი, ექსპერტი:

- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ როგორც თავის დროზე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აღუკვეთეს პრეზიდენტთან თანამშრომლობის უფლება, ახლა იგივე დაატეხეს თავს ჩვენს ახალბედა პარლამენტის თავმჯდომარეს.

გავიხსენოთ, როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი: ვეტოს დადებისა და სრულიად დამაჯერებელი მოტივირებული შენიშვნებით უკან დაბრუნების შემდეგ, უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მათ აინტერესებდათ პრეზიდენტის შენიშვნები და მათ განხილვას გეგმავდნენ... თუმცა გავიდა რამდენიმე დღე და ამ ახალბედა მოდუდუნე სპიკერისგან უკვე პრეზიდენტის კრიტიკა მოვისმინეთ...

ეს დაავადება ჩვენს ხელისუფლებაში არახალია, ოთხი წელია ერთი ჩვენი რიგითი მოქალაქე არწმუნებს მთავრობასა და პარლამენტს, რომ არ იურთიერთონ პრეზიდენტთან.

ამგვარი წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება სახელისუფლო შტოებს შორის ჯერ საქმეს, საბოლოოდ კი ქვეყანას აზიანებს.

ანა გიორგაძე (სპეცილაურად საიტისთვის)