საქართველო ტრამპის ადმინისტრაციისკენ გზების ძიებაში - კვირის პალიტრა

საქართველო ტრამპის ადმინისტრაციისკენ გზების ძიებაში

"ნაცია, რომელსაც არ აქვს საზღვრები, არ შეიძლება იწოდებოდეს ნაციად". ტრამპის მხრიდან ეს მხოლოდ მექსიკისკენ მიმართული განაცხადი კი არ იყო, არამედ ევროპისკენაც. ეს მოისმინეს პარიზში, ბერლინში, სხვა ევროპულ დედაქალაქებში... ევროკავშირის კონცეფციიდან გამომდინარე, მან, ფაქტობრივად, ეჭვქვეშ დააყენა ფრანგების ფრანგობა, გერმანელების გერმანელობა დ ა.შ."

საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან დაახლოების გზები გამონახვას შეუდგა. გასულ კვირას ვაშინგტონში ჩავიდა პრემიერის მრჩეველი თედო ჯაფარიძე, რომელმაც რესპუბლიკური პარტიისა და თეთრი სახლის მაღალჩინოსნებთან არაერთი შეხვედრა გამართა. მისი თქმით, "ამერიკის მიმართულებაზე" ის, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე "სინქრონულად" მუშაობენ.

"ვინაწილებთ ურთიერთობათა სიმძიმეებს, ამერიკაში საქართველოს ინტერესების გატანისა და მათი რეალიზების უმძიმეს ტვირთს. რა თქმა უნდა, სხვა კოლეგებთან ერთად...

ვითარება კი მართლაც რომ არაორდინალურია. უფრო მეტიც - ექსტრაორდინალური. ამდენი წელია თვალს ვადევნებ ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებას და ასეთი მძაფრი და ხისტი არ ყოფილა არც საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია და არც თავად ხელისუფლების ცვლა. შესაბამისად, უჩვეულო აღმოჩნდა ახალი ადმინისტრაციის საქმიანობის პირველი დღეებიც - მათ უმწვავესი კრიტიკა მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების მთელი პოლიტიკური სპექტრის და მათ შორის რესპუბლიკელების მხრიდანაც, რომელთაც თეთრ სახლში პრეზიდენტი ტრამპი ოფიციალურად წარმოადგენს.

გამომდინარე აქედან, ჩემი ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო ვიზიტის მიზანი სწორედ იმ ხალხთან შეხვედრა იყო. რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა რესპუბლიკური პარტიის ელიტა მყავს მხედველობაში, რომელმაც უშუალო მონაწილეობა მიიღო ტრამპის ადმინისტრაციის "პირველი პირების" შერჩევაში და შემდგომ კი მათ თანამდებობაზე დანიშვნასაც აქტიურად ლობირებდა", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ "ინტერპრესნიუსთან".

ჯაფარიძის კვალდაკვალ აშშ-ში ჩავიდა საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რომელიც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ამერიკის სენატში შეხვედრებს მართავს. ის პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველს მაიკლ ფლინსა და სენატის სხვა წარმომადგელებს უკვე შეხვდა.

როგორც გავრცელებული ინფორმაციით ვიგებთ, მიხეილ ჯანელიძემ და მაიკლ ფლინმა განიხილეს საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. მინისტრმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტის მრჩეველს საქართველოს მიმართ როგორც პერსონალური, ასევე ახალი ადმინისტრაციის მხრიდან გამოხატული ინტერესისა და მხარდაჭერისათვის, ხაზი გაუსვა ამერიკა-საქართველოს ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორობას, და წლების განმალობაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის გაწეულ დახმარებას.

მიხეილ ჯანელიძისა და მაიკლ ფლინის შეხვედრა

გენერალმა ფლინმა ასევე განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების პროცესში, განაცხადა, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია შეერთებული შტატებისთვის არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურად, როდესაც საკითხი ეხება საერთაშირისო გამოწვევებსა და უსაფრთხოებას. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს იმ სიმამაცისა და სიმტკიცისთვის, რასაც ქართველი სამხედროები იჩენენ სამშვიდობო მისიებში ავღანეთსა და ერაყში. ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, საქართველო სამაგალითოა რეგიონში დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და აქვს დიდი პოტენციალი რეგიონალურ ეკონომიკურ ჰაბად გადაიქცეს.

ჯანელიძე ასევე შეხვდა სენატის ასიგნებების კომიტეტის თავმჯდომარეს ტედ ქოქრანს. რესპუბლიკელმა სენატორმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის კანონმდებლების მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა.

მიხეილ ჯანელიძისა და კიდევ ერთი სენატორის მიჩ მაკკონელის შეხვედრაზე კი საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ბობ კორკერთან შეხვედრის დროს.

რა შედეგებს გამოიღებს ეს შეხვედრები და  როგორ წარიმართება აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობა თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჯერჯერობით სრულიად არაპროგნოზირებადია.

"სერიოზული სამუშაო აქვს ხელისუფლებას, რომ ამ მსოფლიო ორომტრიალის შუაგულში არ აღმოვჩნდეთ!"

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

- ვითარებას მთლიანობაში რომ შევხედოთ, ფაქტია, რომ სამყარო იცვლება. ლიბერალურ-გლობალისტურმა პროექტმა თავისი სისუსტეები გამოავლინა. ფაქტობრივად, ისე გამოდის, რომ კონტრრევოლუციის პროცესში ვართ. იმ კონცეფციამ, რომ უმცირესობების გაერთიანებებმა - ელიტებმა ჩაანაცვლა პირდაპირი დემოკრატია, როგორც ჩანს, არ გაამართლა. დღეს ტრამპის პრეზიდენტობა არ განაპირობა მხოლოდ მისმა განსაკუთრებულობამ, ეს იყო ისტორიულად კანონზომიერი პროცესი, როდესაც რიგით ამერიკელს გაუჩნდა პროტესტის გრძნობა იმის გამო, რომ დემოკრატია, რაც მის არჩევანზე იყო დამოკიდებული, წაართვეს და მის ნაცვლად იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ეს კი მის შინაგან ფასეულობათა სისტემას ეწინააღმდეგებოდა.

ტრამპმა მოძებნა გზა ამ რიგითი ამერიკელებისკენ. ელიტების გავლით კი არ მოქმედებდა, პირდაპირ ადამიანებთან მივიდა და უთანასწორო ბრძოლაში გაიმარჯვა. მის ქმედებებზე ბევრი ლაპარაკი რომ არ გამომივიდეს, მის ერთ ფრაზას გავიხსენებ, რომელიც ორიოდე დღის წინ თქვა: "ნაცია, რომელსაც არ აქვს საზღვრები, არ შეიძლება იწოდებოდეს ნაციად". ტრამპის მხრიდან ეს მხოლოდ მექსიკისკენ მიმართული განაცხადი კი არ იყო, არამედ ევროპისკენაც.

ეს მოისმინეს პარიზში, ბერლინში, სხვა ევროპულ დედაქალაქებში... ევროკავშირის კონცეფციიდან გამომდინარე, მან, ფაქტობრივად, ეჭვქვეშ დააყენა ფრანგების ფრანგობა, გერმანელების გერმანელობა დ ა.შ.

მოკლედ, ისტორიული კანონზომიერებით სამყაროს შეცვლა დაიწყო. რამდენად შეიცვლება, ამას პროცესი გვიჩვენებს. იქნება დიდი წინააღმდეგობა, დაპირისპირება. ზემოთ ნახსენები ელიტების ხელშია ფინანსური, პოლიტიკური და მედიარესურსები. ეს დრამატული ბრძოლაა და იმის უპირობოდ დაშლა, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მართავდა სამყაროს, ძალიან სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს მსოფლიოსთვის, რადგან როდესაც კოლოსი ეცემა, მის ნანგრევებში ბევრი შეიძლება აღმოჩნდეს.

ამ ყველაფერს საქართველოს პრიზმაში რომ გავხედოთ, ეს წელი ჩვენთვისაც დიდი ცვლილებების წელი იქნება და ძალიან სერიოზული დაფიქრება გვმართებს, ვიდრე ინერციით ვივლიდეთ რომელიმე მიმართულებით... სერიოზული სამუშაო აქვს ხელისუფლებას, რომ ამ მსოფლიო ორომტრიალის შუაგულში არ აღმოვჩნდეთ! (იხილეთ სრულად)