"დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი" - პრემიერმა პატრიარქი ბერლინში მოინახულა - კვირის პალიტრა

"დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი" - პრემიერმა პატრიარქი ბერლინში მოინახულა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის მოსანახულებლად ბერლინის კლინიკაში მივიდა. პრემიერს კლინიკაში პატრიარქის მკურნალი ექიმები დახვდნენ.

პრემიერის განცხადებით, "როდესაც სასულიერო პირი მომწამლავი ნივთიერებით კვეთს საზღვარს და მოდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება ჩვენ მას ვაკავებთ, რა თქმა უნდა, დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი".

საქართველოს მთავრობის მეთაურმა „სპეკულაციები“ უწოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებულ კომენტარებზე ოპოზიციის შეფასებებს.

„ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და მალე დაბრუნდება სამშობლოში. მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე. ჩვენთვის ეკლესიის, როგორც სახელმწიფოს ძლიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციის ერთიანობა, ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ რაც მოხდა იმაზე დეტალურ კომენტარს აღარ გავაკეთებთ, რადგან ამას მოჰყვა სპეკულაციების უზარმაზარი ნაკადი, რაც ვფიქრობ უადგილოა. ჩვენ გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მუხტი ჩავაცხროთ, გამოძიებას მივცეთ საშუალება დაასრულოს გამოძიება, დაადგინოს ყველა დეტალი და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ საჯაროდ... მე ყველა დეტალს ვფლობ. როდესაც სასულიერო პირი მომწამლავი ნივთიერებით კვეთს საზღვარს და მოდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება და ჩვენ მას ვაკავებთ, რა თქმა უნდა, დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი. სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობას და ვინაობას გამოძიება დაადგენს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"