"სააკაშვილი აკონტროლებდა ყველა ტელევიზიას, მაგრამ მან ვერ შეძლო, თავიდან აეცილებინა 2012 წელი" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი აკონტროლებდა ყველა ტელევიზიას, მაგრამ მან ვერ შეძლო, თავიდან აეცილებინა 2012 წელი"

"თუ სასამართლომ მიიღო მისი ხალვაშისთვის გადაცემის გადაწყვეტილება, ეს იქნება ქვეყნისთვის და უპირველესად ამ ხელისუფლებისთვის ძალიან წამგებიანი"

19 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელზეც შეკრებილ საზოგადოებას "რუსთავი 2" -ის სხვადასხვა გადაცემის წამყვანები მიმართეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ხელისუფლების ზეწოლით უზენაესი სასამართლო აპირებს ტელეკომპანია "რუსთავი 2" - ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანოს.

რუსთავი 2"-ის სოლიდარობის მიზნით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მხარდამჭერები ვარდების მოედანზე, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები და მათი აქტივისტები კი მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და აქციას მსვლელობებით შეუერთდნენ.

აღსანიშნავია, რომ აქციის დაწყებისთანავე, ტელეკომპანია "რუსთავი 2"- მა მაუწყებლობა განაახლა. შეგახსენებთ, "რუსთავი 2" საპროტესტო მაუწყებლობაზე 18 თებერვლიდან გადავიდა. მოგეხსენებათ, უზენაესმა სასამართლომ უახლოეს მომავალში უნდა გამოიტანოს ვერდიქტი. რა შეიძლება მოხდეს, თუ გადაწყდა, რომ ტელევიზია დაუბრუნდეს ქიბარ ხალვაშს? - გვესაუბრება ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე:

- თუ საკითხს არა იურიდიულად, არამედ პოლიტიკურ-საზოგადოებრივი თვალსაზრისით შევაფასებთ, სურათი საკმაოდ მარტივია. თავის დროზე, "რუსთავი 2" დაათმობინეს დვალსა და აქიმიძეს, შემდეგ კიწმარიშვილსა და ოქრუაშვილს ხალვაშის მეშვეობით აყიდვინეს. ფული ვინ გადაიხადა, არ ვიცი, მაგრამ როგორც უნდა იყოს, ფაქტია, მეპატრონეებს მათი ნების საწინააღმდეგოდ დაათმობინეს, შემდეგ კი უკვე ხალვაშსაც წაართვეს... თუ ლაპარაკია, ვის ეკუთვნის ეს "რუსთავი 2", უნდა ვთქვათ, რომ ყველა იმას, ვინც მაშინ ვერ შეძლო სააკაშვილისა და მისი რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, არ ვიცი, რას გადაწყვეტს სასამართლო, არც "რუსთავი 2"-ის დიდი ქომაგი ვარ. მიმაჩნია, რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ტელევიზია, რომელსაც არ შეიძლება ობიექტურობასა და დამოუკიდებლობაზე პრეტენზია ჰქონდეს, მაგრამ თუ სასამართლომ მიიღო მისი ხალვაშისთვის გადაცემის გადაწყვეტილება, ეს იქნება ქვეყნისთვის და უპირველესად ამ ხელისუფლებისთვის ძალიან წამგებიანი.

დღევანდელ ვითარებაში, როცა არსებობს ინტერნეტი, სოციალური ქსელები და ინფორმაციის გავრცელების ათასგვარი საშუალება, ტელევიზია მნიშვნელობას კარგავს. გავიხსენოთ ისიც, რომ სააკაშვილი აკონტროლებდა ყველა ტელევიზიას, მაგრამ მან ვერ შეძლო, თავიდან აეცილებინა 2012 წელი. ასე რომ, ტელევიზია და პროპაგანდა მხოლოდ გარკვეული დროით მუშაობს... ამიტომ ჭიდაობას ტელევიზიისთვის აზრი არა აქვს. თუ დავუშვებთ, რომ ხელისუფლება მართლაც ერევა ამ საქმეში და ცდილობს, რომელიმე მხარეს გაამარჯვებინოს, ძალიან ცდება. თუმცა გამოვრიცხავ, რომ "რუსთავი 2"-ის გამო ქუჩაში პროცესები დაიწყოს.

როგორც უკვე აღვნიშნე, "ნაციონალური მოძრაობა" თავისი განაყოფით შეეცდება პროცესების რადიკალიზაციას და იმის წარმოჩენას, რომ ქვეყანაში კრიტიკული პოლიტიკური ვითარებაა. როდესაც დაანონსებულ აქციამდე "რუსთავი 2"-მა შეწყვიტა მაუწყებლობა, ესეც ხელისუფლების პროვოცირებისთვის გადადგმული ნაბიჯი იყო... "რუსთსვი 2"-ის აქცია ვითარების ესკალაციის "ნაციონალური" სცენარის რეპეტიციაა, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობას" ერთი რამ არ ესმის - შესაძლოა, "ქართული ოცნების" რეიტინგი დაეცა, მაგრამ "ნაცმოძრაობა" კვლავაც სრულიად მიუღებელია...

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: "ეკლესიის დისკრედიტაციის ნებისმიერი მცდელობა ძალიან სახიფათოა"