"ყველა მხარეს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, დაამტკიცოს თავისი სიმართლე" - პრეზიდენტი პატრიარქს შეხვდა - კვირის პალიტრა

"ყველა მხარეს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, დაამტკიცოს თავისი სიმართლე" - პრეზიდენტი პატრიარქს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს საპატრიარქოში შეხვდა.

პრეზიდენტი საპატრიარქოში სხვადასხვა იერარქიის სასულიერო პირების მონაწილეობით მიმდინარე შეხვედრას დაახლოებით ერთ საათზე მეტხანს ესწრებოდა.

“პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ ყველას გაგიზიაროთ სიხარული, რომ პატრიარქი დაბრუნდა საქართველოში. თავს გრძნობს მხნედ, ჯანმრთელად. დღეს მე დავესწარი პატრიარქთან ერთად მეუფეებთან შეხვედრას, დავესწარი ძალიან ღია და საინტერესო დისკუსიას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეკლესიასთან ვითარებაში ვითარდება. მინდა გითხრათ შემდეგი: პატრიარქი ხელმძღვანელობს ამ მეტად მნიშვნელოვან შეკრებას, პატრიარქი და მეუფეები ძალიან ღიად საუბრობენ არსებული სირთულეების შესახებ, არის თათბირი, სადაც ყველას აქვს განსხვავებული აზრის და დისკუსიის შესაძლებლობა. ასეთი ღიაობა, დემოკრატიულობა დასანახია, თავისთავად კარგი დასანახია, კარგი იქნებოდა, პოლიტიკოსებიც ასე საუბრობდნენ. ჩვენ ვისაუბრეთ არსებული სირთულეების თაობაზე. ჩემი აზრით, ამ საუბრის შეჯამება მდგომარეობს შემდეგში: ჩვენ უნდა მივცეთ ყველა მხარეს შესაძლებლობა, დაამტკიცოს თავისი სიმართლე, ან თავისი ვერსიის სიმართლე, ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სამართალდამცველ სტრუქტურებს, აკეთონ თავისი საქმე, პოლიტიკური ჩარევების გარეშე”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად არის პატრიარქი ინფორმირებული საპატრიარქოსთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პატრიარქი ჩართულია ყველა რთული საკითხის განხილვაში.

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე დასმულ შეკითხვას პრეზიდენტმა ასე უპასუხა: "დღეს შეჯიბრობითობის პრინციპი და უდანაშაულობის პრეზუმფცია დარღვეულია საქართველოში - მამა გიორგის და მის ადვოკატებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა თავისი სიმართლე გააცნონ საზოგადოებას, რადგან ჩვენ ყველანი ამაზე ვსაუბრობთ".

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით