ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში მივიდა - კვირის პალიტრა

ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში მივიდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში მივიდა. ილია მეორე ტაძარში შენდობის წესს აღავლენს. შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას.

დღეს შენდობის დღეა. შენდობის კვირას, ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება.

კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება. ამის შემდეგ, ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს. წელს დიდმარხვა 27 თებერვალს დაიწყება და 16 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.