"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება"- ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შემოღების პროცესში ბოლო ნაბიჯი გადაიდგა - კვირის პალიტრა

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება"- ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შემოღების პროცესში ბოლო ნაბიჯი გადაიდგა

ევროკავშირის საბჭომ საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ ახალი რეგულაცია მიიღო.

ახლა ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა ხელი უნდა მოაწერონ მიღებულ რეგულაციას. ტექსტი შემდგომ გამოქვეყნებული იქნება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და ძალაში შევა გამოქვეყნებიდან 20 დღეში. მიღებული რეგულაცია ცვლის 539/2001 რეგულაციას და საქართველო გადაჰყავს „დანართი II“-ით განსაზღვრული ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ.

საქართველოსთვის ეს სასიხარულო ამბავი იყო ერთ-ერთი თემა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარის, დიმიტრის ავრამოპულოსის ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

”მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო შეინარჩუნებს პროგრესის დონეს და ის კვლავ წარმატებებს მიაღწევს და გააგრძელებს იგივე პასუხისმგებლობით, რომ შესრულდეს დაკისრებული მოვალეობები. უვიზო მიმოსვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მთელი რიგი რეფორმები იქნება სარგებლის მომტანი თქვენი ქვეყნისთვის.

საქართველო გახლავთ შესანიშნავი მაგალითი პროგრესისა და რეფორმების. ეს გახლავთ წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ევროკავშირის პერსპექტივების კუთხით. ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება, რომ მიესალმოს საქართველოს მოქალაქეებს, მალე უკვე როგორც ტურისტებს, მეგობრებს და ოჯახებს რათა გაზიარებული იყოს კულტურული თუ სპორტული, ბიზნეს და სასწავლო ღონისძიებები. იყო ევროკავშირის წევრი - ეს ნიშნავს რომ იყო ნაწილი მშვიდობის, ტოლერანტობის, სტაბილურობის, პროგრესის, და კეთილდღეობის. საქართველო უკვე დღეს მნიშვნელოვან გზავნილს უგზავნის ევროპას. გილოცავთ და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება", - განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა.

მისი თქმით, დღეს არის საქართველოს ისტორიაში დღე, როდესაც ევროკავშირი და საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა ერთმანეთს.

”მე ვიცი, რომ დიდი ხანია ელოდებით ამ ამაღელვებელ მომენტს. ძალიან მალე ჩვენ უკვე ფორმალურად დავასრულებთ დარჩენილ პროცედურებს და ადმინისტრაციულ ნაბიჯებს. იმედი მაქვს, რომ მალე - თვის ბოლოს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტებს, შეძლებენ უვიზო მიმოსვლას შენგენის ქვეყნებში. აღარ იქნება საჭირო ვიზიტები კონსულებთან მოკლევადიანი ვიზიტის შემთხვევაში. შეგიძლიათ ამ უდიდესი მიღწევით იამაყოთ ქართველებმა. ეს გახლავთ ერთობლივი ძალისხმევა ქართული საზოგადოების და საქართველოს ხელისუფლების, რომელზე მუშაობაც დაიწყო 2012 წელს".

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ყველა მოქალაქეს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შემოღების პროცესში ბოლო ნაბიჯის გადადგმა მიულოცა.

"ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ დღეს ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს. ეს არის საბოლოო ნაბიჯი გადაწყვეტილების მიღების მომენტში. ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. საგულისხმოა, რომ ევროკავშირის სამივე ინსტიტუტმა უკვე საბოლოო თანხმობა გამოხატა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. 1-ელ მარტს განახლებულ რეგულაციას ხელი მოეწერება და რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში, გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ მოკლევადიანი ვიზიტით მოგზაურობას ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში”.

პრემიერის თქმით, ხელისუფლება ახორციელებს მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს, შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად.

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ხელშესახები კონკრეტული სარგებლის მომტანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩვენს საზოგადოებებს შორის მჭიდრო ტურისტული, საგანმანათლებლო-კულტურული და ბიზნეს-ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს და წვლილს შეიტანს საქართველოში ევროპული ფასეულობებისა და იდეების დამკვიდრებასა და განმტკიცებაში. მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. საქართველოს ხელისუფლება სრულად აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას უკავშირდება. ჩვენ ვახორციელებთ მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად, მათ შორის ფართომასშტაბიან ინტენსიურ საინფორმაციო კამპანიას უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ”, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მოლოდინია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე განსაკუთარებული პასუხისმგებლობით მოეკიდება საკუთარ ვალდებულებებს და ზედმიწევნით დაიცავს უვიზო მიმოსვლის პირობებს.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით