"საქართველოდან 80% არალეგალური საქმიანობისთვის ჩამოდის" - კვირის პალიტრა

"საქართველოდან 80% არალეგალური საქმიანობისთვის ჩამოდის"

ოცდაექვსსაუკუნოვანი მეგობრობისა და სამწლიანი უვიზო რეჟიმის ფონზე, ისრაელის საზღვრიდან უკან მობრუნებული ქართველი მგზავრების მონაყოლმა შეურაცხმყოფელი მოპყრობის შესახებ, ფართო რეზონანსი გამოიწვია. იმის გასარკვევად, რატომ იმატა დეპორტირებულ ქართველთა რაოდენობამ, "კვირის პალიტრა" საქართველოში ისრაელის ელჩს ესაუბრა. საქართველოდან 21 წლის ასაკში წასული შაბთაი ცური (იგივე შოთა ცოციაშვილი) ჩვენთან ელჩად უკვე მეორედ ბრუნდება - 32-წლიანი სახელმწიფო სამსახურის სტაჟის მქონე დიპლომატი 2005-2008 წლებშიც იყო ისრაელის ელჩი საქართველოში.

- პირველ რიგში, მინდა გარკვეული სტატისტიკა გაგაცნოთ.  2015 წელს საქართველოს 70000 ებრაელი ტურისტი ეწვია, 2016 წელს კი მათი რაოდენობა 100000-მდე გაიზარდა. ასევე, საქართველოდან შარშან 13000 ტურისტზე მეტი მივიღეთ და მათი რაოდენობა თანდათან იმატებს. თუმცა, არსებობს პრობლემებიც - ჩამოსულთა დიდი ნაწილი ტურისტული ვიზიტის ნაცვლად აქ სამუშაოდ რჩება, ან კიდევ თავშესაფარს თხოულობს. 2016 წელს, როდესაც სტატისტიკას გავეცანით, საგონებელში ჩავვარდით - ფაქტიურად გამოდიოდა, რომ 80 პროცენტი საქართველოდან ჩამოსულებისა არალეგალურად რჩებოდა აქ. პირდაპირ გეტყვით, ეს ჩვენთვის მიუღებელია - ისრაელში კანონს ზემოთ არავინ დგას - არც პრეზიდენტი, არც პრემიერი, არავინ. და ეს რა თქმა უნდა, ქართველ ტურისტებსაც ეხება.

- უნდა ველოდოთ თუ არა საზღვარზე მომხდარი ინციდენტების გამოძიებას? სასაზღვრო პუნქტი მუდმივი ვიდეოდაკვირვების ქვეშაა, შესაბამისად, წესით პრობლემა არ უნდა იყოს ჩანაწერების მოძიება...

- თითოეულ კონკრეტულ შემთხვევას განვიხილავთ და ეს მოხდება ორი ქვეყნის საგარეო სტრუქტურების დონეზე. ყველა ღონეს ვიღონებთ, რომ მსგავსი ინციდენტების რაოდენობა შევამციროთ. მე ხელაღებით ვერაფერს ვუარყოფ, შესაძლოა ვინმემ დაუშვა კიდეც შეცდომა საზღვარზე. მაგრამ, როდესაც ჩამოსული მოგზაურების 100 პროცენტიდან 80 არალეგალური საქმიანობით კავდება, ჩვენი მხრიდანაც მოსალოდნელია 1 ან 2 პროცენტი შეცდომები. არავის და არაფერს ვამართლებ, მაგრამ მსგავსი შემთხვევები მთელ მსოფლიოში ხდება...

- ახლახანს ისრაელმა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. რა ცვლილებებს მოიტანს ეს ორი სახელმწიფოს ურთიერთობაში?

- პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ისრაელში ვფიქრობთ, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და იქ არავის დევნიან და ემუქრებიან. შესაბამისად, თავშესაფრის მთხოვნელთა დიდი ნაწილი, რომლებიც მანამდე ამ ყველაფერს უბრალოდ ისრაელში დასარჩენად იყენებდა, ამ მეთოდს ვეღარ მიმართავს. ეს დაგვეხმარება არალეგალურად დამრჩენთა პრობლემის მოგვარებაშიც.

- ასევე ვრცელდება მოსაზრებები, რომ ისრაელმა შესაძლოა, უვიზო მიმოსვლა შეაჩეროს...

- პირიქით, უვიზო მიმოსვლა უფრო ინტენსიური გახდება - 2017 წელს ორმხრივი ფრენების რაოდენობა 100-მდე გაიზრდება. გადაჭედილი იქნება ფრენები - რაც იმასაც ნიშნავს, რომ ისინი, ვინც არალეგალური საქმიანობისთვის გეგმავს ისრაელში ჩასვლას, კარგად უნდა დაფიქრდნენ: თუ ახლა რამდენიმე საათი უწევთ ლოდინი, შემდეგ შესაძლოა მთელი დღეები მოუწიოთ. მაგრამ მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რას აცხადებენ რიგი ადამიანები, უვიზო რეჟიმს საქართველოსა და ისრაელს შორის არაფერი ემუქრება. ისევე როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებს.

ვაჟა თავბერიძე