"ზოგს შეგრცხვებათ, ზოგი ბოდიშს მომიხდით" - "ნაცმოძრაობამ" ირაკლი ჩხვირკია პარტიიდან გარიცხა - კვირის პალიტრა

"ზოგს შეგრცხვებათ, ზოგი ბოდიშს მომიხდით" - "ნაცმოძრაობამ" ირაკლი ჩხვირკია პარტიიდან გარიცხა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო ირაკლი ჩხვირკია პარტიიდან გარიცხა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, ირაკლი ჩხირკვიას მიერ ბათუმის მოვლენებისას გაკეთებული განცხადებები პარტიასთან შეთანხმებული არ ყოფილა.

"ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პარტიასთან შეუთანხმებლად ირაკლი ჩხვირკიას მიერ გაკეთდა არაერთი განცხადება და ქმედება, რომელიც ახლაც გრძელდება და რომელიც არ გამოხატავდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოზიციას. მეტიც, მისი ქმედებები ენმ-ის პოზიციის საწინააღმდეგო იყო. ამ დროისთვის ირაკლი ჩხირკვია პარტიიდან გარიცხულია“, - ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის განცხადებაში.

ირაკლი ჩხვირკია ერთ-ერთი იყო, რომელიც ბათუმში მიმდინარე აქციის დროს ქალაქში ჩავიდა და მომიტინგეებს სოლიდარობა გამოუცხადა, საზოგადოებასაც სოლიდარობისკენ მოუწოდა. ასევე მისი მხრიდან გაჟღერებული იყო მთავრობის გადადგომისა და აქციის ორგანიზატორთა ხელშეუხებლობის მოთხოვნა. ირაკლი ჩხვირკიას მიერ გაკეთებული განცხადებები ერთ-ერთია, რის გამოც ხელისუფლების წარმომადგენლები „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოებისადმი აქციის სოლიდარობისკენ მოწოდებაში ადანაშაულებენ.

ირაკლი ჩხვირკია სოციალურ ქსელში უკვე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას.

„ვადასტურებ, რომ გამრიცხეს, მაგრამ ალბათ, უფრო გამემიჯნენ, რადგან არასოდეს ვყოფილვარ პარტიის ოფიციალური წევრი და არც რაიმე პარტიული თანამდებობა მქონია! გამრიცხეს მხარდამჭერთა რიგებიდან...

დრო ყველა კითხვას გასცემს პასუხს და ყველაფერს თავის ადგილას დააყენებს!

ნუ ღელავთ, ჩემო მეგობრებო, ნუ ღელავთ! ის, რომ ამდენი წლის პოლიტიკური აქტიურობის მიუხედავად არსად არასდროს არ მეჭირა არავითარი პარტიული თანამდებობა, ნიშნავს იმას, რომ არსებობს ბევრად მეტი მიზანი და ბევრად უმთავრესი იდეა, ვიდრე რაიმე სახის თანამდებობა შეიძლება იყოს! - იდეა ერთია და მას ჰქვია " ერთიანი, ძლიერი და განვითარებული საქართველო" და ამ იდეის განხორციელებას შევეწირები, სადაც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა ვიყო!

ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ! ზოგს შეგრცხვებათ, ზოგი ბოდიშს მომიხდით, მაგრამ მე არაფერს მოვითხოვ თქვენგან“, - აღნიშნავს ჩხვირკია.

"ინტერპრესნიუსი"