"რუსთავი 2"-ის სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს ვურჩევდი, ყურადღებით იყოს, რადგან ხალვაშის წართმეულ ქონებას თვითაალების მიდრეკილება აქვს" - კვირის პალიტრა

"რუსთავი 2"-ის სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს ვურჩევდი, ყურადღებით იყოს, რადგან ხალვაშის წართმეულ ქონებას თვითაალების მიდრეკილება აქვს"

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

უსუფაშვილის თქმით, მას სურს, დაზღვეული ვიყოთ სერიოზული გართულებებისგან, ეს იქნება მთავრობის უგუნურება თუ რაღაც მსგავსი ტიპის მოვლენები.

"ამ საკითხთან დაკავშირებით ყველასთვის ყველაფერი ნათელი გახდა. ევროპისთვისაც ნათელი გახდა, რომ საკუთრებასთან დაკავშირებით "რუსთავი 2"-თან მიმართებაში ყველაფერი წესრიგში არ არის. ბევრი წელია ვსაუბრობთ ამ თემაზე. რამდენიმე წელი მგონი ოფშორული მესაკუთრეც ჰყავდა "რუსთავი 2"-ს და საერთოდ არ ვიცოდით, ვინ იყო მისი მეპატრონე. აქ რომ პრობლემებია დიდი ხანია ვიცით, მაგრამ ისიც ვიცით, რომ მიმდინარე დავა, სამწუხაროდ, უფრო მეტად უკავშირდება ოპოზიციურ მედიას, ერთი პარტიის კონტროლის ქვეშ მყოფი მედიის წინააღმდეგ ბრძოლას, ვიდრე საკუთრების საკითხებს. ამასთანავე, ეს თემა ძალიან ფეთქებადსაშიში გახდა. თუ ვინმე ხელისუფლებაში იფიქრებს სტრასბურგის გადაწყვეტილების შემოვლითი გზით იგნორირებას, ეს იქნება კიდევ უფრო დიდი პრობლემების დასაწყისი. ზოგადად, თქვენს სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს ვურჩევდი, განსაკუთრებით ყურადღებით იყოს, რადგან გვახსოვს, რომ ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებულ ქონებრივ დავებს, მის ქონებას თუ მისთვის წართმეულ ქონებას თვითაალების მიდრეკილება აქვთ ხოლმე", - მიმართა უსუფაშვილმა „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს.

"ინტერპრესნიუსი"