"ღოღობერიძეს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა, ვინ ვის ეძახდა თათარს... რაც იმას ნიშნავს, რომ მას კარგად იყენებს სპეცსამსახური" - კვირის პალიტრა

"ღოღობერიძეს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა, ვინ ვის ეძახდა თათარს... რაც იმას ნიშნავს, რომ მას კარგად იყენებს სპეცსამსახური"

არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი, მერაბ ღოღობერიძე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე დაიბარეს. საქმე შეეხება ბათუმში განვითარებულ მოვლენებს, რომელის ორგანიზებასთან შესაძლოა დაკავშირებული იყოს ღოღობერიძე, რომელიც აქციამდე სოციალური ქსელით ინტენსიურად ავრცელებდა ინფორმაციას, რომ აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი კახა ბუხრაძე აჭარლებს ქსენოფობიურად მოიხსენიებდა.

ამ საკითხზე ბუხრაძემ პირველი კომენტარი "ინტერპრესნიუსთან" გააკეთა:

ბუხრაძე "ცილისწამებას" უწოდებს ბრალდებას, თითქოს მან აჭარის რეგიონის მცხოვრებლებს "თათრები" უწოდა:

"საერთოდ ვერ წამომიდგენია, როგორ უნდა მოუვიდეს ადამიანს თავში მსგავსი აზრი. შესაბამისად, ამაზე საერთოდ არ უნდა ვაკეთებდე ახლა კომენტარს და რაღაცნაირად თითქოს თავს ვიმართლებდე. ესაა ცილისმწამებლური განცხადება და გამეორებაც არ მინდა იმ ფრაზის, რაც ითქვა. ვინც მე მიცნობს, წამითაც არ დაუშვებს იმას, რომ შეიძლებოდა მსგავსი რამ მეთქვა ან გამეფიქრებინა. ამის მოგონება და მერე ამაზე აპელირება, ეს არის ღალატი. სამარცხვინო იყო ამის დაბრალება ჩემთვის". (იხილეთ სრულად)

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ერთ-ერთ ერთი პირველი იყო, ვინც ეჭვი გამოთქვა, რომ ბათუმში განვითარებული მოვლენები მართული პროცესი იყო. მან ყურადღება სწორედ  არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელის, მერაბ ღოღობერიძის ბოლოდროინდელ განცხადებებზე გაამახვილა.

ხათუნა სამნიძე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე:

- 90-იანი წლებიდან მოყოლებული, გვესმის, ვინ იყენებს და როგორ იყენებს დაპირისპირებისთვის ისეთ ტერმინებს, როგორიცაა:"თათრებს გვეძახიან", "არა - აჭარელ ხელმძღვანელს", "აჭარა აჭარლებისაა" და ა.შ. იმის მაგივრად, რომ მყისიერად მომხდარიყო ხელისუფლების რეაგირება, ვერ დავინახეთ ვერანაირი რეაქცია; პირიქით, მან მიუშვა აქცია, რათა ესკალაციაში გადაზრდილიყო. ეს იყო მართული, წინასწარ დაგეგმილი პროცესი, რომელიც ვეღარ მართეს და ის ძალადობაში გადაიზარდა.

გამოსაძიებელია, ვინ დაარღვია კანონი - მოქალაქემ, თუ პატრულმა გადაამეტა უფლებამოსილებას. მობილიზება ასეთი განცხადებებითა და შეძახილებით, რომლებიც მოვისმინეთ, ასე სპონტანურად არ ხდება ხოლმე. ამ პროცესში კარგად გამოჩნდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, რომლებიც ეცადნენ ამ აქციის სათავისოდ გამოყენებას, მონაწილეების პროვოკაციაზე წამოგებას.

- ვის გულისხმობთ?

- ორი თვის წინ დაინიშნა საპატრულოს უფროსი, რომელთანაც არ მომხდარა არანაირი კომუნიკაცია. მის მიმართ გამოითქვა ბევრი უკმაყოფილება და შემდეგ უკვე დაანონსდა აქცია ადამიანისგან, რომელიც დაახლოებულია სპეცსამსახურთან.

მერაბ ღოღობერიძე ხან ვარშალომიძეს ესვრის ფეხსაცმელს, ხან რესპუბლიკელ საკრებულოს თავმჯდომარეს უვარდება კაბინეტში.

ამ ადამიანმა დააანონსა ის განცხადებები, რომლებიც შემდეგ მოვისმინეთ აქციაზე. ღოღობერიძეს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა, ვინ ვის ეძახდა თათარს, გადმოცემით ნათქვამს იმეორებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას კარგად იყენებს სპეცსამსახური. სპეცსამსახურების ინტერესში იყო მისი ინსპირირება, მაგრამ მოგვიანებით ვეღარ მართეს პროცესი და იმის ნაცვლად, რომ მყისიერად ჩართულიყვნენ მოვლენებში, აქცია მიუშვეს დაპირისპირებამდე, "ნაციონალებმა" კი ეს დაპირისპირება სათავისოდ გამოიყენეს. მეორე მხრივ, ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ეს ყველაფერი "ნაციონალების" მცდელობაა. ორივე ძალა ერთმანეთს ისევ ისე იყენებს, როგორც წლების განმავლობაში. (იხილეთ სრულად)