"რუსეთს აწყობს, რომ თურქეთი ევროპას აშანტაჟებდეს" - რუსულ-თურქული მეგობრობა და საფრთხეები საქართველოსთვის - კვირის პალიტრა

"რუსეთს აწყობს, რომ თურქეთი ევროპას აშანტაჟებდეს" - რუსულ-თურქული მეგობრობა და საფრთხეები საქართველოსთვის

"საქართველო და სამხრეთ კავკასია ის თემაა, რომელზეც თურქეთი და რუსეთი ვერასდროს მოილაპარაკებენ, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს პატარა, მინიმალური მაგრამ მაინც შანსი, ამ წინააღმდეგობაზე მუდმივად თამაშის, მაგრამ ამას სჭირდება პოლიტიკური ნიჭი და მოხერხება"

"ევროპა, გთხოვ, ცხვირს ნუ ყოფ თურქეთის შიდა საქმეებში და პოლიტიკაში" - ასე მიმართა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა ევროპას და გააფრთხილა...

ბოლო დღეებში ევროპის ქვეყნებსა და თურქეთს შორის სიტუაცია დაიძაბა. გასულ კვირას გერმანიაში თურქ მინისტრებს თურქულ დიასპორასთან შეხვედრების ჩატარება აუკრძალეს. აღნიშნული შეხვედრები უკავშირდება 16 აპრილს ჩასატარებელ რეფერენდუმს, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება იგეგმება.

11 მარტს ნიდერლანდების ხელისუფლებამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს როტერდამში შესვლის ნებართვა გაუუქმა, ხოლო შემდგომ თურქეთის ოჯახის საქმეების მინისტრს საშუალება არ მისცა როტერდამში თურქეთის საკონსულოს შენობაში შესულიყო.

ამის ფონზე კი, ერდოღანსა და პუტინს შორის "თბილი" დიალოგი გაიმართა. თუ უცხოურ მედიას დავუჯერებთ, თურქეთი ცდილობს საკუთარი მოთხოვნების შესრულებას ევროპის შანტაჟის ფონზე, რუსეთს კი ეს ძალიანაც აწყობს.

რამ განაპირობა ერდოღანის ასეთი ხისტი პოლიტიკა ევროპის მიმართ და როდემდე გაგრძელდება რუსეთ-თურქეთს შორის "დამთბარი" ურთიერთობა, ექსპერტ მამუკა არეშიძეს ვესაუბრეთ.

- თურქულ მხარეს რომ მოუსმინო, ეს განპირობებულია იმით, რომ ევროპა თურქეთს როგორც პარტნიორს, პატივს არ სცემს. თურქეთი ათწლეულებია ევროკავშირში გაწევრებას ელის, თუმცა ამ პროცესს დასასრული არ  უჩანს. ბოლო ხანს ერდოღანმა გადაწყვიტა, ევროპასთან სხვა ენაზე ლაპარაკი. მას აღარ უნდა მთხოვნელის პოზიციაში ყოფნა და ცდილობს იყოს აგრესიული, მითუმეტეს, რომ ბოლო დროს სერიოზული არგუმენტი აქვს ხელში. ეს არგუმენტია ლტოლვილები. ერთხელ ამ არგუმენტის ამუშავება უკვე მოახერხა, როდესაც ევროპის ტერიტორიისკენ კარი გაუღო მილიონამდე დევნილს. დღეს თურქეთის ტერიტორიაზე, ბანაკებში დაახლოებით 2 მილიონი ლტოლვილი ცხოვრობს და ერდოღანი მუდმივად ემუქრება ევროპას, რომ ამ 2 მილიონსაც ევროპისკენ გაუშვებს. უნდა ითქვას, რომ ევროპა, კონკრეტულად კი გერმანია რამდენიმე მილიარდ ევროს უხდის თურქეთს იმაში, რომ დევნილებს თავის ტერიტორიაზე მიხედოს.

ჯერჯერობით ერდოღანი ამ დახმარებას იღებს, თუმცა ამბობს, რომ ამ თანხაზე უარს იტყვის და დევნილებს ევროპაში გაუშვებს. ასეთი შანტაჟის ფორმა აქვს მის პოზიციას ევროპის მიმართ, რაც დიდწილად განპირობებულია ევროპის შეუსრულებელი დაპირებებით.

- ევროპასთან დაძაბულობას წინ უძღოდა პუტინის და ერდოღანის შეხვედრა, თუ მათ შორის ეს "დამთბარი" ურთიერთობა გაგრძელდა, რა საფრთხე იქნება საქართველოსთვის?

- რუსეთის და თურქეთის ურთიერთობა ძალიან კი დათბა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ახალი პროექტების ამუშავება დაანონსეს, ჩემი აზრით, ეს არ არის ხანგრძლივი პერსპექტივის თემა, იმიტომ, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის იმდენი ისტორიული და დღევანდელი წინააღმდეგობა არსებობს, რომ გამორიცხულია ამ ორმა ქვეყანამ ხანგრძლივი პერსპექტივის თვალსაზრისით სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატი შექმნას.

რუსეთს აწყობს, რომ თურქეთი ევროპას აშანტაჟებდეს. როცა ვლაპარაკობთ ევროპაზე, ლაპარაკია ძირითადად  გერმანიაზე, რომლის პოზიციაც დიდ წილად განსაზღვრავს ევროკავშირის პოლიტიკას მას შემდეგ, რაც ბრიტანეთი გამოეთიშა ამ სიტუაციას, საფრანგეთს კი თავი გაჭირვებია, ასე, რომ გერმანიაზე ზეწოლის ძალიან კარგი იარაღია თურქეთი, მიუხედავად იმისა, რომ 5 მილიონამდე თურქი მიგრანტი ცხოვრობს გერმანიაში.

საქართველო და სამხრეთ კავკასია ის თემაა, რომელზეც თურქეთი და რუსეთი ვერასდროს მოილაპარაკებენ, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს პატარა, მინიმალური მაგრამ მაინც შანსი, ამ წინააღმდეგობაზე მუდმივად თამაშის, მაგრამ ამას სჭირდება პოლიტიკური ნიჭი და მოხერხება.

- მაშინ, როდესაც ნატო აპირებს შავ ზღვაში თავდაცვის სისტემების განლაგებას, სადაც დიდია თურქეთის როლიც, ამ უკანასკნელს კი ევროპასთან არ აქვს კარგი ურთიერთობა, ხომ არ უქმნის ეს სიტუაცია საფრთხეს ამ გეგმებს?

- სწორედ ეს არის პარადოქსალური, თურქეთი ჰოლანდიელებს და გერმანელებს ხან რას ეძახის, ხან - რას, მაგრამ ერთხელაც არ დასცდენია ერდოღანს, რომ ის ნატო-დან გასვლას აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ აჯანყების დღეებში ამ თემაზე ისმოდა ლაპარაკი, მაგრამ არა თურქეთის უმაღლესი პირების მხრიდან.

თურქეთი ნატო-დან გასვლას არ აპირებს, ნატო-ს წევრ ქვეყანას კი, თავისი ვალდებულებები აქვს, ამ ვალდებულებებში ერთ-ერთი პრიორიტეტი რუსეთის აგრესიის შეჩერებაა, თურქეთი ამ ვალდებულებებს ასრულებს.

ერდოღანი და პუტინი რაც არ უნდა ეფერონ ერთმანეთს, არის საკვანძო საკითხები, რაზეც ვერ თანხმდებიან, მაგალითად, ქურთების საკითხი, ამიტომ მათ შორის წინააღმდეგობები რჩება. თურქეთმა ნატო-დან გასვლა რომ მოინდომოს, მაშინ უკვე შეიძლება სერიოზულ ახალ გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე ვილაპარაკოთ.

ამ შემთხვევაში საქართველოს აქტიური რეგიონალური პოლიტიკა მართებს და უნდა ჰქონდეს ინიციატივების პაკეტი, რომელიც საინტერესო გახდება როგორც რეგიონის, ისე მსოფლიოს მასშტაბით. მართალია პატარა ქვეყანაა და დიდ პოლიტიკურ ამბავს ვერ შექმნის, მაგრამ შანსი იმისა, რომ მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე იაქტიუროს, აქვს და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)