"ისევ კლანების მონაცვლეობასთან გვაქვს საქმე" - რას შეცვლის დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებაში ანქვაბის დაბრუნება? - კვირის პალიტრა

"ისევ კლანების მონაცვლეობასთან გვაქვს საქმე" - რას შეცვლის დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებაში ანქვაბის დაბრუნება?

"საკმარისია ამდენი ნარკომანია, კორუფცია, კრიმინალური გარჩევები..."

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე გამოცხადდა დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები, რომელსაც არაკანონიერად მიიჩნევს, როგორც ოფიციალური თბილისი, ასევე მთელი საერთაშორისო საზოგადოება. გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, ე.წ. საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, თანამოაზრეებთან ერთად, ყოფილმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ანქვაბმა გაიმარჯვა, რომელიც რუსეთის პოლიტიკის მიმართ გარკვეული წინააღმდეგობრივი პოზიციით გამოირჩევა.

ექსპერტთა თქმით, მიღებულმა შედეგმა შესაძლოა მნიშვნელოვნად გაართულოს ურთიერთობა აფხაზეთის პოლიტიკურ ელიტებს შორის. საინტერესოა ერთი საკითხიც, რუსეთისა და აფხაზეთის წყაროების მტკიცებით, არაღიარებული რესპუბლიკებისა და რუსეთის გარდა, აფხაზეთში ე.წ. არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდნენ ბელორუსი პარლამენტარები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური მინსკი ამას კატეგორიულად უარყოფს.

შეგახსენებთ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები 12 მარტს ჩატარდა. გამარჯვებული კანდიდატები, მხოლოდ 12 ოლქში გამოვლინდნენ, 22 ოლქში კი მეორე ტური 26 მარტს გაიმართება... ბევრისთვის მოულოდნელი გამოდგა აფხაზების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დე ფაქტო ხელისუფლებაში ანქვაბი ბრუნდება, შეგახსენებთ, მას ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შედეგად მოუწია. ის ამ პროცესებიდან მოყოლებული მოსკოვში ცხოვრობდა და სოხუმში თებერვლის ბოლოს დაბრუნდა. იმჟამად ფიქრობდნენ, რომ მას აფხაზეთში შესვლისთანავე დააკავებდნენ, თუმცა ანქვაბი აფხაზეთის აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში უკვე დეპუტატის სახით ბრუნდება.

12 მარტის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულთა შორის არიან, ასევე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ბათალ ტაბაღუა და ამჟამინდელი ე.წ. დეპუტატი ალმას ჯაპუა.

არჩევნებში დამარცხდა პარტია "ერთიანი აფხაზეთის" თავმჯდომარე სერგეი შამბა.

აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას პოლიტიკური კლანის მიმართ უკმაყოფილებამ ბოლო დროს განსაკუთრებულად იმატა, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მან ვერც ერთი "ეროვნული პროექტის" განხორციელება ვერ შეძლო; მისი "პრეზიდენტობის" დროს, განადგურდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი (პოლონური სასაფლაო და სალოცავი წებელდაში, სოხუმში თურქული აბანოები). მიუხედავად, იმისა, რომ ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს, ხაჯიმბას რეიტინგის დაცემის ერთ-ერთი მიზეზი, ენგურის ხიდზე არსებული გადასასვლელების გაუქმებაც გახდა. ამ გადაწყვეტილების მიღებას, რომლის შედეგადაც ასობით ადამიანი, შემოსავლისა და ჯანმრთელობის დაცვის გარეშე დარჩა, ხაჯიმბა რუსულ მხარეს უპირობოდ დათანხმდა.

ანქვაბს, რომელსაც აფხაზეთში "ქართულ არასამთავრობოებთან" დამეგობრებულ პოლიტიკოსად იცნობდნენ, სოხუმში დაბრუნებისთანავე შეუტიეს. ძალიან აქტიურობდნენ 90-იანი წლების ომის ვეტერანები, რომლებმაც მას "სახელმწიფო ღალატში" დასდეს ბრალი და 1992 წლის მოვლენების გამოძიება მოითხოვეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მას მომხრე უფრო მეტი აღმოაჩნდა.

აფხაზი და რუსი ანალიტიკოსები გადაჭრით ამბობენ, რომ ამ არჩევნებით, საქართველოსთვის არაფერი შეიცვლება, რადგან როგორც ხაჯიმბას, ისევე ანქვაბის უკან რუსული ძალები დგანან და აფხაზეთში გავლენებისთვის იბრძვნიან. რაც შეეხება, ანქვაბის გამარჯვებას, ის ამას მოწინააღმდეგების პოზიციის შესასუსტებლად გამოიყენებს. ის, რომ ალექსანდრე ანქვაბს ქართველი მეუღლე ჰყავს და ქართულად ლაპარაკობს, სულაც არ ნიშნავს, რომ ქართველებთან ლოიალურ პოლიტიკაზე დაიწყებს ზრუნვას. მის ყველა ნაბიჯს ახლა გამადიდებელი შუშით აკვირდებიან და ზედმეტი თავის ტკივილი არაფერში სჭირდება. ჯერჯერობით აფხაზეთში პროქართული ძალა არ არსებობს.

აფხაზები, ე.წ. არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურებიან:

ბესიკ ჩამბა:

- არ მჯერა, რომ ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლის შემდეგ, ქვეყანაში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება... ახალი პოლიტიკური ძალა უნდა მოვიდეს და რეალური რეფორმები უნდა განახორციელოს. ისევ კლანების მონაცვლეობასთან გვაქვს საქმე. "ხაჯიბისტები და "ანქვაბისტები" ისევ განაგრძობენ შუღლს და ჩვენ ისევ მაყურებლის პოზიციაში აღმოვჩნდებით.

თეიმურაზ სუხუმსკი:

- ვინ უნდა შექმნას ახალი პოლიტიკური ძალა, ახალგაზრდები ნარკოტიკებს იქით ვერაფერს ხედავენ... ვისი იმედიც გვქონდა და გვეგონა, რომ ღირსეული აფხაზი იყო, კავკასიური თვისებებით, ბატონ აგრბას ვგულისხმობ, ნარკოტიკების მოხმარებაში ამხილეს... მან რა მაგალითი უნდა მისცეს საზოგადოების სხვა წევრებს?! მოკლედ, ვიდრე ძმებ კავკასიელებთან უფრო ახლო ურთიერთობებზე არ დავფიქრდებით, საშველი არ იქნება...

მადონა კვარცია:

- მაინც კარგია, რომ ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ვიღაცეები ელოდნენ. ხალხის პოზიციამ გაიმარჯვა. დიახ, ხაჯიმბასგან განსხვავებით, ანქვაბი როგორღაც ახერხებდა ჩვენი პოზიციების გატანას და ლავირებას. იმედი მაქვს, როგორღაც იპოვის ძალას და რესურსს, რომ ქვეყანა ამ ჭაობიდან ამოიყვანოს. საკმარისია ამდენი ნარკომანია, კორუფცია, კრიმინალური გარჩევები...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)