"უნდა დაეწვათ ავტომობილები, შტურმი მიეტანათ პოლიციის შენობებზე... სააკაშვილი ბათუმში მომხდარის მსგავს არეულობას გეგმავდა" - კვირის პალიტრა

"უნდა დაეწვათ ავტომობილები, შტურმი მიეტანათ პოლიციის შენობებზე... სააკაშვილი ბათუმში მომხდარის მსგავს არეულობას გეგმავდა"

"ყველამ ძალიან კარგად იცის "ნაციონალური მოძრაობა" რაზეა წამსვლელი, ისინი ძალადობაზე და სისხლისღვრაზე უარს არ იტყვიან"

გასულ კვირას ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქცია, მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა. შედეგად დაშავდნენ ადამიანები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, დაიწვა მანქანები, მათ შორის პოლიციის... ხელისუფლებას აგრესიული პროტესტანტების დასაშლელად სპეცრაზმის გამოყვანა დასჭირდა.

2016 წლის სექტემბერში, საპარლამენტო არჩევნების წინ მსგავსი სცენარით მოვლენების განვითარებაზე საუბრობდა "თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრი ბესო კალაძე, რომელიც ამბობდა, რომ ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო 8 ოქტომბრიდან, არჩევნების მეორე დღიდან. ჩვენ დავუკავშირდით ბესოს კალანდაძეს და ვკითხეთ, რამდენად შეიძლება იყოს ბათუმში მომხდარი მოვლენები, სწორედ იმ სცენარის ნაწილი, რაზეც ის სექტებერში ლაპარაკობდა...

ბესო კალანდაძე:

- მოგეხსენებათ, "თავისუფალი ზონის" ერთ-ერთი ლიდერი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გახლდით და ამ პარტიის საპარლამენტო სიაშიც კი ვიყავი. ამას იმიტომ გიყვებით, რომ წარმოდგენა შეგექმნათ თუ რა კავშირი მქონდა ამ პარტიასთან.

მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად ვიცოდი "ნაციონალური მოძრაობის" შიდა სამზარეულო. მუდმივად ვიყავი იმ გარემოცვაში, სადაც პირველადი ინფორმაციები მოდიოდა უკრაინიდან, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" მამა-მარჩენალი და ლიდერია.

ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში შევიტყვე, რომ ოქტომბრისათვის იგეგმებოდა დესტაბილიზაცია. ამის მერე, ჩემს თანაპარტიელ ირაკლი ქომეთიანთან ერთად, ვიყავი უკრაინაში და შევხვდი მიხეილ სააკაშვილს, სადაც სწორედ დესტაბილიზაციის მოწყობის გეგმებზე იყო ლაპარაკი. მაშინ სააკაშვილს შევთავაზე ჩემი რესურსის გამოყენება საარჩევნოდ, თუმცა მან ცალსახად თქვა, რომ არავითარი რესურსი არ სჭირდებოდა არჩევნებისთვის. მან ყველაზე უკეთ იცოდა, რომ არჩევნებში წააგებდა და გეგმავდა, 8 ოქტომბერს, ანუ არჩევნების მეორე დღეს დაეწყო ქუჩაში გამოსვლები, რომლის ლოზუნგი იქნებოდა - არჩევნები გაყალბდა! სააკაშვილი საპარლამენტო არჩვენების შემდეგ, სწორედ ბათუმში მომხდარი არეულობის მსგავს გამოსვლებს გეგმავდა

ამ ყველაფერში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებდა "რუსთავი 2", რომელიც ამას გააშუქებდა. ამ გეგმის მიხედვით, უნდა დაეწვათ საბურავები, ავტომობილები, შტურმი მიეტანათ პოლიციის შენობებზე, დაემსხვრიათ მაღაზიის ვიტრინები და აუცილებლად უნდა მომხდარიყო როგორც პოლიციის, ისე სპეცრაზმის პროვოცირება, მეტსაც გეტყვით, სასურველ სცენარში განიხილებოდა, რომ ყოფილიყო მსხვერპლიც.

ეს რომ გავიგეთ, მე და ჩემთან ერთად კიდევ ასეულობით ადამიანმა ხმა ავიმაღლეთ, უარი ვთქვით და ყველაფერი სააშკარაოზე გამოვიტანეთ...  "ნაციონალური მოძრაობა" იძულებული გახდა უარი ეთქვა იმ გეგმაზე, რაც დადგეგმილი ჰქონდათ არჩევნების შემდეგ.

რაც შეეხება ბათუმის მოვლენებს, ეს ყველაფერი ერთი-ერთში გავს სწორედ ამ სცენარს, რის შესახებაც 26 სექტემბერს განვაცხადე. აქვე იყო "რუსთავი 2"-იც, რომელიც ამ მოვლენებს მთელი სიმძაფრით აშუქებდა და ყველაზე კურიოზული ის იყო, როცა ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ამბობდა: "ჩვენ ვხედავთ, როგორ არბევს სპეცრაზმი მშვიდობიან მომიტინგეებს", არადა, კადრებში ჩანდა, თუ როგორ ესროდა ეს მომიტინგე ქვებს და სპეცრაზმს, რომელიც მხოლოდ იდგა, ანუ რეალურად ხდებოდა პირიქით, ვიდრე "რუსთავი 2" ამბობდა. მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ დაგეგმა, მაგრამ მსგავსება ნათელია და განსაჯოს საზოგადოებამ.

ყველამ ძალიან კარგად იცის "ნაციონალური მოძრაობა" რაზეა წამსვლელი, ისინი ძალადობაზე და სისხლისღვრაზე უარს არ იტყვიან, რადგან მიხეილ სააკაშვილს და მის პოლიტიკურად გაკოტრებულ გუნდს ერთადერთ გზად რჩება არეულობა, დესტაბილიზაცია და ქართველების დაპირისპირება. რაც შეეხება ფართომასშტაბებს, მათ თბილისში ბევრი მხარდამჭერი ნამდვილად არ ჰყავთ, მათი მაქსიმალური რაოდენობა ვნახეთ იმ საღამოს, როდესაც პარლამენტის წინ სოლიდარობის აქცია გამართეს. გამოსვლებს მე არ გამოვრიცხავ, შეიძლება ეს მართლაც მოხდეს. ათ ადამიანსაც შეუძლია ქვეყანაში არეულობის დაწყება.

- "ნაციონალურმა მოძრაობამ", ბათუმის აქციის მიმართ სოლიდარობის გამო პარტიიდან გარიცხა, ირაკლი ჩხვირკია. შენ, კარგად იცნობ შიდა სამზარეულოს და როგორ ფიქრობ, შესაძლებელია თუ არა, რომ ჩხვირკიას განცხადებები და სოლიდარობა საკუთარი ინიციატივით გამოეხატა?

- კარგად ვიცნობ ირაკლის, კარგად ვიცი ის სისტემა, რომელიც პარტიაში იყო და მინდა გითხრათ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" შეუთანხმებლად არაფერი ხდება. ირაკლი ჩხვირკიას შეაწმინდეს ხელი. თუ ირაკლი გაუშვეს გამოთქმული სოლიდარობის და განცხადებების გამო, მაშინ მასთან ერთად პარტიიდან უნდა გაუშვან: ზაზა ბიბილაშვილი, აკო მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური, ნიკა რურუა და სხვა, ვინც სოლიდარობის აქცია გამართა და ხალხს ქუჩაში გამოსვლისაკენ მოუწოდა. ჩხვირკიას პარტიიდან გარიცხვა, კარგად დადგმული სპექტაკლი მგონია, რადგან "ნაციონალურ მოძრაობაში" კარგი მსახიობები არიან.

- ბესო, აქციაზე საკამოდ ბევრი ადამიანი იყო , "თავისუფალი ზონის" წევრები თუ ამოიცანი მათში?

- ამოვიცანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები: ელგუჯა ბაგრატიონი და გიორგი კირთაძე, რომლებიც 2016 წლის არჩევნებზე დეპუტატობის კანდიდატები იყვნენ. ამოვიცანი ნოდარ დუმბაძე - პარტიული აქტივის წარმომადგენელი, რომელიც ამავე დროს იყო "თავისუფალი ზონის" წევრიც, ასევე იქ იყო "თავისუფალი ზონის" წევრი - ლაშა შავაძე და სხვა. დღესაც მოვუსმინე დაკავებულების კომენტარებს და ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს ადამიანები იქ მივიდნენ წინასწარ და მათ მისვლას ორგანიზება გაუკეთეს კონკრეტულმა ჯგუფებმა.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)