"კიდევ რაღა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ ნატოში მიიღონ?!" - კვირის პალიტრა

"კიდევ რაღა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ ნატოში მიიღონ?!"

"მკაფიოდ ვაცხადებთ - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ხელშეუხებელია"

"ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რუსეთს არ ველაპარაკოთ"

გასულ კვირას საქართველოს საქმიანი ვიზიტით უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვია. შეხვედრების მთავარი თემა იყო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის სამომავლო ვიზიტი.

"კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მინისტრმა საუბარი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობით დაიწყო:

- ჩვენი მიზანია, საქართველოსთან ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა ისეთივე მაღალ დონეზე ავიყვანოთ, რა დონემდეც პოლიტიკური ურთიერთობაა. დავიწყებთ ინვესტიციის წახალისებით - უნგრულ კომპანიებს, რომლებსაც საქართველოში დაბანდება სურთ, საკრედიტო ხაზს გამოვუყოფთ. საქართველოსთან, პირველ რიგში, შემდეგ სექტორებში ვითანამშრომლებთ: წყლის რესურსების მენეჯმენტი - ამას ქუთაისში ვიწყებთ, სოფლის მეურნეობა, სურსათის ინდუსტრიის ტექნოლოგიები, სპორტული ინფრასტრუქტურა - ბათუმში სტადიონს ავაშენებთ, ფარმაცევტული მომსახურება და სატყეო რესურსების მენეჯმენტი - უნგრული კომპანიები საქართველოს ამ სექტორში ქართული ინდუსტრიის მოდერნიზებასა და ევროკავშირის სტანდარტებამდე მიყვანაში დაეხმარებიან.

- უნგრეთის ერთ-ერთ მთავარ ექსპორტს ღვინო წარმოადგენს, რომლითაც თქვენი ხალხი ძალიან ამაყობს. იმავეს თქმა შეიძლება საქართველოზეც. როგორ ფიქრობთ, რა შანსები აქვს ქართულ ღვინოს ევროკავშირის ბაზარზე?

- ამ საკითხში ნამდვილად მიუკერძოებელი ვიქნები, რადგან ცხოვრებაში ერთი წვეთი ალკოჰოლიც კი არ გამისინჯავს. ასე რომ, ქართული ღვინის გემოსა და თვისებებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ უნგრეთთან პარალელებს თუ გავავლებთ, თქვენთვის საუკეთესო ტაქტიკა, რაოდენობის ნაცვლად, ხარისხზე ორიენტირება და ბაზარზე უნიკალური სანიშე ადგილების დაკავებაა. ამ შემთხვევაში ქართული ღვინო მისი ბრწყინვალე რეპუტაციის გამო ნამდვილად კონკურენტუნარიანი იქნება.

- პოლიტიკური საკითხებიც განვიხილოთ - უნგრეთს ხშირად აკრიტიკებენ რუსეთისადმი, ასე ვთქვათ, ლოიალური დამოკიდებულების გამო. ოფიციალური ბუდაპეშტის პოზიცია ასეთია - რუსეთთან საჭიროა კოოპერაცია. რას ურჩევდით ამ მხრივ საქართველოს, რომელსაც ჩრდილოელ მეზობელთან უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა აქვს?

- ჩემი ქვეყანა ცენტრალურ ევროპაშია. ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება, რუსეთს არ ველაპარაკოთ. ამის გამო ჩვენი გაკრიტიკება სხვა არაფერია, თუ არა ორმაგი სტანდარტი და აი, რატომ - ჩვენ არავინ გაგვიკრიტიკებია, როდესაც გერმანიამ გასულ წელს რუსეთისგან რეკორდული ოდენობის გაზი შეისყიდა. ძალიან გაგვიკვირდა, როდესაც დასავლეთევროპულმა კომპანიებმა სრული მზადყოფნა გამოთქვეს, "გაზპრომთან" ერთად ნორდსტრიმის გაზსადენი აეშენებინათ, ევროკომისიამ კი ხმა არ ამოიღო, მაშინ, როცა შეაჩერეს სამხრეთის ნაკადის გაზსადენის კონსტრუქცია, რაშიც ჩართული იქნებოდნენ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ქვეყნები. გასულ წელს სანქტ-პეტერბურგში მასშტაბურ ეკონომიკურ ფორუმზე გახლდით და იქ უფრო ხშირად გერმანული საუბარი ისმოდა, ვიდრე რუსული, იტალიის პრემიერი რენცი კი პრეზიდენტ პუტინსა და ნაზარბაევთან ერთად იდგა სცენაზე და არ ეტყობოდა, რომ ამით დისკომფორტს განიცდიდა. და ამ ყველაფრის ფონზე კიდევ ჩვენ გვაკრიტიკებენ პრორუსულობისთვის?

- უნგრეთი უკმაყოფილოა რუსეთისთვის დაწესებული სანქციებითაც. არადა, სანქციების გარდა, სხვა რა ბერკეტი აქვს ევროკავშირს, რათა რუსეთზე ზეგავლენა მოახდინოს? მაშინაც კი, თუ სანქციებისგან ეკონომიკური ზარალი ევროპის ქვეყნებსაც ადგებათ, არ ფიქრობთ, რომ მოსკოვი ასე ვთქვათ, მესად ღირს?

- კარგი შეკითხვაა. ჩვენი პოზიცია ასეთია - უნდა დავუფიქრდეთ სანქციების პოლიტიკას - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თავკაცები უნდა დასხდნენ და განიხილონ, მოაქვს თუ არა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ის შედეგი, რასაც ველოდით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკვე მივაღწიეთ მინსკის ხელშეკრულების გაფორმებას. რა და როგორ უნდა ვიღონოთ, სწორედ ამ განხილვის შემდეგ გამოჩნდება, მაგრამ ბრიუსელი ამას თავს არიდებს, ამაზე საუბრის დაწყებაც კი პრორუსულობის იარლიყის მიღებას ნიშნავს. რაც შეეხება საქართველოს - ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ხელშეუხებელია, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმებს ყველა განუხრელად უნდა დაემორჩილოს, მიუხედავად ტერიტორიის სიდიდისა, სიმდიდრისა თუ მოსახლეობისა - ეს, რა თქმა უნდა, ეხება რუსეთსაც.

როგორ ვაპირებთ, დავეხმაროთ საქართველოს? ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაში ხელის შეწყობით. თუ სადმე რომელიმე ქვეყანა ამას საჯაროდ და დაჟინებით გაიძახის, ეს ქვეყანა სწორედ უნგრეთია. ჩვენ ყველაზე მტკიცედ ვუჭერდით მხარს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას და ძალიან უკმაყოფილონი ვიყავით, როდესაც საქართველომ ყველა პირობა დააკმაყოფილა, ევროკომისიამ კი, ყოვლად უსამართლოდ, ახალი პირობები გამოძებნა, რომლებიც თავდაპირველ შეთანხმებაში ნახსენებიც არ იყო. რაც შეეხება ნატოს - 800 ჯარისკაცი გყავთ ავღანეთში, ყველა ოპერაციაში მონაწილეობა მიიღეთ, თქვენ თუ არა, ვინ იმსახურებს ნატოში შესვლას? კიდევ რაღა უნდა გააკეთოს საქართველომ? ჩვენ ძალიან მტკიცედ ვუჭერთ მხარს მონტენეგროსა და მაკედონიის შესვლას ნატოში, და ასეთივე მტკიცეა ჩვენი მხარდაჭერა თბილისისადმი, რადგან გვჯერა, რომ თქვენ იმსახურებთ ნატოში ყოფნას.

- ამ ლოგიკით, ბალკანეთის ქვეყნების შემდეგ ჩვენი ჯერი უნდა დადგეს?

- ნამდვილად ასე ვფიქრობთ. როცა საქმე ევროკავშირისა და ნატოს გაფართოებას ეხება, უნგრეთს მხედველობაში ჰყავს ბალკანეთისა და აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნები. ბალკანეთისა და აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნების შემდეგ ევროპა უფრო უსაფრთხო ადგილი იქნება - ვფიქრობ, ეს ისტორიულად და გეოგრაფიულადაც ჩვენ უკეთესად გვესმის, ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნებს. მაგრამ ბრიუსელში, ასე ვთქვათ, გაფართოებით დაიქანცნენ და ჩვენს ენთუზიაზმს ნაკლებად იზიარებენ, ჩვენ უმცირესობაში ვართ... ეს კარგად გამოჩნდა ვიზალიბერალიზაციის გაჭიანურებაშიც. ამ პროცედურას ბრიუსელმა ბევრად მეტი დრო მოანდომა, ვიდრე საჭირო იყო... ამასთან დაკავშირებით მახსენდება ჩემი კოლეგის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს სატელეფონო ზარი. მან მითხრა, ჩვენ ანკარაში თავსაც რომ გადავახტეთ და ის სადავო საკითხები მოვაგვაროთ, რაც ევროკავშირსა და თურქეთს შორის არსებობს, სად არის გარანტია, რომ უვიზო რეჟიმს მოგვცემენო და სწორედ საქართველოს და უკრაინის მაგალითი მოიყვანა... ასეთი მიდგომით ევროკავშირი, პირველ რიგში, საკუთარ რეპუტაციას აყენებს ჩრდილს.

- რადგან ჩავუშოღლუ ახსენეთ, ნიდერლანდებში დიპლომატიური სკანდალის შემდეგ მის ცნობილ განცხადებაზეც გკითხავთ - ევროპაში ეკლესიური წმინდა ომები დაიწყებაო...

- როცა რელიგიას ეხება საქმე, ჩვენი პოზიცია მტკიცეა - ჩვენ ქრისტიანი ქვეყანა ვართ. დღეს მსოფლიოში თუ რომელიმე რელიგიას მართლა დევნიან, ეს სწორედ ქრისტიანობაა - სტატისტიკა სწორედ ამას მოწმობს - იმის გამო, რომ ქრისტიანია, ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა არა მარტო საცხოვრებელი, არამედ სიცოცხლეც.

ასე რომ, ამაზე ლაპარაკისა და ხმის ამაღლების არ უნდა მოგვერიდოს. პირდაპირ გეტყვით - მომბეზრდა, რომ ყოველთვის, როდესაც ამაზე ევროკავშირში ვლაპარაკობ, საბოლოოდ ყველაფერი რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვაზე საუბრით მთავრდება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რატომ უნდა მრცხვენოდეს იმის თქმის, რომ ქრისტიანობაც დაცვას საჭიროებს? პირადად ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, ეს უფრო მნიშვნელოვანია. მაგრამ რაც უნდა იყოს, ვიმედოვნებ, ევროპაში არანაირი რელიგიური ომები არ იქნება. ვფიქრობ, პრეზიდენტმა ერდოღანმა პატივი უნდა სცეს იმას, რომ ევროპა ქრისტიანია, ეს ქრისტიანული სამყაროა.

ქრისტიანობისთვის კი, თავის მხრივ, დაუშვებელია შეუწყნარებლობა, ასე რომ, ქრისტიანობა არ უნდა ნიშნავდეს ანტი-მუსლიმანობას. მშვიდობიანი თანაცხოვრება შესაძლებელია, ამას ისტორია ადასტურებს, მაგრამ ამისთვის ყველამ უნდა აღიაროს და გაითავისოს, რომ ევროპა ისტორიულად ქრისტიანი კონტინენტია, ჩვენ კი, თუ პატივი არ ვეცით საკუთარ ისტორიას, საკუთარ ფესვებსა და რელიგიას, სხვების პატივისცემას როგორ ვისწავლით?

ვაჟა თავბერიძე