დავით უსუფაშვილი: "ნუ მივიყვანთ საქმეს უკიდურესობამდე, თორემ..."
დავით უსუფაშვილი: "ნუ მივიყვანთ საქმეს უკიდურესობამდე, თორემ..."
"ქართული ოცნება"­ იყო მაშველი რგოლი, რომელიც "მარყუჟად" გადაქცევის გზას დაადგა"

"ანგარიშს ვუწევ იმ ხალხის კითხვებს, რჩევებს და მოლოდინს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია რა, "რისთვის" და "როგორ"


საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფმა ვახტანგ ხმალაძის ინიციატივა - პრეზიდენტის ასაკობრივი ცენზის 45 წლით განსაზღვრისა და 300-კაციანი კოლეგიის შესახებ, რომელმაც პრეზიდენტი უნდა აირჩიოს, უკვე გაიზიარა, მოქმედი პრეზიდენტი კი საკონსტიტუციო კომისიას უნდობლობას უცხადებს და დამოუკიდებელ კამპანიას "კონსტიტუცია ყველასია", რეგიონებში განაგრძობს. "კვირის პალიტრას" პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ესაუბრება:

- ცხოვრებისეულ გამოცდილებას
You must have Flash Player installed in order to see this player.
ვერანაირი თანდაყოლილი ნიჭი ან წამყვანი უნივერსიტეტების დიპლომები ვერ ჩაანაცვლებს. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს არა მხოლოდ გამორჩეული სიბრძნის, ზნეობისა და პრინციპების მქონე პიროვნება, არამედ კარგად უნდა იცნობდეს საკუთარ ერს, მის ბუნებას, ხასიათს. ეს ყველაფერი კი მხოლოდ საკუთარ ერთან ერთად განცდილ-გადატანილი სიხარულითა და ტკივილით მიიღწევა. ამიტომ მხარს ვუჭერ საპრეზიდენტო ასაკის 35-დან 45-წლამდე გაზრდას. ეს ერთი, თუმცა, ცხადია, არასაკმარისი ნაბიჯი იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის ავტორიტეტისა და ეფექტიანობის გასაზრდელად. თუ ვინმე 35 წელს მიღწეული პრეზიდენტობის მსურველი ამის გამო გაგვინაწყენდება, ვურჩევდი, 45 წლამდე დარჩენილ დროში სხვა
არჩევითი თანამდებობებით ემსახუროს ქვეყანას და თან პრეზიდენტობისთვისაც უკეთ მოემზადოს.

- მხარს უჭერთ კიდევ ერთ ინიციატივას, რომ პრეზიდენტი არა ამომრჩეველმა, არამედ 300-კაციანმა კოლეგიამ აირჩიოს?

- პირადად მე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტობის წლებიდან პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით სწორედ ამგვარი საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩევის მომხრე
ვარ, მიუხედავად მოქმედი პრეზიდენტების თუ პრეზიდენტობის მსურველების გვარ-სახელებისა. თუმცა ამას მხარს ვუჭერ არა იზოლირებულად, არამედ როგორც სათანადოდ გამართული სახელისუფლებო სისტემის ერთ კომპონენტს. მაგალითად, შეიძენთ ავტომობილს გადასარევი ძრავით და მხოლოდ ხელის მუხრუჭით? ალბათ, არა. ქვეყანა ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობით და ამავე უმრავლესობის მიერ არჩეული პრეზიდენტით ძლიერძრავიანი ავტომობილია სამუხრუჭე სისტემის გარეშე...

ჩემი აზრით, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზე დისკუსიაც კი არასწორია, სანამ პარლამენტის არჩევის წესი არ შეიცვლება და ერთპარტიულობის ნაცვლად მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემა არ დამკვიდრდება.

- საკონსტიტუციო კომისიას პრეზიდენტმა, ფაქტობრივად, უნდობლობა გამოუცხადა და დამოუკიდებელი კამპანია დაიწყო, თუმცა ექსპერტთა ნაწილი პრეზიდენტის რეგიონებში შეხვედრებს უფრო საარჩევნო მარათონად მოიაზრებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ პრეზიდენტი სწორედ იმ სცენარით ავითარებს მოვლენებს, რისკენაც თქვენ ორი თვის წინ მოუწოდეთ, გადადგეს და ვადამდე არჩევნები დანიშნოს?

- პრეზიდენტის ინიციატივაში ცუდი არაფერია - რაც მეტი მოქალაქე მიიღებს მეტ ინფორმაციას კონსტიტუციურ პროცესზე, მით უკეთესი. თუმცა პრობლემა ამ ინიციატივის პოლიტიკური კონტექსტი და საზოგადოებრივი აღქმაა - რაც მეტი მოქალაქე დარწმუნდება, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები ვერ ახერხებენ მათთვის მინდობილ სახელმწიფო საქმეებზე ერთმანეთთან ურთიერთობას, მით უარესი. ვფიქრობ, ჩვენ უფრო მეორე შედეგს ვიღებთ... ამასთან,"ოცნების" ხელში არსებული საკონსტიტუციო უმრავლესობის გამო პრეზიდენტის ინიციატივა მყისიერ გავლენას ნაკლებად მოახდენს უშუალოდ კონსტიტუციური ცვლილებების პროცესზე, თუმცა ექნება გაცილებით მეტი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ორიოდე თვის წინ ვლაპარაკობდი პრეზიდენტის შესაძლო ვადამდე არჩევნების საკითხის გათვალისწინების აუცილებლობაზე. თუ უმრავლესობამ და პრეზიდენტმა ვერ შეძლეს ურთიერთგაგება და თან "ოცნებამ" ძალაუფლების ცენტრალიზაცია-კონცენტრაციის კურსი გააგრძელა კონსტიტუციის, კანონმდებლობის, სამთავრობო პოლიტიკის და კულუარული მმართველობის დონეებზე, მაშინ, შესაძლოა, პოლიტიკური კრიზისი მომწიფდეს. ეს არის ჩემი მინიშნება ყველასთვის - ნუ მივიყვანთ საქმეს უკიდურესობამდე, თორემ, შესაძლოა, მივიღოთ საპასუხო უკიდურესობა.

- ანუ, დღეს პრეზიდენტის საპასუხო უკიდურეს ნაბიჯებს ვადევნებთ თვალს?

- ჩემი აზრით, უკიდურესობაა უმრავლესობის მხრიდან პრეზიდენტის ინიციატივების მოხსენიება როგორც "სასაცილო" და "პოლიტიკური სპექტაკლი, ან პრეზიდენტისთვის "ყვითელი ბარათის" ჩვენება - "სწორად ილაპარაკე, თორემ... ასევე უკიდურესობად ვთვლი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ბოიკოტს საკონსტიტუციო კომისიისადმი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტი იმდენად აქტიურად ერთვება საკონსტიტუციო პროცესში, რომ სახალხო განხილვის კამპანიას იწყებს. სად წერია, რომ პარლამენტის ან მთავრობის წევრს აქვს ამომრჩეველთან ყოველდღიური კეკლუცის განუსაზღვრელი თავისუფლება და პრეზიდენტს ეს ეკრძალება? ან ვინ დაასკვნა, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან მოლაპარაკე პოლიტიკოსები მხოლოდ ქვეყანაზე ზრუნვით არიან დამაშვრალნი და საკუთარი საარჩევნო-პოლიტიკური მომავალი ჩირადაც არ უღირთ, ხოლო პრეზიდენტმა რაც უნდა თქვას და ქნას, მხოლოდ პოლიტიკურ-საარჩევნო ქულების" დაწერას ემსახურება და არანაირად ქვეყნის ინტერესებს?

- თუ პოლიტიკური კრიზისი მომწიფდა და თქვენი პროგნოზით, ზაფხულის დასაწყისში პრეზიდენტი მართლაც გადადგა, როგორი იქნება თქვენი პოლიტიკური არჩევანი? დიდი ხანია ლაპარაკობენ თქვენი და მარგველაშვილის პოლიტიკურ ალიანსზე.

- თუ გიორგი მარგველაშვილი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ფიქრობს, ამით არც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, არც პოლიტიკურ სისტემას და არც საზოგადოებრივ მორალს. რაც შეეხება პირადად ჩემი და გიორგი მარგველაშვილის ურთიერთობას, იგი 20 წელზე მეტია იყო და რჩება საქმიანი, თავისუფალი, სათანამშრომლო და კეთილგანწყობილი და, დარწმუნებული ვარ, ასევე დარჩება. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

- თქვენი პასუხი ნიშნავს, რომ თქვენს პოლიტიკურ დუეტს არ გამორიცხავთ?

- დრო გვიჩვენებს.... ის კი შემიძლია გავიხსენო, რომ ამ ხნის განმავლობაში ორჯერ უშედეგოდ ვცადე მისი დაყოლიება ჯერ 2006 წლის ადგილობრივ და შემდეგ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, ხოლო, როცა გადადგა ასეთი ნაბიჯი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, შევიტყვე უკვე მიღებული გადაწყვეტილება. ასე რომ, ჯერ არ არსებობს ჩვენ მიერ საარჩევნო გადაწყვეტილების ერთად მიღების პრეცედენტი.

- მაშინ რა ეტაპზეა თქვენ მიერ დაანონსებული ახალი პოლიტიკური ძალა?

- სამწუხაროდ, დამოუკიდებელი საქართველოს მეოთხე არჩეული ხელისუფლებაც წინამორბედთა მსგავსად ვერ ახერხებს ქვეყნის მართვას სახელმწიფო ინსტიტუტებითა და სახელმწიფოებრივი მიდგომებით. "ქართული ოცნება" იყო ქვეყნის "მაშველი რგოლი, რომელიც "მარყუჟად" გადაქცევის გზას დაადგა. ჩვენივე "მდიდარი"გამოცდილება კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ განვლილი გზის გაგრძელება აღარ შეიძლება - ძველებურად მორიგი დარაზმვა მორიგი ხელისუფლის შესაცვლელად მორიგ ჩიხამდე მიგვიყვანს.

"მსოფლიო უწესრიგობის ეპოქის დადგომით დასრულდა ის ეპოქაც, როდესაც ქვეყანა მსოფლიო პროცესების დინებას იყო მინდობილი. დადგა საკუთარი ქვეყნის საკუთარი ძალებით პატრონობის დრო, რისთვისაც არც სახელმწიფო ინსტიტუტებია მზად და არც პოლიტიკური­ სისტემა. ჩვენი სახელმწიფოებრიობა დიდწილად პირობითობაა, რომელიც სასწრაფოდ შინაარსითაა შესავსები. საჭიროა საზოგადოების გამოყვანა პოლიტიკური აპათიიდან და მისი ფოკუსირება ეროვნულ-სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაზე. მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემა აზრი და შანსი კვალიფიციური და უნარიანი პოლიტიკური პარტიის ფორმირებას, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სათავეში ჩაუდგება კოალიციურ მთავრობას და დაუდებს სათავეს დემოკრატიული ინსტიტუტებით მმართველობას. სწორედ ამ ხედვითა და თანამიმდევრობით შევუდექი პროცესს, რომელიც არც იწყება და არც დაიყვანება პოლიტიკური პარტის შექმნამდე. მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ნაკლებად ვზრუნავ იმ ხალხის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაზე, ვისაც მხოლოდ ის აინტერესებს, ვინ გამოვჩნდებით და ვის შევერკინებით. მაინტერესებს და ანგარიშს ვუწევ იმ ხალხის კითხვებს, რჩევებს და მოლოდინს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია რა, რისთვის და როგორ.

- რაც შეეხება სხვა მიმდინარე საკითხებს. რა კონკრეტული ფაქტების საფუძველზე ავითარებთ ვერსიას, რომ ბათუმში ვანდალური დარბევა ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ორგანიზებული იყო?

- ვთქვი და ვიმეორებ, ამ მოვლენების "ნაციონალებზე" ჩამოკიდება" მცდარი ნაბიჯი იქნება და კვლავ ვერ მოგვარდება ის შიდასახელისუფლებო სისტემური პრობლემები, რომლებიც ამ შემთხვევაშიც მკაფიოდ გამოვლინდა. "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებმა სცადეს არეულობის ცეცხლზე ნავთის დასხმა, რაც დასაგმობია, მაგრამ თუ "ოცნების" უმრავლესობიდან ვინმე სერიოზულად ამტკიცებს, რომ ამ მოვლენების განვითარების ჯაჭვის ყველა რგოლი "ნაცმოძრაობის" შემოქმედებაა, მაშინ იგი იმასაც სერიოზულად ამბობს, რომ აჭარას (და არა მარტო) კვლავ "ნაცმოძრაობა" მართავს.
ვაფასებ პრემიერისა და კიდევ არაერთი მინისტრის თუ პარლამენტის წევრის თავდადებას, შრომას და ბრძოლასაც, მაგრამ ამის გამო ვერ იცვლება ის ჯიუტი რეალობა, რაც ბათუმის კრიზისმა სააშკარაოზე გამოიტანა.

მეტიც, მასირებული მცდელობა იმისა, რომ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მოქმედებები კარგად გააზრებულ ტაქტიკად თუ გეგმად წარმოჩნდეს, კიდევ უფრო ამძიმებს მძიმე რეალობას. შესაძლოა, ჩემმა ყოფილმა კოლეგებმა "ოცნებიდან" მკითხონ, ისევ აქ, ჩვენ გვერდით რომ იყო, იმავეს არ შეეცდებოდიო? ჩემი გულწრფელი პასუხი იქნებოდა: კი, ალბათ, რამე მაგდაგვარს ვიტყოდი, რათა "მეფის სიშიშვლე" ცოტა მიგვეჩქმალა იმ იმედით, რომ მალე რაღაცებს როგორმე მივალაგ-მოვალაგებდით. თუმცა სანაცვლოდ ჩემი ყოფილი კოლეგებისგანაც ასეთივე გულწრფელ პასუხს ველი კითხვაზე,"ახლა აქ, ჩემ გვერდით რომ იდგეთ, რას იტყოდით? დარწმუნებული ვარ, იტყოდნენ, რომ ამჯერად ბედმა გაგვიღიმა და უფრო დიდ უბედურებას შემთხვევით გადავრჩით არა ხელისუფლების გამჭრიახობის, არამედ სახელისუფლებო სისტემის პარალიზებულობის გამო. იტყოდნენ, რომ ვიხილეთ თავგზააბნეული ხელისუფლება; იტყოდნენ, რომ ვერ ვიხილეთ სპეციალურად ასეთი ვითარებისთვის შექმნილი და აღჭურვილი სპეციალური უწყების, კრიზისების მართვის ცენტრის მოქმედების კვალიც კი; იტყოდნენ, რომ პატრულის მიერ აჭარლების შეურაცხყოფის თაობაზე აგორებული კამპანია ან თავად სპეცსამსახურების შემოქმედებაა, ან მათი წაყრუების გარანტიით მოქმედი სხვა ძალის. კიდევ ბევრ რამეს იტყოდნენ, რასაც ახლა არ ვიტყვი იმ იმედით, რომ მთავრობა თავად არ დაიჯერებს იმას, რასაც ჩვენ გვეუბნება, და გააკეთებს იმას, რაც იქნებ ჯერ კიდევ შესაძლებელია.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (1)
ქართველებს!!!!
24 მარტი 2017 10:47
მაგარი კაცი ხარ უსუფაშვილი!!! ვგიჟდები, რომ ვფიქრობ..... კიდევ რამდენი დრო ესაჭიროება ქართველების სახელმწიოფოებრივი აზროვნების განვითარებას, პარლამენტში თქვენს მაგივრად ერთუჯრედიანი და ყველაფრის მკადრებელი გოგიჩაიშვილი და მისი მსგავსნი აღარ აირჩიიონ !!!!!!!! იმედი მაქვს, მოვა დრო ჩვენს გრძნობებთან ერთად ტვინის უჯრედებსაც მოვიშველიებთ და ყველაფერი კარგად იქნება!!!!!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები