"ნარმანია ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა" - მერიის პასუხი გავრცელებულ ინფორმაციაზე - კვირის პალიტრა

"ნარმანია ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა" - მერიის პასუხი გავრცელებულ ინფორმაციაზე

თბილისის მერიაში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერი დავით ნარმანია ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ქალაქის მერიაში მსგავსი ტიპის ინფორმაციას დავით ნარმანიასა და თბილისის მერიის დისკრედიტაციას უწოდებენ.

”სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, გუშინ, 19 მარტს, ბელიაშვილის ქუჩაზე თბილისის მერი დავით ნარმანია ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. გავრცელებულ ინფორმაციაში ნახსენები ავტომობილი არ ეკუთვნის არც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და არც პირადად დავით ნარმანიას.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს დავით ნარმანიასა და თბილისის მერიის დისკრედიტაციას,” - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"