"ვეტო დაიდება, ვეტო აიხსნება..." - როგორ დასრულდება ჯადოდქცეული ვეტოს ამბავი? - კვირის პალიტრა

"ვეტო დაიდება, ვეტო აიხსნება..." - როგორ დასრულდება ჯადოდქცეული ვეტოს ამბავი?

20 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ე.წ. მოსმენების კანონს ვეტო დაადო. ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 1-ელ მარტს დაამტკიცა. თუმცა პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნდა.

სწორედ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავს პარლამენტი ამ საკანონმდებლო პაკეტს. მმართველი უმრავლესობა ვეტოს დაძლევას აპირებს. გიორგი მარგველაშვილს პარლამენტისათვის აქვს ორი ძირითადი შეთავაზება: პირველი ითვალისწინებს იმას, რომ ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტო იყოს პირდაპირ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება. მეორე წინადადება არის ის, რომ სააგენტომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებისათვის სამართლიანი ანაზღაურების საფუძველზე.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ე.წ. ფარულ მოსმენებზე პასუხისმგებელი ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტოს პრემიერ-მინისტრისადმი დაქვემდებარების არგუმენტს ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ კანონპროექტი პირველადი, პარლამენტის მიერ მიღებული სახით უნდა დარჩეს.

„არგუმენტი იმისა, რომ პირდაპირი დაქვემდებარება მომხდარიყო პრემიერ-მინისტრზე, ვერ დავინახეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ის სტრუქტურები, რომლებზეც არის საუბარი, საბოლოო ჯამში, ისევ და ისევ მთავრობის დაქვემდებარებაშია, ამიტომ თვისობრივი ცვლილება ვერ მოხდებოდა. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, იმ სახით იქნას გატანილი [კანონპროექტი], როგორადაც მიიღო პირველადი სახით პარლამენტმა“, - განაცახდა კვირიკაშვილმა.

სოფო კილაძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე:

"ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კონსტიტუციურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, პრეზიდენტი თუ გადაწყვეტს ვეტო დაადოს კონკრეტულ კანონპროექტს, აუცილებლად მან მოტივირებული შენიშვნები უნდა წარმოადგინოს. ის შენიშვნები, რაც არის გამოგზავნილი, ვთვლი, რომ არ არის სამართლებრივი არგუმენტები. ჩემი აზრით, ეს უფრო პოლიტიკურ კეკლუცს ჰგავს, ვიდრე სამართლებრივ არგუმენტებს".

ირმა ინაშვილი, პარლამენტის წევრი:

"მერამდენე სხდომაა უკვე ვმსჯელობთ ე.წ. მოსმენების შესახებ კანონზე. უამრავი თემაა ქვეყანაში განსახილველი. მე ვფიქრობ, უნდა დამთავრეს კინკლაობა პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის და პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. ძალიან სამარცხვინო ტენდენციის სახე მიიღო ამან უკვე. ჩვენ უნდა ვაკეთოთ საქმე. აუცილებლად უნდა შეიქმნას ქვეყანაში კიბერ უსაფრთხოების უფრო ფართო და მასშტაბური სააგენტო, რომელიც დამოუკიდებელი იქნება და უფრო ფართო კომპეტენცია ექნება, ამიტომ არ დავუჭირეთ ამ კანონს მხარი. პრეზიდენტის ვეტოს რაც შეხება, გვესმის, რომ ვეტო დაიდება, ვეტო აიხსნება. ესეც უკვე კომიკური აქტი გახდა. თუმცა, ესეც ჩვეულებრივი აქტია და პრეზიდენტი ამით გვეუბნება, რომ არ იზიარებს ამ კანონპროექტის სულისკვეთებას. ჩვენ იმის მომხრე ვართ, რომ სააგენტო დამოუკიდებელი უნდა იყოს. არ უნდა ექვემდებარებოდეს სუს-ს".

ეკა ბესელია, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე:

"ძალიან პრინციპული საკითხია, რომ შენიშვნები კანონების კონსტიტუციურ ჭრილში განხილვას ეხებოდეს და არა იმას, კონკრეტული სააგენტო რომელი აღმასრულებელი ხელისუფლების სტუქტურის ქვეშ იქნება. ვფიქრობ, რომ ასეთ საკითხებზე ვეტოს გამოყენების უფლება ეს არის პრინციპულად არასწორი გაგება ამ პოლიტიკური მოვლენების. ამიტომ ალბათ საჭიროა რომ ყველაფერი გააზრებული იყოს. შესაბამისად ასეთ არგუმენტებს ვერ გავიზიარებთ".

ანა დოლიძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი:

"უნდა გამოვყო ორი ძირითადი არგუმენტი, რომელიც დასაბუთებულია მრავალი პრეცენდენტის მოყვანით. პირველი, გვაქვს მითითება საკონსტიტუციო სასამართლოდან, რომ მოსმენების განმახორციელებელი უწყება უნდა იყოს გამოძიებისგან დამოუკიდებელი, ამიტომ არ შეიძლება ის იყოს სუს-ში და არ შეიძლება ის იყოს დაკავშირებული სუს-თან. ჩვენ ვთავაზობთ პარლამენტს, ეს სააგენტო პირდაპირ იყოს დაქვემდებარებული პრემიერთან. შესაბამისად, ის დარჩება აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მაგრამ იქნება დამოუკიდებელი სუს-ისგან. ამით ჩვენ დავაკმაყოფილებთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნას. მეორე, პრობლემურია ის, რომ კანონი აკისრებს სერიოზულ ხარჯებს საკომუნიკაციო კომპანიებს და ჩვენი მოთხოვნით და კონსტიტუციით აუცილებელია, რომ ბიზნესს შევთავაზოთ სამართლიანი ანაზღაურება, რა შემთხვევაშიც დაუკმაყოფილდება სახელმწიფოს თავისი ინტერესი, მაგრამ წნეხი არ გახორციელდება მცირე და პატარა ბიზნესზე".

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით