"ყარამანიშვილები მაგრად დაუდგნენ ივანიშვილს" - რას წერს სააკაშვილი "რუსთავი 2"-ზე? - კვირის პალიტრა

"ყარამანიშვილები მაგრად დაუდგნენ ივანიშვილს" - რას წერს სააკაშვილი "რუსთავი 2"-ზე?

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ისინი აპირებენ დააფუძნონ შპს, რომელიც იქნება იმ 51%-იანი წილის მფლობელი, რომლის გადაცემასაც ძმები ყარამანიშვილები ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის აპირებენ.

გვარამიას დღევანდელ განცხადებას თავად ყარამანაშვილები გამოეხმაურნენ. (იხილეთ: "გვარამიამ დაიწყო მინიშნებები, რომ შესაძლოა რომელიმე თანამშრომელი გადავიდეს გაუგებარ „მეორე მხარეს" - ყარამანაშვილები გვარამიას წინააღმდეგ?!)

"რუსთავი 2"-ის გარშემო ატეხილ დისკუსიას საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკში" გამოეხმაურა.

"ფბზე ვადევნებ თვალს რუსთავი 2ის მართვაზე მიმდინარე დებატებს.

პირველ რიგში, მე ვარ თითოეული რუსთავიორელის გულშემატკივარი. აღფრთოვანებული ვარ მათი გამბედაობით და პატრიოტიზმით.

მიმაჩნია, რომ ნიკა გვარამიას როლი ტელევიზიისთვის ურთულეს პერიოდში, პირადი საფრთხის ფასად, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მან არაერთხელ დაამტკიცა თავისი, როგორც ხელმძღვანელის ეფექტურობა და ის, რომ მას, როგორც მენეჯერს დიდი სარგებელის მოტანა შეუძლია.

ჩემი აზრით, ეს და საერთოდ ყველა ტელევიზია უნდა მართონ თვითონ ჟურნალისტებმა და იმ ადამიანებმა, ვინც ქმნის ტელეპროდუქციას.

ამიტომ, მფლობელების წინადადება კოლექტივისთვის წილების განაწილებაზე და მათ მფლობელობაში შემოყვანაზე, უპრეცენდენტოა და დასაფასებელი.

ძმები ყარამანიშვილები მაგრად დაუდგნენ ივანიშვილს და არ წავიდნენ არანაირ გარიგებაზე, მიუხედავად დიდი ზეწოლისა.

თუ როგორ და რა ფორმით უნდა მოხდეს შეთავაზების რეალიზება, ამას მენეჯმენტი, კოლექტივი და მფლობელები, დიდი იმედი მაქვს, ერთმანეთთან დიალოგის გზით გადაწყვეტენ და ერთობლივი ქმედებებით განავითარებენ საქართველოში დარჩენილ ბოლო დემოკრატიულ ინსტიტუტს - რუსთავი 2ს" - წერს სააკაშვილი.