პირი, რომელიც შენგენის ზონაში ყოფნის წესს დაარღვევს, დეპორტაციის გარდა, 3000 ევროთი დაჯარიმდება - კვირის პალიტრა

პირი, რომელიც შენგენის ზონაში ყოფნის წესს დაარღვევს, დეპორტაციის გარდა, 3000 ევროთი დაჯარიმდება

ხვალიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ. ამასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის ამოქმედება მიულოცა და მოსახლეობას უვიზო რეჟიმით სარგებლობის წესები კიდევ ერთხელ განუმარტა.

"ხვალიდან საქართველოს მოქალაქეები დამსახურებულად ისარგებლებენ ისტორიული შედეგით, რასაც ჰქვია ევროპის მასშტაბით თავისუფალი გადაადგილება. ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი ხალხის და ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. წლების განმავლობაში განხორციელებულმა საკანონმდებლო და ინსტიტუციურმა რეფორმებმა საქართველო გახადა ევროპული ინსტიტუტებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სანდო პარტნიორი...

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობები, 24 სააათიან რეჟიმში მუშაობენ და მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რათა მათ მაქსიმალურად მიიღონ ის სარგებელი, რასაც ევროპაში უვიზოდ მოგზაურობა გვთავაზობს. შესაბამისი ინფორმაციის მისაღებად თქვენ შეგიძლიათ 24 საათიან რეჟიმში დარეკოთ ნომერზე - 2945050 ან ეწვიოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და საკონსულოს ვებ-გვერდებს", - განაცხადა ჯანელიძემ.

მინისტრის თქმით, პირი, რომელიც ევროკავშირში, შენგენის ზონაში ყოფნის წესს დაარღვევს, დეპორტაციის გარდა, 3000 ევროთი დაჯარიმდება. მისივე განცხადებით, მოქალაქეებს არიმა ეკისრებათ იმ შემთხვევაში, თუ დაირღვევა ვადები, თუ მოხდება უვიზო რეჟიმის გამოყენება იმისთვის, რისთვისაც დანიშნული არ არის.

“ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქე გაუფრთხილდეს ვადებს. თუ დაირღვევა ვადები და მოხდება დეპორტაცია, ამ შემთხვევაში პირს აეკრძალება 5 წლის ვადით შენგენის ზონაში დაბრუნება. ეს საკმაოდ დიდი სასჯელია, როგორც ფინანსური, ასევე იმ თვალსაზრისით, რომ ვერ დაბრუნდები ევროკავშირში და შენგენის ზონაში. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, ყველამ კარგად გაითავისოს ეს რისკები და ისარგებლოს იმ ვადით, რა ვადაც არის დაშვებული მოკლევადიანი ვიზიტებისთვის”, - განაცხადა ჯანელიძემ.

მინისტრის ინფორმაციითვე, ხვალ ის პრემიერ-მინისტრთან და წარჩინებულ სტუდენტებთან ერთად გაემგზავრება ათენში, რის შემდეგაც ისინი ბრიუსელს ეწვევიან.

"ინტერპრესნიუსი"