"არსებობს საფრთხე, რომ რუსეთის სპეცსამსახურები შენგენის ზონაში საქართველოს და მისი მოქალაქეების დისკრედიტაციას შეეცდებიან" - კვირის პალიტრა

"არსებობს საფრთხე, რომ რუსეთის სპეცსამსახურები შენგენის ზონაში საქართველოს და მისი მოქალაქეების დისკრედიტაციას შეეცდებიან"

"ვისაც წასვლა სურდა და შესაძლებლობაც გამონახა, უკვე წასულია..."

საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლება უკვე ამოქმედდა. პოლიტოლოგთა თქმით, ამ გადაწყვეტილებას ყველაზე მეტად სწორედ პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთპარტნიორობის წევრი 6 ქვეყნიდან საქართველო, მოლდავეთის შემდეგ, მეორე ქვეყანაა, ვისაც უვიზო მიმოსვლის უფლებით სარგებლობის უფლება მიეცა. გვესაუბრება ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი:

- ვიზალიბერალიზაციის საკმაოდ გაჭიანურებული პროცესის წარმატებული დასასრული ძალიან მნიშვნელოვანია და, იმავდროულად, ევროპასთან ახალი ურთიერთობების დასაწყისიცაა. ვფიქრობ, ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ ერთი სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯი გადავდგით, თუმცა მსვლელობა გრძელდება.

რაც შეეხება უშუალოდ უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობას, ამის პოლიტიკური მნიშვნელობა ცხადზე ცხადია, თუმცა მისი სიკეთე რომ ყველა მოქალაქემ შეიგრძნოს, კარგი იქნებოდა, ჩვენი მოსახლეობის 50%-ს მაინც ჰქონდეს ფინანსური საშუალება, იმოგზაუროს, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი თვალით ნახოს, რა არის ეს ევროპა.

ჩვენში ამ გადაწყვეტილებით მოგვრილი სიხარულიც და ამას მოყოლილი პოზიტიური მუხტიც ძალიან დიდია და ეს გასაგებია, მაგრამ მე მაფიქრებს ჩვენი ის თანამემამულეები, რომელთათვისაც ეს შეღავათი კიდევ კარგა ხანს გამოუყენებელი დარჩება. განა ჩვენი მოსახლეობის რამდენ პროცენტს შეეძლება, არსებული ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, უვიზო მიმოსვლით სარგებლობა? - ჩემი აზრით, საკმაოდ ცოტას. ამაო მგონია, წუხილი, რომ საქართველო ამის გამო ერთბაშად დაიცლება, ვისაც წასვლა სურდა და შესაძლებლობაც გამონახა, უკვე წასულია...

ბუნებრივია, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამემამულენიც ისარგებლებენ ამ შეღავათებით. არსებობს შანსი, რომ ისინი დაინტერესდნენ ამ ახალი რეალობით და თავად ისურვონ, დაიბრუნონ ან გაიმყარონ საქართველოს მოქალაქეობა საქართველოს პასპორტებით.

აქვე ერთ საფრთხეზე მინდა მივუთითო ჩვენს მკითხველს - იმედია, ჩვენი ხელისუფლება არ მოიქცევა ისე, როგორც მიხეილ სააკაშვილი მოიქცა მისი პრეზიდენტობის ბოლოს, როდესაც საქართველოს მოქალაქეობა ჩამოურიგა თურქეთის ათასობით მოქალაქეს. არ უნდა გამოგვეპაროს ის საფრთხე, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ჩაფიქრებული გეგმის მიხედვით დიდი ალბათობით შეიძლება დადგეს ჩვენ წინაშე და რისი მიზანიც შენგენის ზონაში საქართველოს და მისი მოქალაქეების დისკრედიტაცია იქნება. კერძოდ, არ გამიკვირდება, თუ აფხაზ და ოს ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად, ქართული პასპორტის აღებას შეეცდებიან რუსული სპეცსამსახურებისგან ჩანერგილი პირები, რომელთა დავალება იქნება, ჩაიდინონ ევროპულ სივრცეში ისეთი დანაშაულები, რაც საქართველოსა და მისი მოსახლეობის მიმართ ნეგატიურ განწყობებს გააღვივებს. დიახ, ქართული პასპორტი უნდა იყოს ჩვენი სიამაყის სიმბოლო და მისი გაცემისას შესაბამის სამსახურებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა მართებთ.

- აფხაზები და ოსები ახსენეთ, საქართველო მათ კი სთავაზობს ვიზალიბერალიზაციის სიკეთეს, თუმცა სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო მმართველებისგან უკვე მოვისმინეთ საკმაოდ უკმეხი კომენტარები და ლაპარაკი იმაზე, რომ ეს თურმე მათთვის ხაფანგია... თქვენი აზრით, ე. წ. მთავრობების პოზიციას რამდენად იზიარებენ რიგითი ადამიანები?

- რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო მმართველებისგან სხვაგვარ გამოხმაურებას არც ველოდი. რომ არა ამგვარი პოზიცია, ამ მარიონეტ ხელისუფლებებს მოკლე ხანში შეცვლიდა კრემლი. რუსეთის მიერ დანიშნული რამდენიმე ე. წ. ხელისუფალი, დარწმუნებული ვარ, არ ახმაურებს რიგითი აფხაზისა თუ ოსის პოზიციას, თუმცა ჩვენც არ უნდა გვქონდეს განსაკუთრებული მოლოდინი, რომ ვიზალიბერალიზაციის შედეგად ყველა ყველაფერს დაივიწყებს და ერთბაშად შემოაბიჯებენ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად სივრცეში. ეს ხანგრძლივი, ჭკვიანური მოქმედებით უნდა მოხდეს და ამ გზაზე მნიშვნელოვანი როლი, შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციამაც შეასრულოს.

ვიზალიბერალიზაცია ჩვენთვის უფრო გამოცდაა, რომელსაც თუ კარგად არ ჩავაბარებთ, შესაძლოა, ისევე დავკარგოთ, როგორც მივიღეთ.

ამიტომაც ეს ყველამ უნდა გავისიგრძეგანოთ, კარგად ჩავუფიქრდეთ მართლაც ეპოქალურ ფრაზას: "მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ევროპელი..."

ნათია დოლიძე