"უახლოეს მომავალში ევროპას ძნელად თუ ვინმე უწინასწარმეტყველებს მშვიდობას" - კვირის პალიტრა

"უახლოეს მომავალში ევროპას ძნელად თუ ვინმე უწინასწარმეტყველებს მშვიდობას"

"არც "ბრექსიტი" და არც იზოლაციის სხვა მცდელობა არ არის საშუალება ტერორიზმისგან თავდასაცავად"

"არა მგონია, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით საქართველოს დაცარიელება ემუქრებოდეს!"

29 მარტს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, მაასტრიხტის ხელშეკრულების 50-ე პარაგრაფის შესაბამისად, ბრიუსელს ამცნო, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირიდან გასვლის პროცედურას იწყებს. მისი წერილის უშუალო ადრესატი ევროსაბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი იყო. სწორედ ამ წერილით, ოფიციალურად დაიწყო ბრექსიტი - ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის პროცედურა. ეს გადაწყვეტილება კი შარშან 23 ივნისს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად მიიღეს. ხელშეკრულების თანახმად, ორწლიანი მოლაპარაკების შემდეგ (ვადა შეიძლება გაგრძელდეს, თუ ევროკავშირის 27-ვე წევრი გადაწყვეტს), 2019 წლის 29 მარტს, ევროკავშირთან ბრიტანეთის საბოლოო გასვლა გაფორმდება.

28 მარტიდან კი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის კარი გაიხსნა და შენგენის ზონაში ჩვენს მოქალაქეებს უვიზოდ მიმოსვლის საშუალება მიეცათ. ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, თუმცა როგორც ევროპელი, ასევე ჩვენი ექსპერტები რამდენიმე საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას, რამაც, შესაძლოა, პრობლემები წარმოშვას. მათგან ერთ-ერთია მოქალაქეთა ტალღა, რომელიც, შესაძლოა, ჩვენი ქვეყნიდან ევროპისკენ დაიძრას და ეს მიღწევა არალეგალური ცხოვრებისა და მუშაობისთვის გამოიყენოს, შედეგად კი ევროკავშირმა ე.წ. შეჩერების მექანიზმი აამუშაოს.

გვესაუბრება ექსპერტი ვალერი გორგილაძე:

- უპირველესად, უნდა ითქვას, რომ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე და მე ამ პროცესში პოზიტივს მეტს ვხედავ, ვიდრე - ნეგატივს.

შიშის საფუძველი კი არსებობს, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქვეყნიდან გასვლის მსურველი ვინც იყო, აქამდეც ახერხებდა წასვლას და კარგა ხანია, ათასობით ჩვენი მოქალაქე ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის.

ევროპის არაერთ ქალაქში უკვე მრავალრიცხოვანია ქართული დიასპორა. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენგან არცთუ დიდი ნაკადი მიაწყდება ევროპას. მიხარია, რომ ეს პროცესი ევროპისკენ გზას გაუადვილებს ქართველ ახალგაზრდებს, სტუდენტებს, რომელთაც ბებერ კონტინენტზე სწავლისა და მოგზაურობის საშუალება მიეცემათ, შეძლებენ, საკუთარი თვალით ნახონ, როგორია ევროპული ცხოვრების წესი...

აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორც წესი, ქვეყნიდან ევროპაში წამსვლელთა მსურველი პირველ წელს ყველაზე მეტია ხოლმე. მაგალითად, მას მერე, რაც ლატვიას გაეხსნა გზა ევროპისკენ, ეს ქვეყანა 150 ათასამდე მოქალაქემ დატოვა. თავის დროზე ასეთივე სერიოზული იყო მიგრაციის პრობლემა პოლონეთიდან. მოკლედ, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან მოკლე ხანში შეიძლება გავხდეთ მომსწრე ინტენსიური ნაკადისა, თუმცა ეს ნელ-ნელა დასტაბილურდება და არა მგონია, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით საქართველოს დაცარიელება ემუქრებოდეს!

რამდენიმე დღის წინ ლონდონში მომხდარმა ტერაქტმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ არც "ბრექსიტი" და არც იზოლაციის სხვა მცდელობა არ არის საშუალება ტერორიზმისგან თავდასაცავად. ეს გლობალური საფრთხეა, რომელიც ყველას ემუქრება, მიუხედავად იმისა, რეპრესიული მიგრაციული რეჟიმი გაქვს, თუ - ლიბერალური...

- ლონდონის ტერაქტი ახსენეთ და, როდესაც ევროსტრუქტურებში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი განიხილებოდა, ამის მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი არგუმენტი ისიც იყო, რომ შესაძლოა, საქართველოს ტერიტორია ექსტრემისტებს ტერორიზმის ტრანზიტისთვის გამოეყენებინათ...

- ამგვარ საფრთხესაც შეიძლება ჰქონდეს საფუძველი, თუ გავითვალისწინებთ, რომ უვიზო მიმოსვლა გვაქვს არაერთ მუსლიმურ ქვეყანასთან, მათ შორის - ირანთან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რადგან ევროპის კარი გაგვიღეს, ჩვენ ამ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმი უნდა დავაწესოთ. ამ მიმართულებით მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს სპეცსამსახურებს, რომლებიც ვალდებული არიან, ეს პროცესი აკონტროლონ. საქართველოში ჩამოსვლა არ ნიშნავს ვინმესთვის უვიზო მიმოსვლის უფლების მიცემას, ამისთვის საჭიროა საქართველოს მოქალაქეობა. ვფიქრობ, ამ მხრივ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყურადღებას იჩენს და აღარ არის ის ლიბერალური მიდგომა, როდესაც ლამის ნახევარ თურქეთს დაურიგა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პასპორტები. მარგველაშვილის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ დღეს ეს მიმართულება უფრო რეგლამენტირებული და შეზღუდულია.

- გამოითქმის ვარაუდები, რომ ევროპაში ტერაქტების ახალ ტალღას ელოდებიან...

- ევროპაში ტერაქტების საფრთხე მაღალია და ვერავინ იტყვის, ეს როდის დასრულდება.

"ისლამური სახელმწიფოს" დამარცხება ახლო აღმოსავლეთში სულაც არ ნიშნავს, რომ ევროპა უსაფრთხოდ იქნება. რაც უფრო სასტიკი იქნება დასავლეთის მოქმედებები "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ, მით უფრო სასტიკი იქნება ტერორისტების წინააღმდეგობა ყველგან და მათ შორის - ევროპის ტერიტორიაზეც.

ის ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ქვეყნებში უკვე მილიონობით მიგრანტია თავმოყრილი და ეს დიასპორები მძლავრია. ჩვენ ვნახეთ, როდესაც ნიდერლანდებში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ მისცეს პროპაგანდის საშუალება, როგორ შეიკრიბა ქვეყნის დედაქალაქის მთავარ მოედანზე ათასობით თურქი, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.  სამწუხაროდ, ეს პროცესები გაგრძელდება.

ეს არის ომი, რომელიც ლოკალურად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს, მაგრამ თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა გაჩაღებული; ეს არის "უხილავი დაპირისპირება, რომელიც, ჩემი აზრით, უფრო ინტენსიური გახდება.

- საშიშ ფაზაში შევიდა კონფლიქტი თურქეთსა და ევროპას შორის. თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის განცხადებები გაჟღენთილია ევროპელების სიძულვილითა და მუქარით...

- თურქეთი, მუსლიმურ ქვეყნებს შორის დასავლეთისადმი თითქოს ყველაზე ლოიალური სახელმწიფო, ჯერ კიდევ გუშინ ევროპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, დღეს კი სიტყვით ასეთ აგრესიულ პოზიციას გამოხატავს და ეს, რა თქმა უნდა, ამწვავებს ვითარებასა და ტერორიზმის საფრთხეს. თანაც თურქეთს ევროპაზე ზემოქმედებისთვის აქვს ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი - მიგრანტები. დღეს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ორი მილიონი ლტოლვილია, რომელთა ევროპისკენ გაშვებით იმუქრება ერდოღანი...

მოკლედ, უახლოეს მომავალში ევროპას ძნელად თუ ვინმე უწინასწარმეტყველებს მშვიდობას. და ეს პროცესი შეიძლება ათეულობით წლის განმავლობაში გაგრძელდეს. ამ გლობალური დაპირისპირების დარეგულირებას, რომელშიც შედის არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სოციალური და ეკონომიკური საკითხებიც, წლები დასჭირდება.  (იხილეთ სრულად)