"ყველაფერი საქართველოსთვის ავაშენე, ჩემთვის კი არაფერი ამიშენებია" - კვირის პალიტრა

"ყველაფერი საქართველოსთვის ავაშენე, ჩემთვის კი არაფერი ამიშენებია"

ოდესის ექსგუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეკომპანია ICTV-ის გადაცემაში, ოპონენტებთან დებატისას, სტუდიაში მიწვეულ სტუმრებს იმ დაწესებულებებისა და შენობების ფოტოები აჩვენა, რაც მისი მტკიცებით, საქართველოში პრეზიდენტობისას ააშენა:

"თქვენმა ლიდერმა, რომელზეც მეც დიდ იმედებს ვამყარებდი, ჩვენზე თქვა ძაღლისთვისაც არ აუშენებიათ ქოხიო...  საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე წელი ვიყავი. მინდა განახოთ, რა ავაშენე საქართველოში ამ ხნის განმავლობაში: ეს პარლამენტის ახალი შენობაა სხვა ქალაქში, პრაქტიკულად, ახალ ქალაქში; ეს გერმანული დონის 150 ახალი საავადმყოფოა; ავაშენეთ, დაახლოებით, ათასამდე ახალი სკოლა; ეს იუსტიციის სახლია, სადაც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მომსახურებაა და საბუთებს ყველაზე სწრაფად გასცემენ; ავაშენე ათობით ახალი სამხედრო ნაწილი, როგორიც უკრაინაში საერთოდ არაა, არავის ვეჯიბრები, ამას გულისტკივილით ვამბობ, რადგან უკრაინის პასპორტს ამაყად ვატარებ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ რამდენიმე ოპერის თეატრი, სტადიონები, ათასობით სახლი ავაშენეთ.... ამასთანავე, გეტყვით, რომ ჩემთვის ავიშენე 75 კვადრატული მეტრი ფართობის სახლი, და სულ ესაა ჩემი დეკლარაცია. ყველაფერი  ქვეყნისთვის (საქართველოსთვის) ავაშენე, ჩემთვის კი არაფერი ამიშენებია, ამათ კი ქვეყნისთვის კი არა, ყველაფერი საკუთარი თავისთვის აიშენეს".