"ნატო რეაგირებს იმაზე, თუ რას აკეთებს რუსეთი" - იგეგმება თუ არა ნატოს შემოსვლა ფოთში? - კვირის პალიტრა

"ნატო რეაგირებს იმაზე, თუ რას აკეთებს რუსეთი" - იგეგმება თუ არა ნატოს შემოსვლა ფოთში?

საქართველო ნატოს სთავაზობს, ფლოტი ფოთში განათავსოს, რაც კარდინალურად შეცვლის ძალთა ბალანსს შავ ზღვაზე და რუსეთს გეოპოლიტიკურ საფრთხეს შეუქმნის - რუსულ მედიაში გავრცელებულმა ამ ინფორმაციამ საქართველოში ბევრი შეაფიქრიანა.

ერთი მხრივ, ამ ამბის დაჯერება გულით გვინდოდა, თანაც ნატოს მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილებაც გვაძლევდა ოპტიმიზმის საფუძველს - ალიანსმა გადაწყვიტა, შავი ზღვის უსაფრთხოება გაეძლიერებინა. მეორე მხრივ, ინფორმაცია მოდიოდა რუსული წყაროდან, ქართული მედია და სამთავრობო სტრუქტურები კი ან დუმდნენ, ან დეტალებზე საუბარს თავს არიდებდნენ.

როგორია დღეს შავი ზღვის უსაფრთხოება და როგორ შეიცვლება ის უახლოეს მომავალში, ამ საკითხზე "კვირის პალიტრა" რუმინეთის ელჩს საქართველოში, რადუ ჰორუმბას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ ლექციაზე ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- როგორია დღეს ძალთა ბალანსი შავ ზღვაზე და როგორ შეცვლის მას ნატოს ჩართულობა?

- 2014 წლიდან მოყოლებული, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, მოწმე ვხდებით შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების კუთხით სიტუაციის დღითი დღე გაუარესებისა. შესაბამისად, ნატოს გადაწყვეტილება, გაეძლიერებინა შავი ზღვის უსაფრთხოება, არის რეაქცია რუსეთის მოქმედებებზე - არა მარტო შავ, არამედ ბალტიის ზღვაშიც, სადაც ასევე მომსწრე ვართ რუსული სამხედრო მანევრებისა, თანაც, ბალტიისპირეთის ქვეყნებს რუსეთთან პირდაპირი საზღვარი აქვთ.

- საქართველოს შეზღუდული სანაოსნო რესურსებიდან გამომდინარე, თანამშრომლობის რა საშუალებები არსებობს ნატოსა და ჩვენს ქვეყანას შორის? რა შეუძლია საქართველოს შემოგთავაზოთ?

- პირველ რიგში, პოლიტიკური ფაქტორი. შავ ზღვაზე სანაოსნო უფლებამოსილებები რეგულირდება 1936 წლის მონტრეს კონვენციით, რაც უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია თურქეთისა და მისი სუვერენიტეტისთვის შავი და ხმელთაშუა ზღვების დამაკავშირებელ სრუტეებზე. იგივე კონვენცია აწესებს დროისა და წყალწყვის ლიმიტს არაშავიზღვისპირა სახელმწიფოების გემებისთვის, ანუ გამორიცხავს სცენარს, სადაც არაშავიზღვისპირა სახელმწიფოების სამხედრო გემები განუსაზღვრელი დროით არიან გაჩერებული შავი ზღვის პორტებში.

მეორე საკითხი - სანაოსნო წარმომადგენლობა შავ ზღვაზე საქართველოს სტაბილურობის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან საქართველო წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს სავაჭრო და ენერგოდერეფანს. ყოველწლიურად იზრდება ეკონომიკური კავშირებისა და ვაჭრობის წილი ევროპასა და შორეულ აღმოსავლეთს შორის, განსაკუთრებით ჩინეთთან, უმოკლესი სატრანზიტო მარშრუტი კი სწორედ საქართველოზე გადის.

- ისევ სამხედრო უსაფრთხოებას დავუბრუნდეთ. რაც უნდა არარეალურად გვეჩვენებოდეს, ვთქვათ, ნატომ მართლაც ააშენა ფოთში სამხედრო ბაზა, რა რეაქცია ექნება ამაზე რუსეთს?

- ნატოს სამხედრო ბაზები ფოთში არ არის და ასეთი ბაზის აშენება არც იგეგმება. რომ იგეგმებოდეს, სავარაუდოდ, ეს გაამწვავებდა სიტუაციას რეგიონში და როგორც უკვე ვთქვი, ნატოს მიდგომა ამ საკითხისადმი ადაპტაციურია - ნატო რეაგირებს იმაზე, თუ რას აკეთებს რუსეთი. გადაჭარბებული რეაგირება ჩვენი მიზანი არ არის.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია