"მოქალაქეთა რეალური და მწვავე პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება" - პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოვიდა - კვირის პალიტრა

"მოქალაქეთა რეალური და მწვავე პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება" - პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით გამოვიდა. გიორგი მარგველაშვილის მოხსენება 45 წუთი გაგრძელდა და მას 99 დეპუტატი ისმენდა.

პლენარულ სხდომას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუციების ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

საკუთარ მოხსენებაში პრეზიდენტიმა მარგველაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას და პარლამენტს დიალოგისკენ და ინსტიტუციური თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

"გასული წლის ნოემბერში ახალ პარლამენტს მივმართე. მაშინ მოგახსენეთ, რომ ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნა აჩენდა ძალაუფლების კონცენტრაციის საფრთხეს, მაგრამ ამავდროულად აჩენდა თამამი რეფორმებისა და ინიციატივების შესაძლებლობებსაც. რა მივიღეთ რეალურად ხუთი თვის თავზე?

სავარაუდო საფრთხე იქცა სერიოზულ პრობლემად, ხოლო რეფორმების დინამიკა მაინცდამაინც არ არის შთამბეჭდავი. სამწუხაროა, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, პრაქტიკულად, უარი თქვა დიალოგზე და ჩაიკეტა საკუთარ თავში. ამ ფონზე მივესალმები დღევანდელ გადაწყვეტილებას, პარლამენტში ჩატარდეს დებატები.

მე არაერთხელ მითქვამს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის სამსახურში ვარ და ყველა ამომრჩევლის პრეზიდენტი ვარ. ზუსტად ასევე - თქვენც, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველას მინისტრები და მთლიანად საქართველოს პარლამენტი ხართ. მე ველოდები იმ დროს, როდესაც გამარჯვებული ძალა დაიწყებს მოკავშირეების და არა მტრების ძებნას, რადგან მჯერა, რომ ყველაზე მაღალი ამბიცია, რაც შეიძლება პოლიტიკოსს ჰქონდეს, ეს ქვეყნისა და საზოგადოების გამთლიანებაა. ამიტომ, არაერთხელ მოგიწოდეთ და დღესაც მოგიწოდებთ დიალოგისკენ, ინსტიტუციური თანამშრომლობისკენ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ის გამოეხმაურა პრეზიდენტის არჩევის წესს: "პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი ან ხვალინდელი პრეზიდენტის, დღევანდელი ან ყოფილი პრემიერის სურვილზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული, არამედ ხალხის საჭიროებებზე და რეალურად დაბალანსებულ კონსტიტუციაზე. გუშინ საზოგადოებასთან შეხვედრისას ნათლად დაფიქსირდა ქუთაისის მოსახლეობის სურვილი, რომ პარლამენტი დარჩეს ქუთაისში და ცხარე კამათის მიუხედავად მე მათ დავპირდი, რომ მათ სურვილს დავაფიქსირებდი დღეს აქ. ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ეროვნული ერთიანობის განცდა, თანადგომა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში თანამონაწილეობა. ამიტომ მოვუსმინოთ ხალხს და თუ მოვუსმენთ, მაშინ ცხადი გახდება, რომ მოქალაქეთა რეალური და მწვავე პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება, რომ ჯერ კიდევ ვერ ავაშენეთ ისეთი სახელმწიფო, სადაც არც ერთი ადამიანი არ იცხოვრებს ქუჩაში, ქუჩაში არ იცხოვრებენ და იმუშავებენ მცირეწლოვანები, სადაც ათობით ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში არ იქნება, სადაც მოხუცებს არ ექნებათ უმწეობის განცდა, სადაც არავის შია და არავის სცივა".

პრეზიდენტის თქმით, თეთრი სახლის ახალი ადმინისტაციის პირობებში, უმნიშვნელოვანესია ქართული პრობლემატიკის კიდევ უფრო გააქტიურება და ვაშინგტონის რადარებზე აქტიური ასახვა.

"საგარეო პოლიტიკის მიზანია უზრუნველვყოთ მეგობარ ქვეყანათა მეტი ჩართულობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ბალტიის, სკანდინავიის, ვიშეგრადის ჯგუფისა და მეგობარ ქვეყნებთან თანამშრომლობის სხვა ფორმატები. დღეს, თეთრი სახლის ახალი ადმინისტაციის პირობებში, უმნიშვნელოვანესია ქართული პრობლემატიკის კიდევ უფრო გააქტიურება და ვაშინგტონის რადარებზე აქტიური ასახვა. თანამშრომლობისა და პარტნიორებთან აქტიური პოლიტიკის წარმატებული მაგალითია არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც ქართული სახელმწიფო და პარტნიორები წარმატებით ვახორციელებთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოში ინვესტიციების ზრდის პირდაპირ პროპორციულად არ იქმნება სამუშაო ადგილები. პრეზიდენტის განცხადებით, ხშირია შემთხვევა, როდესაც ინვესტორებს უცხოელი მუშახელი ჩამოჰყავთ, ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის ნაკლებობის გამო.

"სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა, მწირი პენსიები და ლარის არასტაბილურობა - სწორედ ეს არის ის პრობლემები, რაც ყველაზე მეტად აწუხებს საზოგადოებას და რაც ყოველგვარი კვლევის გარეშე თვალსაჩინოა. დღეს იმედიანად აღვნიშნავთ, რომ წლის დასაწყისიდან - იანვარ-თებერვლიდან თვისობრივად გაუმჯობესებულია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ტენდენცია მთავრობისა და პარლამენტის, ეროვნული ბანკისა და სხვა აქტორების აქტიური ჩართულობით მომავლშიც შენარჩუნდება. თუმცა ეკონომიკის, ან ინვესტიციების ზრდა არაფრისმთქმელ სტატისტიკურ მონაცემად დარჩება, თუ არ მოხდება ისედაც მწირი დოვლათის ეფექტური გადანაწილება, სამუშაო ადგილების შექმნა".

პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ 2-საათიანი შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც დებატების ფორმატში, დეპუტატების გამოსვლები დაიწყება.

პარლამენტის ბიურო 3 აპრილის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, პარლამენტის წევრებისათვის, რომლებიც არც ერთ ფრაქციაში არ არიან გაერთიანებული, გათვალისწინებულია 5-5 წუთი. ამის შემდეგ პარლამენტის ტრიბუნა უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ არსებულ ფრაქციებს ("ნაციონალური მოძრაობა" და "საქართველოს პატრიოტები") დაეთმობა - მათთვის გათვალისწინებულია 15-15 წუთი. საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციებისთვის, ისევე როგორც უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისთვის გათვალისწინებულია 10-10 წუთი.

ამის შემდეგ უმცირესობას და უმრავლესობას ცალ-ცალკე 45-45 წუთი დაეთმობა, ხოლო შემდეგ გამოვლენ ვიცე-სპიკერები 10-10 წუთით.

ბოლოს ტრიბუნას პარლამენტის თავმჯდომარე დაიკავებს, რომლის გამოსვლისთვის გათვალისწინებულია 15 წუთი.

"ინტერპრესნიუსი"