"დეპუტატებმა გავიაროთ შემოწმება სიცრუის დეტექტორზე და გავარკვიოთ ვინ არის აგენტი" - კვირის პალიტრა

"დეპუტატებმა გავიაროთ შემოწმება სიცრუის დეტექტორზე და გავარკვიოთ ვინ არის აგენტი"

ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები" ინიციატივით გამოდის, მოხდეს დეპუტატების სიცრუის დეტექტორზე შემოწმება, რათა გაირკვეს თუ რომელი მათგანი არის უცხო ქვეყნის აგენტი.

აღნიშნული წინადადებით "საქართველოს პატრიოტების" თავმჯდომარე გიორგი ლომია პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გამოვიდა.

გიორგი ლომიამ ცილისწამებასა და იარლიყების მიკერებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს კვლავ გრძელდება "მიხეილ სააკაშვილის დროს დაწყებული ცილისწამებლური მანქანის მუშაობა".

"ქვეყანაში ფუნქციონირებს ადამიანების და პოლიტიკოსების დიკრიმინაციის მანქანა. ამ მანქანის სათავეში კვლავ სააკაშვილები და მისნაირები დგანან. ხელისუფლება კი არაფერს აკეთებს. არ დაგიმალავთ და ისეთი განცდა მაქვს, რომ არც ცდილობს რაიმეს გაკეთებას. შემოვდივართ წინადადებით და ინიციატივით, დეპუტატებმა გავიაროთ შემოწმება სიცრუის დეტექტორზე და გავარკვიოთ, ბოლოს და ბოლოს, ვინ არის აგენტი, რომელი ქვეყნების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს რომელიმე ჩვენი კოლეგა. მზად ვართ, ჩვენი ეს შემოთავაზება ჩვენი ფრაქციით დავიწყოთ",- განაცხადა გიორგი ლომიამ.