"რუსეთის ერთადერთი სცენარი ისევ იარაღის გამოყენებას ეფუძნება" - კვირის პალიტრა

"რუსეთის ერთადერთი სცენარი ისევ იარაღის გამოყენებას ეფუძნება"

"რუსეთმა შესაძლოა, კავკასიური კორიდორი ჩაკეტოს"

ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებები მსოფლიო გეოპოლიტიკური რეალობის ცვლილებებზე მსჯელობის საფუძველს იძლევა. როგორ წარიმართება სუპერსახელმწიფოების ურთიერთობა და რა გავლენას მოახდენს ეს სამხრეთ კავკასიასა და შავიზღვისპირეთის რეგიონზე? რა როლი ექნება საქართველოს? ამ საკითხებზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა კახა გოგოლაშვილმა ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- როგორ ხედავთ საქართველოს მომავალს ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში?

- როდესაც აშშ და ნატო საჯაროდ ლაპარაკობენ აღმოსავლეთ ევროპის სამხედრო გაძლიერებაზე, ეს ბევრ რამეს ცვლის თუნდაც სამხრეთ კავკასიაში. უნდა ვიფიქროთ იმაზე, უკრაინაში მარცხი ხომ არ უბიძგებს რუსეთს, აქცენტი კავკასიასა და საქართველოზე გადმოიტანოს, რათა თავისი სამხედრო სიძლიერე წარმოაჩინოს, მაგრამ ახლა ამისთვის არ სცალია. თუმცა, თუ რუსეთი უკრაინის ფრონტზე დამარცხდა და ჩინეთიც დაკარგა, როგორც პარტნიორი, არ არის გამორიცხული, უპირველეს ამოცანად დაისახოს კავკასიური კორიდორის ჩაკეტვა.

ამისთვის კი საქართველოსა და აზერბაიჯანზე კონტროლი დასჭირდება. თუმცა დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი კორიდორის გადაკეტვა არც ისე მარტივია...

არც ის არის გამორიცხული, რომ ტრამპმა კავკასიაშიც ხისტად იმოქმედოს. რუსეთმა დღემდე ისიც ვერ მოახერხა, რომ როგორც ქართველი ხალხის, ისე მთავრობის რუსეთთან დამოკიდებულება შეეცვალა. აქედან გამომდინარე, მისი ერთადერთი სცენარი ისევ იარაღის გამოყენებას ეფუძნება.

ჯერჯერობით კი რუსეთის ყურადღება მხოლოდ უკრაინისა და სირიისკენ არის მიმართული. ამასობაში საქართველო ნელ-ნელა იძენს რეგიონში დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრების ფუნქციას. წინაურდება არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ შავიზღვისპირეთის რეგიონშიც (თუ არ ჩავთვლით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს). ახლახან ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველო შთამბეჭდავ რეფორმებს ახორციელებს, აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ახდენს თავდაცვითი სტრუქტურების მოდერნიზებას და ებრძვის კორუფციას. ამგვარი "კომპლიმენტით" მან კიდევ ერთხელ მიგვანიშნა, რომ უნდა გავუფრთხილდეთ იმ ადგილსა და ფუნქციას, რომელიც გეოპოლიტიკურ რეალობაში საქართველოს აკისრია.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად