"ბატონი იზორიასთვის დაწინაურების პრინციპია - სადაც ის დაიბადა, მისი სოფლიდან რამდენ კილომეტრში ხარ დაბადებული" - კვირის პალიტრა

"ბატონი იზორიასთვის დაწინაურების პრინციპია - სადაც ის დაიბადა, მისი სოფლიდან რამდენ კილომეტრში ხარ დაბადებული"

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროში "გაუგონარი კუთხურობა სუფევს".

როგორც თინა ხიდაშელმა განაცხადა, უწყებაში დაწინაურების პრინციპია, "ლევან იზორიას სოფლიდან რამდენ კილომეტრში არის ადამიანი დაბადებული".

თინა ხიდაშელი შეცდომად აფასებს მინისტრების განცხადებებს, რომლებიც ოპტიმიზაციის დაანონსებისთანავე ამბობდნენ, რომ 10%-ის ფარგლებში ოპტიმიზაციას მოახერხებდნენ.

"ადამიანები არსად, მათ შორის, არც საჯარო სამსახურში პროცენტებით არ ითვლებიან. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ჯარს ეხება - ჯარში ყველა ადამიანს აქვს თავისი კონკრეტული ფუნქცია და დავალება. თუ ეს დავალება და ფუნქცია აქტუალური აღარ არის, მაშინ ასეთი ადამიანის რელოკაცია უნდა მოხდეს - ან სხვა სამსახურში გადაინიშნოს, ან გათავისუფლდეს, თუ მისი ადგილი აღარ არის, ოღონდ, ეს უნდა იყოს ამ პროცესის შედეგი და არა, დაწესებული პროცენტების. ძალიან კარგად მახსოვს, ყველა მინისტრი, რომელიც მთავრობის სხდომიდან გამოდიოდა ერთმანეთის მიყოლებით ამბობდა, რომ აუცილებლად მოახერხებდა 10%-ის ფარგლებში ოპტიმიზაციას. ანუ ეს რას ნიშნავს? - ამით მინისტრები აღიარებდნენ, რომ ადამიანების 10%, რომელიც საჯარო სამსახურში იყო, ბიუჯეტიდან ფულს იღებდა, საჭირო არ იყო და რაღაც სხვა ამოცანების გამო არსებობდა იქ. შემდეგ მათ დაავალეს და თქვეს, - "რა პრობლემაა". ამიტომ არის ეს ფუნდამენტურად არასწორი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

რაც შეეხება კონკრეტულად თავდაცვის სამინისტროს, უწყების ყოფილი ხელმძღვანელის შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს ოპტიმიზაცია სჭირდება. ხიდაშელი ამბობს, რომ მისი ხედვა და შესაბამისი დოკუმენტი გადადგომისას თავდაცვის მინისტრს დაუტოვა და პრემიერს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს გაუგზავნა.

"მე ამაზე წელიწადნახევრის განმავლობაში ვსაუბრობდი. ამის გამო, ბევრი მოწინააღმდეგე გავიჩინე. მე როდესაც იქ მივედი, თავდაცვის სამინისტრო იყო ამოტრიალებული პირამიდის უწყება. ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ ეს არის პირამიდა, სადაც გენერალი, მთავარსარდალი არის თავში, შემდეგ პირამიდულად მოდის და ბოლოში არის ბევრი ე.წ."ხიშტი". ჩვენ გვყავს ჯარი, სადაც ეს ყველაფერი პირიქით იყო. უფრო მეტი პოლკოვნიკი გვყავდა, ვიდრე უფრო დაბალი რანგის ოფიცრები. ეს ძალიან ბევრ წლიანი კატასტროფის შედეგია. რა თქმა უნდა, ეს გასასწორებელია და ეს არის სწორედ ის დოკუმენტი, რომელიც გადადგომის დროს თავდაცვის სამინისტროში დავუტოვე მინისტრს, გავუგზავნე პრემიერს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, როგორც სახელმძღვანელო , თუ უნდოდათ, ჩემი აზრით, სწორი პოლიტიკის გატარება, მაშინ ეს იყო გასაკეთებელი. იქ სამწუხაროდ სრულიად სხვა პროცესი წარიმართა. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ზოგადი ტენდენციიდან გამომდინარე პროცესი არასწორად წარიმართა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე მტკიცებით, ლევან იზორია მინისტრობის პირველი თვეების განმავლობაში არკვევდა, ვის როგორი ემოციური განწყობა ჰქონდა თინა ხიდაშელის მიმართ. ხიდაშელის თქმით, მისი მინისტრობის პერიოდში დაწინაურებული კადრები სახლში გაუშვეს, ან დააქვეითეს.

"მე ზუსტად ვიცი, რომ ადამიანები, რომლებიც ჩემს დროს დაწინაურდნენ, ან სახლში გაუშვეს, ან დააქვეითეს. ბატონი იზორია მინისტრობის პირველი თვეების განმავლობაში იმით იყო დაკავებული, გაერკვია, ვის როგორი ემოციური განწყობა ჰქონდა ჩემს მიმართ. ეს თავდაცვაში ძალიან სასაცილოა, რადგან თავდაცვის სამინისტროში მუშაობენ ოფიცრები, რომლებიც ვარდიკო ნადიბაიძის და ბატონი თევზაძის დროიდან არიან იქ და ყველანაირი მინისტრის ხელში გაიარეს. ისინი არიან კარიერული ოფიცრები და ამას არაფერი საერთო არ აქვს, ვინ არის მინისტრი. თუ დაინახავ ადამიანის შესაძლებლობებს, ის დაწინაურდება იმიტომ , რომ მას აქვს ეს შესაძებლობები. მე ასეთი პრინციპით ვხელმძღვანელობდი. როგორც მეუბნებიან, ბატონი იზორიას პრინციპი არის - სადაც ის დაიბადა, მისი სოფლიდან რამდენ კილომეტრში ხარ დაბადებული. იმის მიხედვით წინაურდები, რაც უფრო ახლოს ხარ მის სოფელთან დაბადებული. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი წუხილი, რომელიც დღეს თავდაცვის სამინისტროდან ბევრი ადამიანისგან მესმის, რომ იქ სუფევს გაუგონარი კუთხურობა და მიკერძოება სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე. ეს პრემიერის და მისი პრობლემა არის დიდწილად. ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი საჯაროდ გამოვიტანოთ, თუმცა შემდეგ ქართველი ხალხი აკეთებს არჩევანს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

"ინტერპრესნიუსი"