სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მუშაობის დასრულებასთან დაკავშირებით შემაჯამებელ შეხვედრას მართავს. შეხვედრაზე კომისიის წევრები კონსტიტუციური ცვლილებების საბოლოო პროექტს და კომისიის სამუშაო ჯგუფების მიერ გაწეულ საქმიანობას აჯამებენ.

პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 15 დეკემბერის N65 დადგენილებით შექმნილმა კომისიამ, 73 წევრის შემადგენლობით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში სამ ეტაპიანი შეხვედრები გამართა.

„4 თვის განმავლობაში სამუშაო შეხვედრებზე კონსტიტუციის თავების და მუხლების დეტალური განხილვა-რედაქტირება დისკუსიის და დებატების რეჟიმში მიმდინარეობდა, რომელზეც კომისიის თითოეულ წევრს საკუთარი წინადადებების და მოსაზრებების წარმოდგენის საშუალება მიეცა“, - აცხადებენ პარლამენტის პრესსამსახურში.

დღევანდელ შემაჯამებელ შეხვედრაზე, ახალი კონსტიტუციის რედაქციის პროექტს კომისიის წევრები კენჭს უყრიან. მიღებული დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება და საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის საქართველოს მოქალაქეებს წარედგინებათ.

"ინტერპრესნიუსი"