43 მომხრე, 8 წინააღმდეგი - საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს კომისიამ მხარი დაუჭირა - კვირის პალიტრა

43 მომხრე, 8 წინააღმდეგი - საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს კომისიამ მხარი დაუჭირა

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს კომისიის 43-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 8. კომისიის წევრებმა აღნიშნული გადაწყვეტილება 4 საათიანი მუშაობის შემდეგ მიიღეს.

კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება და საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის საქართველოს მოქალაქეებს წარედგინება. საბოლოოდ, კონსტიტუციის ცვლილებების პროექტი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ირაკლი კობახიძე, პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე:

"საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება ის, რომ კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემა მმართველი გუნდის სუბიექტური ინტერესების საზიანოდ იცვლება. ეს არის უპრეცედენტო მოვლენა. ეს არის დადგენილი საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენ პირველად გადავდგით ნაბიჯი პროპორციული სისტემისკენ და ეს პროპორციული სისტემა საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს იმას, რომ გამორიცხული იქნება ნებისმიერი ტიპის ავტოკრატიის ჩამოყალიბება ქართულ რეალობაში გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ მიერ შემოთავაზებული საპარლამენტო საარჩევნო სისტემა გამორიცხავს ყოველგვარ ჭარბ უმრავლეობას, მითუმეტეს საკონსტიტუციო უმრავლესობას."

მამუკა მდინარაძე, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე:

"ჩვენ ამ კონსტიტუციით ვიღებთ კარგ, პროგრესულ კონსტიტუციას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. რაც შეეხება არასამთავრობოების კონკრეტულ მოთხოვნას, ვენეციის კომისიის დასკვნის გაზიარებას განსაკუთრებით, იურიდიულ კონტექსტში ისედაც ვაპირებთ და ამის შესახებ უპრეცენდენტო განცხადებებიც გაკეთდა ჩვენი მხრიდან. ამიტომ, ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი."

ანა ნაცვლიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე:

"საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც 5 % -იან ბარიერს და გაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მიკუთვნებას ეხება, არანაირი არგუმენტი არ ყოფილა გაზიარებული, არც დიკუსია ყოფილა. ითქვა, რომ არ მოხდებოდა საკითხზე სხვა წინადადებების გათვალისწინება და გავიდა მმართველი პარტიის ვერსია".

ვახუშტი მენაბდე, საკონსტიტუციო კომისიის წევრი:

"მიღებული დოკუმენტი ბევრს ასპექტში კარგია და შეესაბამება კონსტიტუციონალიზმის პრინციპებს, მაგრამ სამწუხაროდ, არის ასპექტები, სადაც ის ვერ ახერხებს დააბალანსოს ხელისუფლების შტოები და შეაკავოს მათი მზარდი ძალაუფლება...

მნიშვნელოვანია ის, რომ ახალ პროექტში ჩაიწერება პრემიერ-მინისტრის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგენა, მაგრამ მთავარი პრობლემა საარჩევნო სისტემის თაობაზე არ გადაჭრილა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სისტემა სამართლიან ბალანსს არ უზრუნველყოფს და ხელისუფლება აღჭურვილი იქნება დიდი ძალაუფლებით, არაპროპორციული მანდატებით.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ძალიან ძნელი ხდება ამ პირობებში უმრავლესობის დამარცხება. პირველ ადგილზე გასულ პარტიას იმდენი მანდატი აქვს, რომ ეს არასტაბილურ გარემოს ქმნის და აფერხებს ხელისუფლების ცვლას დემოკრატიული გზით, რაც კრიზისის გამომწვევი ფაქტორი შეიძლება იყოს."

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით