"ახალაიაზე მეტად, ვანოსთან ვურთიერთობ..." - რას ამბობს გიგი უგულავა, ციხეზე, შვილებსა და მერაბიშვილ - ახალაიაზე? - კვირის პალიტრა

"ახალაიაზე მეტად, ვანოსთან ვურთიერთობ..." - რას ამბობს გიგი უგულავა, ციხეზე, შვილებსა და მერაბიშვილ - ახალაიაზე?

"ციხეში გატარებულ წლებს იძულებით სამეცნიერო მივლინებასაც ვუწოდებ"

"თფილისელობის" ვიწრო გაგებას, კატეგორიულად არ ვეთანხმები"

"აბსოლუტური სიგიჟეა ე.წ. სამართლიანობის აღდგენა. საერთოდ, ეს ფრაზა, ბოლოს ჰიტლერმა გამოიყენა..."

როგორც ცნობილია, თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა, ქალაქის მერობაზე კენჭისყრაზე უარს აცხადებს, რადგან მიაჩნია, რომ ამ ამპლუაში სკუთარი თავი ამოწურა და ახლა მის პოლიტიკურ პარტიასთან ერთად, სხვა მიმართულებით უნდა იმუშაოს...

ფრაქცია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერს, თბილისის ყოფილი მერს, გიგი უგულავას, ციხეში გატრებულ წლებზე, ქალაქის ამჟამინდელი მერის მიმართ მის დამოკიდებულებასა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ:

- ის, რომ მერობაზე კენჭისყრის სურვილი არ მაქვს, რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული. ორი მოწვევით ვიყავი მერად არჩეული და ჩემი ცხოვრების ეს მონაკვეთი დავასრულე. კარგად თუ ცუდად, ეს უკვე თბილისის მაცხოვრებლების შესაფასებელია. ეს არის პერსონალური ასპექტი, რის გამოც არ მინდა მერობა. რაც შეეხება, პოლიტიკურს, ჩემს პარტიას აუცილებლად ეყოლება მერობის კანდიდატი. ჩემი კანდიდატობის შემთხვევაში, შესაძლოა ამას გარკვეული პლუსები ჰქონოდა, რადგან გამოცდილება და მიღწევები მაქვს, მაგრამ მირჩევნია და პარტიაშიც მიიჩნევენ, რომ ჩვენს კანიდიდატს ჰქონდეს მომავლის ხედვა, კონკრეტული და დამოუკიდებელი გეგმები.

- რა კონკრეტული შენიშვნები გაქვთ დავით ნარმანიასთან, როგორც ქალაქის ყოფილ მერს?

- ჩემი შენიშვნები, არავითარ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული მის წარმომავლობასთან, - სოფელი კოკი და ასეთი არასერიოზული არგუმენტები, არაფერ შუაშია, პირიქით, მიმაჩნია, რომ ასეთი მიდგომა, მავნებლობაა. "თფილისელობის" ვიწრო გაგებას, კატეგორიულად არ ვეთანხმები.

"თბილისელობა" სულაც არ ნიშნავს აქ დაბადებას, ნარმანიას სრულიად სხვა პრობლემა აქვს, ის არ არის ურბანული ტიპაჟი და არ გააჩნია ქალაქის გნვითარების დამოუკიდებელი ხედვა. ხშირად ლაპარაკობენ, რომ მერობა არ არის პოლიტიკური თანამდებობა, რაც ასე არ არის. პირიქით, ის აუცილებლად უნდა იყოს პოლიტიკოსი, რადგან ის არჩევითი თანამდებობაა და როდესაც იქ არაპოლიტიკოსი აღმოჩნდება, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ის იქ დასვეს. სწორედ ასე აღმოჩნდა ამ თანამდებობაზე ნარმანია, - ის იქ დასვეს და ყველაზე ცუდი ის არის, რომ საკუთარ პოლიტიკურ გუნდშიც არ სცემენ პატივს, პოლიტიკური წონა არ აქვს, რაც მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას ხელს უშლის.

რაც შეეხება როგორც მენეჯერს, ვერც ამ კუთხით ივარგა, რადგან ვრ შემოიკრიბა კარგი გუნდი, რომელთან ერთადაც მნიშვნელოვან რეფორმებს განახორციელებდა. სუსტი გუნდი ჰყავს და ეს ყველაფერს ეტყობა და ყველაფერში იგრძნობა.

- კონკრეტულად? რა მოგხვდათ თვალში, როდესაც ციხიდან გამოხვედით?

- სტაგნაცია, ქალაქში, ისევე, როგორც მთელ ქვეყანაში... მერიის ახალმა ადმინისტრაციამ ორი წელი თითის ჩვენკენ გაშვერაში გაატარა. ჩვენს საქმეებში იქექებოდნენ და იმ დროს დაწყებული ყველა პროექტი გააჩერეს და ამით ქალაქი დააზარალეს.

- დაასახელეთ რომელი პროექტი გააჩერეს.

- თუნდაც რკინიგზის გადატანის თემა... ზოოპარკის გადატანის იდეა ჩვენ გვქონდა, მაგრამ მისი დასრულების ვადა, მგონი, ჯერ კიდევ დაუდგენელია... ძალიან მიხარია, რომ აღმაშენებელის რეაბილიტაცია დასრულდა, მაგრამ ის ჩვენ დავიწყეთ და ამათ ორწლიანი პაუზა ჰქონდათ, შემდეგ მიხვდნენ, რომ ამით არაფერი ცუდი არ ხდებოდა. საქმე ის არის, რომ ურბანული განვითარების ტემპი ძალიან სწრაფია და როგორღაც უნდა აუწყო ფეხი... ასევე კარგად გამოჩნდა, "პატრონყმური" დამოკიდებულება ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით. ასეთი საკითხების შემდეგ, რაც უნდა კარგი გააკეთოს, ეს ყოველთვის დაჩრდილავს... გზების დაგება ინერციით მიდის, ორმოს შეკეთებას ნარმანია კი არა, მასზე უარესი შეძლებს. არ აქვს ხედვა, როგორ განავითარო ქალაქი ისე, რომ მარჯვენა სანაპიროდან თანდათან მარცხენაზე გადატანა მოხდეს. არ ვიცი, შესაძლოა, მას გამბედაობა არ ჰყოფნის. ჩვენც გვაკრიტიკებდნენ, მაგრამ მაინც ვაკეთებდით, თუნდაც გმირთა მოედანზე ესტაკადებთან დაკავშირებით, გავაჩეროთ ახლა ეს ყველაფერი და ვნახოთ, რა მოხდება ქალაქში... ჩვენი გუნდის ერთ-ერთი დიდი პლუსი სწორედ ის იყო, რომ კრიტიკულ აზრს არ ვუშინდებოდით.

- ციხიდან გამოსვლის შემდეგ გქონდათ ვანო მერაბიშვილთან და ბაჩო ახალაიასთან ურთიერთობა?

- მონახულების საშუალება ციხეში ყოფნის დროსაც არ მქონია, რადგან ყველანი სამარტოო საკანში ვიყავით და იქ განსხვავებული რეჟიმია. შემდეგ, ადვოკატის საშუალებით მაქვს ურთიერთობა, - რას შვრება, როგორ გრძნობს თავს, ეს, რა თქმა უნდა, მაინტერესებს. ახალაიაზე მეტად, ვანოსთან ვურთიერთობ... საერთოდ, კი, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა იმ ადამიანის პარტიულ ცხოვრებას, რომელიც ციხეშია, ამას მხოლოდ ციხის სოლიდარობა არ მალაპარაკებს, უბრალოდ, ეს აბსოლუტური სიგიჟეა ე.წ. სამართლიანობის აღდგენა. საერთოდ, ეს ფრაზა, ბოლოს ჰიტლერმა გამოიყენა... მთავარია, კანონის უზენაესობა, რომელიც ამ გამოთქმის კლასიკური გაგებით არც არასდროს ყოფილა... საკმარისზე მეტი ვატკინეთ ერთმანეთს დ ახლა უკვე ქვეყანას და ხალხს ვაზიანებთ. ახლა კი, ეს მარაზმი უნდა დასრულდეს, რაც შეიძლება მალე. ეს წერტილი პრეზიდენტმა უნდა დასვას, მას ამისთვის პოლიტიკური გამბედაობა და გამჭრიახობა არ ჰყოფნის.

- თითქმის სამი წელი იყავით ციხეში. რა შეცვალა ამ წლებმა თქვენთვის?

- დიახ, 2 წელი და 7 თვე ვიყავი ციხეში, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ეს დრო დაკარგულია. პირიქით, ხანდახან ხუმრობით, იძულებით სამეცნიერო მივლინებასაც ვუწოდებ. იქ ძალიან ბევრი დრო გაქვს, იფიქრო, იკითხო და ეს არის შესაძლებლობა, სხვა თვალით შეხედო შენს ცხოვრებას. ეს არის შესაძლებლობა გადაცურო სხვა ნაპირი და იქიდან შეხედო შენს ცხოვრებას. მით უფრო, მაშინ როდესაც ძალიან მაღალ თანამდებობაზე იყავი და შემდეგ აღმოჩნდი ციხეში, რომელიც ცხოვრების ფსკერია. ციხის მერე, ცოცხალი ადამიანის იერარქიაში უფრო დაბალი საფეხური სიკვდილია. არ ვიცი, გნებავთ სულის ჯოჯოხეთი დავარქვათ, მაგრამ ასეა... იმას კი არ ვამბობ, რომ ცუდად მექცეოდნენ, უბრალოდ, ვადარებ... თუმცა, ამ დროის განმავლობაში, უფრო მეტი შევიძინე, ვიდრე დავკარგე. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ციხიდან გამოსვლის შემდეგ, გაორებული არ იყოს, ერთი შენი ნაწილი შურისძიებისა და ბოღმისკენ გექაჩება, მეორე კი, გეუბნება, რომ ეს ყველაფერი წარსულში უნდა დატოვო. XIX საუკუნის რევოლუციონერების უმეტესობა კატორღაგამოვლილი იყო, - ნაწილი ციხეში იყო, ნაწილი კი გადასახლებაში, რამაც ისინი გააბოროტა. ამის კარგი მაგალითია, დოსტოევსკის გმირებიც... ეს გაორება ჩემშიც არის, მაგრამ მიმაჩნია, რომ მეყოფა ძალა, ამ ინსტიქტებით არ ვიმოქმედო, რადგან ეს არ არის ის მამოძრავებელი მუხტი, რომელიც ქვეყანას, ჩემს პოლიტიკურ გუნდს, მე და ჩემს შვილებს გამოგვადგება.

- შვილები შეცვლილი დაგხვდათ?

- ძალიან... უნდა ვაღიარო, იმ ხნის განმავლობაში, ყველაზე მეტად შვილები მენატრებოდნენ. მანამდეც, დაპატიმრებამდე, ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, მუდმივად მქონდა მათთან ურთიერთობის დეფიციტი... სამივემ სხვადასხვაინაირად აღიქვა ჩემი დაპატიმრება, - უფროსი, ტასო, უფრო დიდია, უკვე სკოლას ამთავრებს და ამ ყველაფერს შეგნებით შეხვდა. უმცროსი, ძალიან პატარა იყო და ვერ მიხვდა, სად გაქრა მამა. ერთი წლის შემდეგ, როდესაც პაემანზე მოსვლის შესაძლებლობა მიეცათ, შუშის მიღმა რომ მელაპარაკებოდა, გარემოს მიმართ პროტესტის ნიშნად, შუშას ხელს ურტყამდა, შემდეგ უკვე დაიძინებდა... ყველაზე მძიმედ შუათანა გოგონამ, თინამ განიცადა, რომელიც მაშინ 10 წლის იყო, ახლა 13 არის, ბუნებით ძალიან ემოციურია და ყველაზე ბევრი კითხვა მას ჰქონდა. მაშინ, როდესაც ციხიდან პირველად გამოვედი და ვიცოდი, რომ ისევ უკან შევბრუნდებოდი, ვცდილობდი, ყველაზე მეტი დრო მისთვის დამეთმო და ამეხსნა, რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი... სამივე ძალიან შეცვლილი დამხვდა. მახსოვს ჩემი რეაქცია, როდესაც ტასომ მომწერა, ნუ მელაპარაკები, როგორც ბავშვს, პატარა აღარ ვარო... თუმცა, მე მაინც ბავშვივით ვესაურები. არ არის ადვილი ციხეში ყოფნა, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან როგორი გამოხვალ...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)