შვეიცარიის ყოფილი ელჩი: "თეორიულად, კონფედერაცია ყოველთვის განიხილება ტერიტორიული კონფლიქტების გადაჭრის ერთ-ერთ ვარიანტად" - კვირის პალიტრა

შვეიცარიის ყოფილი ელჩი: "თეორიულად, კონფედერაცია ყოველთვის განიხილება ტერიტორიული კონფლიქტების გადაჭრის ერთ-ერთ ვარიანტად"

რეფერენდუმი და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალში, ახალი საელჩო და ლავროვის ვიზიტი სოხუმში - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პერსპექტივა ამ მოვლენების ფონზე კიდევ უფრო პესიმისტურად გამოიყურება. რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ მსგავსი სცენარების თავიდან ასაცილებლად და რა შეუძლია ევროპას? - ამ კითხვებით "კვირის პალიტრამ" შვეიცარიის ყოფილ ელჩს საქართველოში, ამჟამად ეუთოს თანათავმჯდომარეს ჟენევის მოლაპარაკებებში, გუნთერ ბეხლერს მიმართა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- შვეიცარიული ნოუ-ჰაუთი დავამთავროთ - კონფედერაციის თემა. იმუშავებდა კონფედერაციის მოდელი საქართველოსთვის? არის თუ არა ეს რეალისტური სცენარი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად?

- თეორიულად, კონფედერაცია ყოველთვის განიხილება ტერიტორიული კონფლიქტების გადაჭრის ერთ-ერთ ვარიანტად, მაგრამ აქ ამოსავალი წერტილი ის არის, რომ მხარეებს თანაცხოვრების სურვილი უნდა ჰქონდეთ. შვეიცარია ჯერ კონფედერაციად ჩამოყალიბდა, შემდეგ ფედერაციად გარდაიქმნა და ეს ნებაყოფლობით მოხდა. საქართველოშიც შეიძლება იგივე მოხდეს, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება სოხუმისა და ცხინვალის მზადყოფნაზეც.

- შემისწორეთ, თუ ვცდები - კონფედერაცია ნიშნავს, რომ მხარეებს თანაბარი სტატუსი ექნებათ, ანუ თუ თბილისი, ცხინვალი და სოხუმი კონფედერაციას შექმნიან, მათ თანაბარი სტატუსი ექნებათ, ეს კი ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები მიიღება უმრავლესობის მიხედვით, რაც არ გამორიცხავს სცენარს, რომ თბილისს ცხინვალ-სოხუმის ბლოკმა, და თავისთავად, რუსეთმა გადაუწყვიტოს, როგორ მოიქცეს და საით წავიდეს...

- გულწრფელად გეტყვით, კონფედერაცია მომავლის, ასე ვთქვათ, ალტერნატიული სცენარია. ამ ეტაპზე საქართველოს პოზიცია მყარად ეფუძნება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპს და ამ პოზიციის გადახედვა არ იგეგმება. ასეთია რეალობა. ასე რომ, რა შედეგებს მოგვიტანდა კონფედერაციის სცენარი, ამაზე საუბარი დღეს მხოლოდ თეორიულად არის შესაძლებელი. თუმცა, დაფიქრება შეიძლება.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია