"საფუძვლიანია ვარაუდი, რომ იერუსალიმის პატრიარქის მოქმედებაში რუსეთის ხელი ურევია" - რას აცხადებს თეოფილოს III აფხაზების და ოსების მიღებაზე? - კვირის პალიტრა

"საფუძვლიანია ვარაუდი, რომ იერუსალიმის პატრიარქის მოქმედებაში რუსეთის ხელი ურევია" - რას აცხადებს თეოფილოს III აფხაზების და ოსების მიღებაზე?

"იერუსალიმის პატრიარქის ნაბიჯი კანონიკური სამართლის ძალიან უხეში დარღვევაა"

ჩვენში დიდი რეზონანსი მოჰყვა აფხაზური ელექტრონული მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 10 აპრილს, იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილოს მესამემ იერუსალიმში, საკუთარ რეზიდენციაში ე.წ. აფხაზური სამღვდელოების წარმომადგენლებსა და მომლოცველებს უმასპინძლა და "აფახაზეთის მთავრობა" დალოცა.

აფხაზებისვე ინფორმაციით, თეოფილოს მესამე, რუსული ეკლესიის შუამდგომლობით, აფხაზურ დელეგაციას უკვე მეორედ შეხვდა. ბუნებრივად დაისვა კითხვა, არის თუ არა ეს ქართული ეკლესიის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა და საეკლესიო სამართლის დარღვევა?!

ბექა მინდიაშვილი, თეოლოგი:

- იერუსალიმის პატრიარქის ნაბიჯი არასწორია! არსებობს 15 მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესია, ესაა მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანი ოჯახი, რომელშიც არ შეიძლება დაუშვან სხვა სქიზმები და განხეთქილებაში მყოფი მართლმადიდებლური თემების აღიარება. დღესდღეობით, აფხაზეთი შედის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციაში და აფხაზეთის მღვდელმთავარი არის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, შესაბამისად, ყველა ნაბიჯი, რასაც კი სხვა ეკლესიის მღვდელმთავარი ან ეპისკოპოსი გადადგამს აფხაზებთან მიმართებაში, შეთანხმებული უნდა იყოს ჩვენს პატრიარქთან.

იერუსალიმის პატრიარქის ნაბიჯი კანონიკური სამართლის ძალიან უხეში დარღვევაა. გარდა ამისა, არის არაკოლეგიალური და არამეგობრული დამოკიდებულების დემონსტრირება. მეორე მხრივ, იერუსალიმის პატრიარქს შეუძლია ინდივიდუალურად მიიღოს ნებისმიერი ადამიანი და ეს, რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არაა, მაგრამ თუ შეხვედრას ოდნავ მაინც პოლიტიკური ელფერი ჰქონდა, ეს ყოვლად არასწორია!

მიმაჩნია, რომ საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს, იერუსალიმის პატრიარქისთვის პირადად უნდა გაეგზავნა საყვედური მომხდარის გამო, მაგრამ, სამწუხაროდ, საპატრიარქოში როგორც ჩანს, ამისთვის არ სცალიათ. ის, რაც იერუსალიმის პატრიარქმა გააკეთა, ასეთი ნაბიჯები ზოგჯერ ეკლესიებს შორის განხეთქილების მიზეზი ხდება.

- ამბობენ, რომ იერუსალიმის პატრიარქი რუსული გავლენის ქვეშაა...

- რუსეთის საპატრიარქო არც ე.წ. სამხრეთ ოსეთში და არც აფხაზეთში პირდაპირ არ მოქმედებს. აფხაზეთში ის აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას... ბუნებრივია, ეს ხდება ფორმალურად, თორემ რეალურად, რუსეთის ეკლესიამ მთლიანად განახორციელა აფხაზეთის ეკლესიის ინტერვენცია და მართავს იქაურობას, ხოლო სამხრეთ ოსეთში ადგილობრივი ეკლესია ეკუთვნის ერთ-ერთ სქიზმატურ, ანუ არამართლმადიდებლურ ოჯახში შემავალ ჯგუფს. ბუნებრივია, ესეც რუსეთის პოლიტიკის შედეგია, ანუ ისე წარმოაჩენენ, რომ თითქოს რუსეთი არც აფხაზეთში და არც ე.წ. სამხრეთ ოსეთში არ ერევა. თუ ამ შეხვედრაზე მართლაც გაკეთდა ის განცხადებები, რაც აფხაზურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს, საფუძვლიანია ვარაუდი, რომ იერუსალიმის პატრიარქის მოქმედებაში რუსეთის ხელი ურევია.

25 აპრილს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე იერუსალიმის ბერძენ მართლმადიდებელ პატრიარქ თეოფილოს მესამეს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვა თემებთან ერთად, ელჩმა და პატრიარქმა ეს საკითხიც განიხილეს. როგორც ირკვევა, შეხვედრაზე, იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილოს III დაადასტურა აფხაზ და ოს მომლოცველებთან შეხვედრა, თუმცა აღნიშნა, რომ მისთვის ყოვლად მიუღებელია ამგვარი შეხვედრისთვის პოლიტიკური სარჩულის მიცემა. "ჩემი მკაცრი პოზიცია არის, რომ მე არ ვერევი პოლიტიკაში. მე მათ შევხდი, როგორც ქრისტიანებს, რომლებიც აღდგომის დღესასწაულზე მოსალოცად ჩამოვიდნენ ისრაელში წმინდა მიწაზე. ამ პერიოდში, როგორც ჩემთვის ცნობილია ბევრი მომლოცველი ჩამოდის საქართველოდან და ვფიქრობ კარგია, როდესაც არსებობს შესაძლებლობა ადამიანები შეხვდნენ ერთმანეთს", - აღნიშნა იერუსალიმის პატრიარქმა და გამოხატა წუხილი, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მასთან აუდიენციას სხვადასხვა ინტერპრეტაცია ეძლევა.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)