"ქვეყანას არ უნდა დაცვა? რა შუაშია "გირჩი" და მსხალი?" - არამართებული და არაპატრიოტული გადაწყვეტილება - კვირის პალიტრა

"ქვეყანას არ უნდა დაცვა? რა შუაშია "გირჩი" და მსხალი?" - არამართებული და არაპატრიოტული გადაწყვეტილება

"დაბოლილი ადამიანის ჩვეულებრივი, სტანდარტული ქმედებებია"

"პატრონი რომ გვყავდეს, ზურა დიდი ხანია ფსიქიატრიულში უნდა იჯდეს"

ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა "გირჩმა" რელიგიური ორგანიზაცია "საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება" დააფუძნა, რომელიც წვევამდელებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება.

2017 წლის მარტში საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული ორგანიზაციის დოკუმენტში, "საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესიის" ხელმძღვანელად, პოლიტიკური პარტია "გირჩის" წევრი, ნიკა ობოლაძე წერია. ორგანიზაციის მთავარ ღირებულებად კი თავისუფლებაა განისაზღვრული. თავისუფლების შეზღუდვის ძირითად მაგალითად კი სავალდებულო სამხედრო სამსახური იქცა.

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე "ლ" ქვეპუნქტის მიხედვით, მოქალაქეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუკი ის სასულიერო პირია.

პარტია წვევამდელებს სთავაზობს გაერთიანდნენ მათ მიერ დაარსებულ რელიგიურ ორგანიზაციაში, მიიღონ შესაბამისი ცნობა და ამ გზით აარიდონ თავი სავალდებულო სამხედრო სამსახურს.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

"ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ რელიგიურ ორგანიზაციად "ნაციონალური მოძრაობა" გარდაქმნილიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, "გირჩმა" დაასწრო. ეტყობა, რაც დათესეს, მერე ის ბევრი მოსწიეს და ახლა შესაბამისად იქცევიან. დაბოლილი ადამიანის ჩვეულებრივი, სტანდარტული ქმედებებია. ჩვენ რაც უფრო შევყვებით, მით უფრო მეტს მოწევენ და გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას".

ჯემალ ჭკუასელი, ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი:

"ეს არის თითიდან გამოწოვილი ამბავი. ქვეყანას არ უნდა დაცვა? რა შუაშია "გირჩი" და მსხალი? მაგათ "კარგი" ინიციატივა შემოიტანეს - მარიხუანა და ახლა კიდევ რა უნდათ? არ მიყვარს ასეთი თითიდან გამოწოვილი ამბები, ამისთანა უსიამოვნო სიურპიზების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს".

ლალი მოროშკინა, ჟურნალისტი:

"ზურა ჯაფარიძეს მედალი ეკუთვნის, რადგან იმ საზოგადოების სრული სიშტერე, სიბეცე და იდიოტიზმი გამოაშკარავა, რომელიც ამ თემას აპიარებს. პატრონი რომ გვყავდეს, მისი აზრებს კი არ უნდა იზიარებდნენ, ზურა უკვე ფსიქიატრიულში უნდა იჯდეს, მაგრამ კარგია ის, რასაც ზურა აკეთებს, ადამიანები ჩაახედა სარკეში, რომ რეალურად საზოგადოებას ფსიქოლოგიურად გაუჭირდა და ამ რაღაც გამოგონილ ამბავში გასართობს ეძებს.

ეს მაგონებს ერთ-ერთ ფილმს, რომელსაც "თოჯინა" ჰქვია, როდესაც ოჯახს ბავშვი უკვდება, თოჯინას ზრდიან, როგორც ცოცხალ ადამიანს და აღმოჩნდება, რომ რეალური ადამიანი მართლა არსებობს, უბრალოდ დამალული ჰყავდათ წლების წინ იმიტომ, რომ მან რაღაც საშინელება ჩაიდინა. ზუსტად ეს ფილმი მიესადაგება ჩვენს დღევანდელ რეალობას, რაღაც მოკვდა საზოგადოებაში, რის გაცოცხლებასაც ვცდილობთ. ის ცინიზმი, ავანტიურა, რაც ზურამ წამოიწყო, უბრალოდ ძალიან მტკივნეულია, როდესაც გამოაშკარავდება, რომ ეს არის ფარსი, თამაში საზოგადოებასთან, ეს არის საზოგადოების დაკნინება..."

გია ბუღაძე, მხატვარი:

"კატეგორიულად არ მგონია, რომ ეს სწორი იყოს. ქვეყანა ომის მდგომარეობაშია და ვფიქრობ, არამართებული და არაპატრიოტული გადაწყვეტილებაა".

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)