"ნაცმოძრაობა": "სამართალდამცველებმა ირაკლი სესიაშვილის შვილის ქურდობაში მონაწილეობის საქმე მიჩქმალეს" - კვირის პალიტრა

"ნაცმოძრაობა": "სამართალდამცველებმა ირაკლი სესიაშვილის შვილის ქურდობაში მონაწილეობის საქმე მიჩქმალეს"

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ირაკლი სესიაშვილის შვილის, დავით სესიაშვილის, სავარაუდოდ, ქურდობაში მონაწილეობის საქმე მიჩქმალეს.

ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა კოტე იოსელიანმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"სისხლის სამართლის საქმე N006050315005 აღიძრა თბილისში მომხდარ ქურდობის ფაქტზე, რომელიც დღემდე გაუხსნელია. დანაშაულის ადგილზე ჩატარებული ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედების შედეგად, საქსპერტო-კრიმინალურმა სამსახურმა ნივთმტკიცების სახით ამოიღო სავარაუდო დამნაშავის ხელის ანაბეჭდები, რომელიც ექსპერტიზის ბიურომ ცნო ვარგისად და დარეგისტრირდა სამძებრო სამსახურის ბაზაში. მიმდინარე წელს, სპეცსამსახურს, კერძოდ სუს-ს, მუშაობის დაწყების სურვილით საქართველოს მოქალაქემ მიმართა. სპეციალური პროცედურების გავლის შემდგომ, რაც სუს-ში მუშაობის დაწყებას სჭირდება, დაქტილოსკოპიის ანალიზმა გამოავლინა, რომ ამ მოქალაქის ანაბეჭდების ნიმუშები ჩადენილი დანაშაულის ადგილიდან აღებული ანაბეჭდების იდენტურია. ჩვენი ინფორმაციით, ამ მონაცემების თანხვედრის შესახებ საქმის კურსში იყო გომელაურისა და გოგაშვილის უწყება, მიუხედავად ამისა, რეაგირება არ მომხდარა. პროკურატურამ კი, მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის უშუალო ჩარევის შედეგად ეს საქმე საერთოდ მიჩქმალა. საუბარი ეხება მოქალაქეს, პარლამენტის წევრის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი სესიაშვილის შვილს - დავით სესიაშვილს", - განაცხადა იოსელიანმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დაუყოვნებლივ მოითხოვს ირაკლი სესიაშვილისგან განმარტებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ასევე, გენერალური პროკურორ ირაკლი შოთაძისაგან - განმარტებას ქურდობის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე და მიმდინარე გამოძიების და გამოძიებასთან დაკავშირებული ყველა დეტალის გასაჯაროებას.

"მოვითხოვთ სუსი-ს ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურისა და მისი მოადგილის იოსებ გოგაშვილისაგან გაასაჯაროონ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მათ ხელთ არსებული ინფორმაცია. მოვითხოვთ საქართველოს შს მინისტრისაგან გიორგი მღებრიშვილისგან დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც შსს-ში არსებობს, როგორც სისხლის სამართლის საქმის N 00 60 50 31 50 05, ასევე დავით სესიაშვილის თანამდებობაზე სავარაუდო დანიშვნის შესახებ", - დასძინა კოტე იოსელიანმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მის შვილთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს სიბინძურეს, ტყუილს და საძაგლობას უწოდებს.

როგორც სესიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მისი შვილი არის უწესიერესი ახალგაზრდა, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია სწავლა-განათლებაზე. ამასთან, მისივე თქმით, დავით სესიაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ანალიტიკურ დეპარტამენტში უკვე მუშაობს და ის საკმაოდ პერსპექტიულია.

"ასეთი სიბინძურე, ასეთი ტყუილი, ასეთი საძაგლობა არ გამიგია. უწესიერესი, უმაგრესი შვილი მყავს, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია სწავლა-განათლებაზე. ასეთი გამოგონილი სიბინძურე და ტყუილი არასდროს მინახავს. ამისთვის პასუხს აგებენ. ახალგაზრდა კაცს რომ ასეთ რამეს დააბრალებ, იმისთვის, რათა 3 წუთი გამოჩნდე ტელევიზორში, ამაზე პასუხი უნდა აგო", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა და აღნიშნა, რომ რეაგირებისთვის კონსულტაციებს იურისტებთან გაივლის.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით