"გამოიყვანეს ვინმე იოსელიანი, რომლის ყველაზე დიდი მიღწევაა, რომ არის თინა ბოკუჩავას ქმარი" - სესიაშვილის განცხადება "ნაცმოძრაობის" ბრალდებებზე - კვირის პალიტრა

"გამოიყვანეს ვინმე იოსელიანი, რომლის ყველაზე დიდი მიღწევაა, რომ არის თინა ბოკუჩავას ქმარი" - სესიაშვილის განცხადება "ნაცმოძრაობის" ბრალდებებზე

გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა, კოტე იოსელიანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის შვილის, დავით სესიაშვილის, სავარაუდოდ, ქურდობაში მონაწილეობის საქმე მიჩქმალეს. (იხილეთ: "ნაცმოძრაობა": "სამართალდამცველებმა ირაკლი სესიაშვილის შვილის ქურდობაში მონაწილეობის საქმე მიჩქმალეს")

დეპუტატმა სესიაშვილმა დღეს მისი შვილის მიმართ "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებაზე პროკურატურას მიმართა და ყველა იმ პირის დასჯა მოითხოვა, რომელმაც ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებები არის პოლიტიკური ცილისწამება, რომელიც მიმართულია მის წინააღმდეგ.

სესიაშვილი თქმით, საქმე ეხება ორი წლის წინ მანქანის გაქურდვის ფაქტს, რომელიც ეკუთვნის მის მეგობარ ირაკლი სანაიას. დეპუტატის განმარტებით, აღნიშნულ ავტომანქანას ირაკლი სანაიას ვაჟი მართავს, რომელიც თავის მხრივ, მისი შვილის, დავით სესიაშვილის უახლოესი მეგობარია. სესიაშვილის თქმით, "შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ამ ავტომობილზე სხვა უამრავ ანაბეჭდთან ერთად მისი შვილის ანაბეჭდიც იყო, თუმცა მის შვილს დანაშაულთან არანაირი კავშირი არ აქვს".

"ყველა შეჩვეული ვართ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში სიცრუის და ტყუილების ტირაჟირებას, ამ შემთხვევაში უკვე ჩემს ოჯახს შეეხნენ. საქმე ეხება მანქანის ქურდობის ფაქტს, რომელიც მოხდა ორი წლის წინ, მარტში, საქმე ეხება იმ მანქანას, რომელიც არის ჩემი შვილის ბავშვობის მეგობრის, ერთად გაზრდილები არიან, ამ მანქანაზე აღმოჩენილია რამდენიმე თითის ანაბეჭდი, მათ შორის, ჩემი შვილის, დღე და ღამე ერთად არიან და ბუნებრივია, ანაბეჭდთან დაკავშირებით ასე მოხდებოდა, თუმცა გუშინ მტკიცებით ფორმაში აცხადებდა "ნაციონალური მოძრაობა," რომ ჩემი შვილი დამნაშავეა და რომ სამართალდამცველი ორგანოები ამ ფაქტს ჩქმალავენ. ცხადია, ეს არის ცრუ ბრალდება და ამიტომ, მე მოვითხოვ პროკურატურისგან, რომ, ერთი მხრივ, გამოიძიონ ფაქტი, რომ ჩემი შვილი დანაშაულთან არანაირ კავშირში არ არის და მეორე მხრივ, სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ ცრუ დასმენაზე და პასუხი აგებინონ "ნაციონალურ მოძრაობას". მათ მოუწევთ ბოდიშის მოხდა...

"ნაციონალურ მოძრაობას" ეტყობა ვერ წარმოუდგენია, რომ მეგობრობა არსებობს და მეგობრის მანქანას შეეხო. "ნაციონალურმა მოძრაობამ" მთელი სკანდალი ააგორა. დარწმუნებული ვარ, გამოძიება დაადგენს, რომ დანაშაულის მოხდენის დროს ჩემი შვილი არ იმყოფებოდა იქ. ეს არის პოლიტიკური ცილისწამება, რომელიც მიმართულია ჩემს წინააღმდეგ. გამოიყვანეს ვინმე იოსელიანი, რომლის ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ არის თინა ბოკუჩავას ქმარი", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით