"არ დავუშვებ, რომ ვინმემ პუტინთან თანამშრომლობა დამაბრალოს" - რატომ გამოაძევეს უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის ძმა?! - კვირის პალიტრა

"არ დავუშვებ, რომ ვინმემ პუტინთან თანამშრომლობა დამაბრალოს" - რატომ გამოაძევეს უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის ძმა?!

"სააკაშვილს სატელევიზიო პროგრამით უკრაინის დესტაბილიზაციის უფლება არ აქვს"

მოგეხსენებათ, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა და საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამ ცოტა ხნის წინ, გადაცემის "სხვა უკრაინის" წამყვანობაც ითავა, რომელიც ტელეარხ "Zik"-ზე პირველად 5 აპრილს გავიდა. მას მერე სულ რამდენიმე გადაცემა მომზადდა, თუმცა თითქმის ყველა საკმაოდ სკანდალური გამოვიდა.

ორიოდეს დღის წინ, მორიგ გადაცემაში სააკაშვილმა განაცხადა:

"ჩვენი ორი გადაცემის შემდეგ, კიევში რამდენიმე თვით ჩემი ძმა - დავით სააკაშვილი ჩამოვიდა. ჩვენ საერთო საქმეები არ გვაქვს, ის ჩემი ძმაა, რომელსაც თავისი პირადი ცხოვრება აქვს, ამიტომაც ჩამოვიდა... ყველა დოკუმენტი, ცხოვრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა და ა.შ. წესრიგში ჰქონდა და მისი ყოფნა უკრაინაში სრულიად ლეგალურად იყო, მაგრამ იმ წერილის საფუძველზე, რომელიც შეადგინეს ტიმჩინის დავალებით, მას დაურეკეს საემიგრაციო სამსახურიდან და უთხრეს, რომ მისი ცხოვრების უფლება გაუქმებულია და 7 დღის განმავლობაში უნდა დაეტოვებინა უკრაინა.

აქვე უნდა ვთქვა, რომ ეს პოლიტიკური საკითხია და ინსტრუქციებს გასცემს პრეზიდენტი პოროშენკო. ჩემი ძმა წავა, ეს არ არის პრობლემა, მაგრამ, მინდა, ვუთხრა ტიმჩინს და ამ ბანდას, რომელიც უსაფრთხოების სამსახური კი არა, უკრაინის "ბარიგების" სამსახურია, ვერ შეგვაშინებთ!

რას ვიზამთ, ჩემი ძმა დეპორტირებულია, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროგრამას, იმის კეთებას, რასაც აქამდეც ვაკეთებდით, ჩვენს ბრძოლას და ასეთი წვრილმანებით ვერ შეგვაშინებენ!

ამ განცხადების შემდეგ გადაცემის მსვლელობისასვე, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, "პეტრო პოროშენკოს ბლოკის" წევრმა ოლეგ ბარნამ მიხეილ სააკაშვილი ვლადიმირ პუტინთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.

"ახლა ისე გამოდის, რომ პოროშენკოს წინააღმდეგ პუტინთან ერთიანდებიან. ეს ძალიან არ გიხდებათ!" - უთხრა დეპუტატმა სააკაშვილს.

ამის საპასუხოდ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა განაცხადა: "ჩემთვის ასეთი განცხადებები მიუღებელია. მიუღებელია ჩემზე იმის თქმა, რომ პუტინთან ვარ გაერთიანებული. მე რუსეთში ქარხნები არ მაქვს და რუსეთთან არ ვვაჭრობ, არ დავუშვებ, რომ ან პოროშენკომ, ან ვინმე სხვამ ილაპარაკოს, რომ მე პუტინთან ვთანამშრომლობ. ის ჩემი მტერია, მე ვებრძვი მას... პუტინის საუკეთესო მეგობრები არიან ისინი, ვინც მასთან უკრაინით ვაჭრობენ", - განაცხადა მან.

სააკაშვილმა ასევე იხუმრა პეტრო პოროშენკოს ციტატაზე, რომ ადამიანები, რომლებსაც ძაღლის სახლიც კი არა აქვთ აშენებული, უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ. "ჩემი მეგობარი დონალდი ძაღლის სახლებს არ აშენებს. ის ცათამბჯენებს აშენებს", - განაცხადა სააკაშვილმა.

ოლეგ ბარნას თქმით: "სააკაშვილს სატელევიზიო პროგრამით უკრაინის დესტაბილიზაციის უფლება არ აქვს".

იხილეთ ვიდეო