იყრის თუ არა კენჭს თბილისის მერად უსუფაშვილი? - პარლამენტის ექსსპიკერის ახალი პარტია და სამომავლო გეგმები - კვირის პალიტრა

იყრის თუ არა კენჭს თბილისის მერად უსუფაშვილი? - პარლამენტის ექსსპიკერის ახალი პარტია და სამომავლო გეგმები

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს, შეიქმნას ახალი ცენტრისტული პარტია ახლებური მიდგომებით.

უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აქტიური პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების შესახებ განაცხადა. უსუფაშვილის თქმით, პოლიტიკური ლიდერების ცვლილება არასაკმარისია და აუცილებელია იმ დესტრუქციული პოლიტიკური სისტემის შეცვლა, რომლის გამოც ყველა პოლიტიკური წამოწყება საბოლოოდ წარუმატებლად სრულდება.

დავით უსუფაშვილი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას სამოქალაქო პარტნიორობა სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის, ისევე როგორც ეს გაკეთდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობის დროს.

მისი თქმით, ძველებურად, მორიგი "სახალხო ლაშქრის" შეკრება ხელისუფლების დაუყოვნებლივ შესაცვლელად კვლავ ჩიხამდე მიგვიყვანს და ხელისუფლების სათავეებთან უნდა მოვიდეს არა მორიგი "მხსნელი", არამედ კომპეტენტური, პასუხისმგებლიანი, ეროვნულ და ევროპულ კულტურულ-პოლიტიკურ ნიადაგზე მდგარი ახალი პოლიტიკური ძალა. ამისთვის უსუფაშვილი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს, შეიქმნას პარტია ახლებული მიდგომებით.

"ეს იქნება ცენტრისტული პარტია, რომელიც სხვადასხვა ფლანგიდან რაციონალურ და ეფექტიან მიდგომებს მოუყრის თავს. იგი სახელისუფლებო ბრძოლაში ჩაებმება ქვეყნის გაძღოლისთვის სრულფასოვნად მომზადებული პროგრამით და ჩრდილოვანი მთავრობებით და არა რამდენიმე ლიდერისა და რამდენიმე ლოზუნგის ამარა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, პარტიის ფორმირება დასრულდება თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ხოლო საარჩევნო გუნდის წარდგენა დაგეგმილია მაისის ბოლოსთვის. როგორც მან აღნიშნა, "პარტიის მთავარი ამოცანა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და კოალიციური მთავრობის ფორმირება იქნება".

უსუფაშვილის განცხადებით, თავის პოლიტიკურ ძალას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატი ეყოლება, თუმცა კანდიდატის ვინაობა არ დაასახელა.

მან არ უპასუხა კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ თავად იყაროს კენჭი თბილისის მერობის კანდიდატად.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით