ტრამპის რადიკალური ნაბიჯი - "არა მგონია, რუსებმა სროლა გაბედონ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ისევ დაბლოკონ ქართული პროდუქცია" - კვირის პალიტრა

ტრამპის რადიკალური ნაბიჯი - "არა მგონია, რუსებმა სროლა გაბედონ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ისევ დაბლოკონ ქართული პროდუქცია"

"ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ევროპიდან ინდონეზიამდე გაჭიმულ უძლიერეს მუსლიმანურ სარტყელს ხლეჩს, თანაც - აზიისა და ევროპის საზღვარზე, საქართველოა"

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმოწერილი საკანონმდებლო აქტით შეზღუდვა დაწესდა აშშ-ის მიერ იმ სახელმწიფოების დაფინანსებაზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ. ხელმოწერილი კანონით, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში აშშ-ის წარმომადგენლებს აეკრძალათ იმ პროგრამების მხარდაჭერა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს არღვევს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კი დაევალა, 90 დღის განმავლობაში კონგრესს წარუდგინოს რუსეთის საოკუპაციო მოქმედებების შესახებ მოხსენება. აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად და ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელშესაწყობად დამატებითი დახმარება გამოეყოფათ. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ჩვენი რეგიონების არაღიარების პოლიტიკის უპრეცედენტო მხარდაჭერაა და აღნიშნავენ იმასაც, რომ ამაში საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და დიპლომატიის დიდი წვლილიც არის შეტანილი. თუმცა ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ეს მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება ამერიკა-რუსეთს შორის მზარდი დაპირისპირების ჭრილშია განსახილველი. ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე საუბრობს. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან::

- ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა როგორც თქვა, აშშ-საც არ ჰყავს მეგობრები და მტრები, მას აქვს სტრატეგიული ინტერესები. აშკარაა, რომ

ტრამპის ადმინისტრაციამ აიღო გეზი, რომ აშშ გახდეს მსოფლიოს მმართველი. მას ამ პროცესში კონკურენტები არ სჭირდება.

ძალიან მიამიტური იყო პუტინის ადმინისტრაციის ზეიმი, როცა აშშ-ის პრეზიდენტი ბატონი ტრამპი გახდა. დონალდ ტრამპი იცავს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს. სწორედ ამ ინტერესების შესაბამისად, მას სურს, სტრატეგიული პარტნიორი ჰყავდეს ჩვენს რეგიონში, სადაც სომხეთი რუსული გავლენის ქვეშაა, გარშემო კი მუსლიმანური სამყაროა.

ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ევროპიდან ინდონეზიამდე გაჭიმულ უძლიერეს მუსლიმანურ სარტყელს ხლეჩს, თანაც - აზიისა და ევროპის საზღვარზე, საქართველოა. ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის გამო განხორციელდა თავის დროზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი. ამაზე წერდა ზბიგნევ ბჟეზინსკი თავის არაჩვეულებრივ წიგნში "დიდი საჭადრაკო დაფა"...

ჩვენი დამოუკიდებლობის განმავლობაში აშშ-ის თითქმის ყველა პრეზიდენტი, თავისი პარტიისთვის დამახასიათებელი ტექნოლოგიებით, საქართველოს მხარს უჭერდა. ტრამპი აშკარად უფრო რადიკალური პიროვნებაა და აშკარაა, რომ რადიკალურ ნაბიჯებს დგამს.

ეს საკანონმდებლო აქტი საქართველოს ადმინისტრაციის ძალისხმევის შედეგი ვერ იქნება, თუმცა, რასაკვირველია, ჩვენი ხელისუფლების განცხადებები, რომ ვრჩებით აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორად და ჩვენს დასავლურ მისწრაფებებში არაფერი შეცვლილა, თავის როლს თამაშობს. მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით ჩვენი აქტიურობა კვლავაც გაგრძელდეს, თუმცა მიღებული საკანონმდებლო აქტი, რომელსაც ტრამპმა მოაწერა ხელი, უფრო აშშ-ის სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების დამსახურება, თუმცა მისი საერთაშორისო მნიშვნელობა დიდია და მხარდაჭერაც ნამდვილად უპრეცედენტოა საქართველოსადმი.

ეს არის ცალსახა და შეუქცევადი თანადგომა და ნამდვილად საქართველოს წისქვილზე ასხამს წყალს. სავარაუდოდ, რუსეთს ეს გააღიზიანებს და შესაძლოა, ამას გართულებებიც მოჰყვეს.

თუმცა, ფაქტია, რომ რუსეთთან ურთიერთობისას არც კარგი და არც ცუდი ნაბიჯებით არაფერი გამოდის...

- რას შეიძლება ველოდოთ კრემლისგან? მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროპის მინისტრთა კომიტეტის საბჭოს მიერ საქართველოს მხარდასაჭერად მიღებულმა გადაწყვეტილებამ რუსეთი აღაშფოთა. მოვისმინეთ განცხადებები, რომ აპირებენ, კარგად დაფიქრდნენ, გაგრძელდეს თუ არა ჟენევის შეხვედრები არსებული ფორმატით...

- არა მგონია, რუსებმა სროლა გაბედონ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ისევ დაბლოკონ ქართული პროდუქცია, მწვავე პოლიტიკური განცხადებები აკეთონ და ა.შ. ვფიქრობ, განცხადება ჟენევის ფორმატზე უფრო პოლიტიკური დემარშის ნაწილია, მით უფრო, რომ მათ განცხადებაში ძალიან ბევრი ტყუილი იყო. თურმე, საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთი ოსეთი არასდროს შედიოდა. არადა, სამხრეთი ოსეთი არც არსებობდა და როდესაც სტალინმა მათ ავტონომიური ოლქი შეუქმნა, ცხინვალში სულ სამი ოსი ცხოვრობდა. არა მგონია, ჟენევის ფორმატზე უარი თქვან, ეს მათთვის წამგებიანი იქნება.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი გაზეთის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია

სრულად

იხილეთ ასევე: გიორგი კვირიკაშვილი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა