"ივანიშვილის მიერ საქართველოს გაბანძების სიმბოლო, მონგრეული ქოხი, ტაშტით" - რას წერს სააკაშვილი ვენეციის ბიენალეზე წარდგენილ ინსტალაციაზე? - კვირის პალიტრა

"ივანიშვილის მიერ საქართველოს გაბანძების სიმბოლო, მონგრეული ქოხი, ტაშტით" - რას წერს სააკაშვილი ვენეციის ბიენალეზე წარდგენილ ინსტალაციაზე?

ვენეციის 57-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე საქართველოს პავილიონი პროექტით, "ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში" 13 მაისს გაიხსნა. ბიენალეზე წარმოდგენილ ინსტალაციას "ფეისბუკზე" ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა:

"ვენეციის ბიენალეზე წარმოადგინეს საქართველოს სახე, უფრო სწორად, ივანიშვილის მიერ საქართველოს გაბანძების სიმბოლო, მონგრეული ქოხი ტაშტით, რომელშიც მუდმივად ჩამოდის წყალი. ჩვენი სამშობლო აშკარად უკეთესს იმსახურებს!" - წერს საქართველოს ექსპრეზიდენტი.

ქართული პავილიონი ვენეციის ბიენალეს ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში -"არსენალეზეა" განთავსებული, რომლისთვისაც შენობაში "Artiglierie" 115 კვ.მ. ფართობის სივრცეა განსაზღვრული. ინსტალაციის მთავარი ნაწილი ძველი იმერული ოდაა, პროექტის ავტორმა ვაჟიკო ჩაჩხიანმა მას ჭიათურასთან ახლოს მდებარე სოფელში მიაკვლია.

ჩაჩხიანის ინსტალაცია "ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში" მოგვითხრობს თუ რამდენად მძიმეა ადამიანისთვის სოციალური, პოლიტიკური თუ ისტორიული გარემოებების ტვირთი, რომელიც გავლენას ახდენს ცხოვრების შესახებ ადამიანთა წარმოდგენებზე.

ვენეციის 57-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა იტალიაში წელს 2017 წლის 13 მაისიდან 26 ნოემბრის ჩათვლით, იტალიის რესპუბლიკაში, ქ. ვენეციაში იმართება.

წლევანდელი გამოფენის მთავარ თემას წარმოადგენს "VIVA ARTE VIVA". ეს კონცეფცია ყველა თაობისა და წარმოშობის ხელოვანს აერთიანებს. გამოფენის მიზანია წარმოაჩინოს ცნობილი ადგილების და ყველაზე უცნობი განზომილებების გამოცდილება, რაც ნეო-ჰუმანიზმისაკენ მიმავალ გზებს გვიჩვენებს.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ