"ევროკავშირი სრულად და აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს" - რას აცხადებენ მოგერინის ოფისში ზალბერთნ დაკავშირებულ სკანდალზე - კვირის პალიტრა

"ევროკავშირი სრულად და აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს" - რას აცხადებენ მოგერინის ოფისში ზალბერთნ დაკავშირებულ სკანდალზე

არ ვცნობთ ფორმატს, რომელშიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა საქართველოს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის რეგიონში, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის ოფისში განუცხადეს.

"ინტერპრესნიუსმა" ფედერიკა მოგერინის ოფისს ბრიუსელში შეკითხვით მიმართა, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის მიერ "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვას შეეხებოდა.

"ევროკავშირი სრულად და აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შესაბამისად, არ ვცნობთ ფორმატს, რომელშიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა საქართველოს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის რეგიონში. ევროკავშირი ასევე იღწვის საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის გზით. ეს პრინციპები ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მანდატისა და საქმიანობის საფუძველია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პრესმდივანმა მაია კოჟიანჩიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერმა, რომელიც ამავდროულად ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეა, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ვიზიტისას ანატოლი ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. აღნიშნულს თბილისში მწვავე რეაქციები მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლება ბრიუსელიდან სათანადო რეაგირებას ელოდება.