"ახალი ოლიგარქები" "პალაჟენიის დაყენებას" ცდილობენ" - ვინ ცდილობს ფარცხალაძის საქმის ჩაფარცხვას?! - კვირის პალიტრა

"ახალი ოლიგარქები" "პალაჟენიის დაყენებას" ცდილობენ" - ვინ ცდილობს ფარცხალაძის საქმის ჩაფარცხვას?!

გასულ კვირას გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი დაცვის წევრები თავდასხმაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მისი ცემა მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. თორდიამ ისიც აღნიშნა, რომ აუდიტის სამსახურის მიერ მოკვლეულ მასალებში ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა ამ საქმის დეტალებიც. მომხდარი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" შეაფასა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ფარცხალაძესა და კეზერაშვილს შორის მსგავსება ცხადია, შეიძლება ითქვას, ფარცხალაძე "კეზერაშვილი #2"-ია, მაგრამ მე მათ შორის განსხვავებასაც ვხედავ. საქმე ისაა, რომ ამ პრობლემას უფრო მასშტაბურად უნდა შევხედოთ. რაც მოხდა, იმ სისტემური პრობლემის გამოვლენაა, რომელიც ჩვენი უახლესი ისტორიის განმავლობაში მუდმივად არსებობს. ტრადიციად დამკვიდრდა, რომ სახელმწიფოსთვის გარდამავალ ეტაპზე, ხელისუფლებების ცვლასთან ერთად, ფორმალური და არაფორმალური ინტერესჯგუფების ფორმირება ხდება, რომელთაგან ერთს აქვს პოლიტიკური კომპეტენცია და ინტერესი, მეორეს კი - ფინანსური. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი ახერხებენ თანაცხოვრებას, მაგრამ მათ შორის კონფლიქტი გარდაუვალია და ის ვითარდება იმის მიხედვით, თუ ვინ არის დომინანტი, ანუ ფული მუშაობს პოლიტიკური ინტერესებისთვის, თუ - პირიქით.

სააკაშვილის მმართველობისას შეიქმნა ოლიგარქიული სისტემა, ანუ პოლიტიკური და ფინანსური ინტერესები ისე შეერწყა ერთმანეთს, რომ ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესებისთვის მუშაობდა ბიზნესი, მათ შორის - საბანკოც... ეს, რა თქმა უნდა, მანკიერი სისტემა იყო, მაგრამ უფრო სავალალოა, როდესაც პოლიტიკა იწყებს ბიზნესინტერესებისთვის მუშაობას, ანუ დომინანტად გვევლინება გარკვეული ახალი ფინანსური კლანები, რომლებიც პოლიტიკაში თავისი "პალაჟენიის დაყენებას" ცდილობენ. დაუშვებელი და სავალალო იქნება, თუ ეს მოხდა.

დღეს, ჩემი აზრით, სწორედ ამ კონფლიქტის მომსწრე ვართ. სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ახალი სისტემა ფორმირდება, დაწყებულია გადანაწილების პროცესი და დღეს "ახალი ოლიგარქები" "პალაჟენიის" დაყენებას ცდილობენ. ეს ინციდენტიც ამის ერთ-ერთი გამოვლენაა, ვერ ვიტყოდი, რომ - ერთადერთი. ეს კონფლიქტი დიდი ხანია, ფარულად მიმდინარეობს, უბრალოდ, ეს ეპიზოდი გახმაურდა.

განსხვავება კეზერაშვილსა და ფარცხალაძეს შორის სწორედ ის არის, რომ კეზერაშვილის ბიზნესინტერესები ემსახურებოდა პოლიტიკას. ის არა მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნავდა, არამედ პარტიულ სალაროზეც, დიდ პოლიტიკურ გეგმაზეც. დღევანდელი "ოლიგარქია" მხოლოდ პირად ინტერესებზე ზრუნავს და ამ საქმეში პოლიტიკას იყენებს. ფარცხალაძე სწორედ ამ "ოლიგარქიას" წარმოადგენს, რომელსაც ზოგიერთი მაღალჩინოსანი მფარველობს.ისიც ყველას ახსოვს, რომ დღესაც საუბრობენ კომპეტენტური ადამიანები, რომ ფარცხალაძე კვლავ დიდი გავლენით სარგებლობს პროკურატურაში, ისიც გვახსოვს, რომ თავის დროზე ბადაშვილს მხოლოდ ფორმალურად უწოდებდნენ მთავარ პროკურორს და მიიჩნევდნენ, რომ პროკურატურას კვლავ ფარცხალაძე მართავდა.

იმის მიხედვით, ეს კონკრეტული საქმე როგორ გადაწყდება, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, საით მიდის ქვეყანა.

თუ ახლა ხელისუფლებამ არ იმოქმედა სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად და ვერ მოახერხა მახინჯი პროცესების მოთოკვა, ქვეყანაში დიდი პრობლემა გაჩნდება.

- ამ პროცესში ფარცხალაძის როლი როგორია? ადამიანი, რომელსაც გენერალური აუდიტორი თავდასხმაში ადანაშაულებს, მხოლოდ მეხუთე დღეს დაიბარეს სამართალდამცავ უწყებაში...

- ეს მართლაც ძალიან საგულისხმოა... იმასაც კი ვერ ბედავენ, რომ თქვან, ფარცხალაძე დაკითხვაზე დავიბარეთო, ტერმინს არბილებენ და ფარცხალაძის სამართალდამცავ უწყებაში დაბარებას გამოკითხვას ეძახიან...

თუ ეს პროცესი ფარცხალაძის სასარგებლოდ წარიმართა, ხვალ აღარ უნდა გაგვიკვირდეს, კიდევ რომელიმე მაღალჩინოსანი საკუთარ კაბინეტში რომ გაილახოს.

- ბოლო ხანს მედიაში გაჩნდა ვარაუდები, რომ ფარცხალაძე კახა კალაძის სახელისუფლებო დაჯგუფებაში შედის და მას სწორედ ვიცე-პრემიერი მფარველობს...

- ამ მითქმა-მოთქმას ჯერ მაინც შეთქმულების თეორიად შევაფასებდი, რადგან ამის თაობაზე დანამდვილებით არაფერი ვიცი.

არ გამოვრიცხავ, კალაძესა და ფარცხალაძეს შორის დროებითი თანამშრომლობა მართლაც იყოს,

მაგრამ რატომღაც არა მგონია, რომ გრძელვადიანი, სტაბილური ალიანსი ჰქონდეთ...

- უკვე არაერთხელ ახსენეთ გარკვეული ინტერესჯგუფები. ვინ წარმოადგენს ამ ჯგუფებს? შესაძლოა, რომ მათი სახით ყოფილი სახელისუფლებო სისტემის ინტერესებიც ვიგულისხმოთ?

- ეს არის გარკვეული კორპორაციები, ე.წ. გარდამავალი ოლიგარქია, რომელიც ახერხებს, ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში ახალ ძალას თავისი მომსახურება შესთავაზოს, დაარწმუნოს საკუთარი არსებობის აუცილებლობაში და თანდათან მოიპოვოს დომინანტური მდგომარეობა. ისინი ყველა ხელისუფლების პირობებში ახერხებენ მუშაობას, მხოლოდ ტრანსფორმაციას განიცდიან და ახალ ხელისუფლებასთან ალიანსში შესასვლელად ყველაფერს აკეთებენ. ისინი, მათ შორის "ოცნების" დეპუტატებიც, ჯერ ხელისუფლებაში ე.წ. კრიშას ეძებენ, შემდეგ კი იწყებენ საკუთარი გავლენის გაძლიერებას. თუ ხელისუფლება მყიფე და სუსტია, ამას დიდი წარმატებით ახერხებენ...

იმავეს ვხედავთ ხელისუფლების შიგნით. ერთი იყო რეჟიმის დამარცხება, მეორეა სისტემის დემონტაჟი, რაც ვერ მოხერხდა. სამწუხაროდ, ახალი პოლიტიკური ელიტაც კოლექტიური მურუსიძის მძევალი აღმოჩნდა, ანუ ძველი სისტემის, რომელიც თანამშრომლობდა ოლიგარქიასთან, რომელზეც ზემოთ ვილაპარაკე. კვლავ მანკიერი წრე შეიქმნა...

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ სისტემის ფორმირება სულაც არ იყო ხელისუფლების ნება და გარკვეული ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ყველაფერი ასე წარიმართა. ეს დიდი პრობლემაა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის უპირობო ავტორიტეტია, სწორედ ივანიშვილია, შესაბამისად, მან უნდა დაიწყოს პროცესების სწორად შეფასება, დაეხმაროს პრემიერ-მინისტრს და სწრაფი და ხისტი მოქმედებებისას ზურგი გაუმაგროს.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად