"უცხოელი მიწას სპეკულაციური ოპერაციისთვის ან თავისიანების ჩამოსაყვანად ყიდულობს" - რა შემთხვევაში გაიყიდება ქართული მიწა უცხოელებზე?! - კვირის პალიტრა

"უცხოელი მიწას სპეკულაციური ოპერაციისთვის ან თავისიანების ჩამოსაყვანად ყიდულობს" - რა შემთხვევაში გაიყიდება ქართული მიწა უცხოელებზე?!

ჩვენში დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვის რეგულაციასთან დაკავშირებით.

კონსტიტუციის ახალ პროექტში სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელზე გასხვისების აკრძალვის შესახებ ჩანაწერი არ არსებობს, მხოლოდ ის არის მითითებული, რომ მიწის გასხვისება ახალმა ორგანულმა კანონმა უნდა დაარეგულიროს. როგორც მთავრობაში აცხადებენ, უახლოეს მომავალში პარლამენტში "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" ახალი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა დაიწყება.

"სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ" კანონი ბევრჯერ შეიცვალა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მიწის შეძენა დაუბრკოლებლად 2013 წლამდე შეეძლოთ.

2013 წლის 28 ივნისს პარლამენტმა "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ვერ შეიძენდნენ (და ვერც მემკვიდრეობით მიიღებდნენ) უცხო ქვეყნის მოქალაქეები, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი და უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი.

თუმცა 2014 წელს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" სარჩელის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლომ უცხო ქვეყნის იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის მიწის შეძენაზე დაწესებული დროებითი აკრძალვა გააუქმა.

როგორც ირკვევა, საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული ახალი კანონპროექტი უცხოელებზე მიწის გასხვისებას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ითვალისწინებს.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას განცხადებით, მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ერთადერთი გამონაკლისი, რა შემთხვევაშიც მიწის უცხოელებზე გასხვისება იქნება შესაძლებელი, არის უცხოელი ინვესტორების მიერ წარმოდგენილი დიდი ინვესტიცია. თუმცა, დანელია არ აკონკრეტებს ინვესტიციის იმ მოცულობას, რომელიც შეიძლება არარეზიდენტებზე მიწის გასხვისების საფუძველი გახდეს.

ოთარ დანელია:

- ჩვენს ინიციატივაში გათვალისწინებულია, რომ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე არ გასხვისდება. ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, შესაბამისი არგუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ. არგუმენტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელი იქნება: რა პირობებში, რა კრიტერიუმებით, რა არგუმენტებით, რა ინვესტიცია, რა დასაქმება, რა ტექნოლოგია და სხვა. ვფიქრობთ, მხოლოდ მთავრობას უნდა ჰქონდეს პრეროგატივა, რომ გამონაკლის შემთხვევებზე გადაწყვეტილება მიიღოს. მიწა ეკონომიკური აქტივია, ოღონდ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს აქტივი ათვისებულ იქნეს ადგილობრივი შესაძლებლობებითა და რესურსით.

უცხოელებზე მიწის მიყიდვის ტოტალურ აკრძალვას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი არ ეთანხმება. მისი განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციების აუცილებლობაზე მთავრობას ერთიანი პოზიცია აქვს, თუმცა კანონში მისი გაწერა საქმის იურიდიული ნაწილია.

როგორც თსუ-ს პროფესორმა ლადო პაპავამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, თუკი უცხოელს მიწის ყიდვა აეკრძალება, ამით მოსახლეობის უმრავლესობის ხედვა იქნება გათვალისწინებული.

ლადო პაპავა: "უცხოელი მიწას საქართველოში იმიტომ ყიდულობს, რომ მერე უფრო ძვირად გაყიდოს, რაც ქვეყნის ეკონომიკას არ ანვითარებს, რადგანაც წმინდა სპეკულაციური ოპერაციაა, ან ყიდულობს იმიტომ, რომ თავისიანები ჩამოიყვანოს და დაასახლოს საქართველოში. ეს კი პრაქტიკულად, ჩვენი საქართველოს მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესების შევიწროებაა.

ის, რომ მიწის გაყიდვა საქართველოში დიდ ეკონომიკურ აქტივობას გამოიწვევს და ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდება, ეს ბლეფია. ასეა თუნდაც იმიტომ, რომ როცა ჩვენში მიწის გაყიდვა ნებადართული იყო, მას არც დიდი ეკონომიკური აქტივობა და არც დიდი ეკონომიკური განვითარება არ მოჰყოლია".

როგორ რეგულირდება ევროპის ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისება და როგორი მოდელია იდეალური საქართველოსთვის.

როგორც ფონდ "ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისის" ხელმძღვანელმა ლაშა ტუღუშმა განაცხადა, უმჯობესია საქართველოში გასასხვისებელი მიწის მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი დაწესდეს.

ლაშა ტუღუში:

- პირადად მე ევროპული სტანდარტის მომხრე ვარ. ევროპის ქვეყნების 99 პროცენტი მიწის უცხოელებზე გასხვისება რეგულირდება. ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში რეგულაცია ძალიან მკაცრია, ზოგიერთში კი ნაკლებად. თუმცა არსებობს ქვეყნები, სადაც უცხოელებზე მიწის მიყიდვა თავისუფალია, მაგალითად, ინგლისში.

ძირითადი მიდგომაა მიწის უცხოელებზე გასხვისების მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი. მინიმალური ზღვარი მიგრაციის საკითხების დასარეგულირებლადაა საჭირო. როდესაც ქვეყნიდან მიგრაციის მაჩვენებელი დიდია, უცხოელები, როგორც წესი, მცირე ზომის ფართს დასასახლებლად ყიდულობენ, ამიტომაც უნდა დაწესდეს მიწის მინიმალური ზღვარი.

ზოგიერთ ქვეყანაში, არსებობს ფასის კონტროლი, რათა ფასის დაგდება ხელოვნურად არ მოხდეს. მათ შორის არსებობს სპეციალური ინსტიტუტებიც, მაგალითად, საფრანგეთსა და გერმანიაში, რომელიც ამას აკონტროლებს. ისინი კონტრაქტებს ნახულობენ და იმ შემთხვევაში თუკი ისინი აღმოაჩენენ რომ ფასი საბაზრო ღირებულებას არ შეეფერება, ისინი ხელშეკრულებას აუქმებენ.

მაგალითად, არის შეზღუდვები სასაზღვრო ზოლში, ჩვენთან ეს 500 მეტრია და საშუალოად 3-5 კილომეტრი უნდა იყოს. ასევე თუკი დიდ ტერიტორიას ყიდულობენ ვალდებულება აქვთ, რომ ადგილობრივები დაასაქმონ.

"ლიბერალ აკადემიამ" შევიმუშავეთ პოლიტიკის დოკუმენტი, რეკომენდაციებით. ამ დოკუმენტს კანონპროექტი დავურთეთ, რომელიც პარლამენტში დავარეგისტრირეთ, პირველი მოსმენით განიხილა, თუმცა საქმე იმის იქით არ წასულა.

იქ სწორედ ასეთი ტიპის რეგულაციები იყო გაწერილი, მინიმუმი და მაქსიმუმი, ვალდებულებები, ჩვენ გვქონდა შეზღუდვები კონფლიქტის ზონაში. კონფლიქტის მიმდებარე სოფლებში, იქ უცხოელს მიწა არ უნდა მიყიდონ, პირიქით ადგილობრივები უნდა გააძლიერონ.

ეს ძალიან რთული საკითხია და კარგად არის გასააზრებელი. ჩვენ ბევრი მიწა არ გვაქვს და ამაზეც უნდა ვიფიქროთ. რა თქმა უნდა, გრძელვადიან იჯარასაც არ გამოვრიცხავ. გონივრულად უნდა მივუდგეთ, რეგულაცია აუცილებელია, თუმცა რამდენად მკაცრი უნდა იყოს ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, და გადაწყვეტილება ისე მივიღოთ.

ლიკა ამირაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)