"რიგითი" ფარცხალაძის გადასარჩენად - კვირის პალიტრა

"რიგითი" ფარცხალაძის გადასარჩენად

"ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას, როდესაც მთელი სამართალდამცავი სისტემა, მეორე სახელმწიფო უწყებას უპირისპირდება, რომელიც მას ფინანსურ ნაწილში აკონტროლებს"

ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ფაქტის გახსენება შეგვიძლია, როდესაც სახელმწიფო სისტემა დანაშაულში ბრალდებულის გადარჩენას მთელი ძალისხმევით ცდილობდა და ხშირ შემთხვევაში ახერხებდა კიდეც. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი სანდრო გირგვლიანის მკვლელობა და მთელი ის პროცესებია, რაც ამას მოჰყვა. საბოლოოდ კი, ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად აღიარა საქმეში მთელი სახელმწიფო სისტემის უკანონო მონაწილეობა.

სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ ეს მანკიერი სისტემაც ბოლოს და ბოლოს დამარცხდებოდა, თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენები გვაჩვენებს, რომ ხელისუფლება შეიცვალა, თუმცა სისტემა წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას.

ეს ყველაზე ცხადად გამოჩნდა ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისა და მოქმედი გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას დაპირისპირების საქმეში.

მოკლედ, გავიხსენოთ მოვლენების თანმიმდევრობა:

შეიძლება სიმბოლურიც იყოს, რომ ამჯერადაც კონფლიქტი, ისევე, როგორც გირგვლიანის მკვლელობისას, შარდენის ქუჩაზე დაიწყო - 13 მაისს, კლუბ "ელ ცენტროში" სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიას და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტი მოხდა.

ლაშა თორდიას მტკიცებით, მას თავს ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხნენ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა მომხდარი მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას დაუკავშირა;

საკმაოდ გაჭიანურებული პროცესი გამოდგა საქმის გამოძიება, ფარცხალაძე გამოკითხვზე მხოლოდ მე-5 დღეს დაიბარეს;

კიდევ უფრო გვიან გამოქვეყნდა ვიდეომასალა, რომელიც მომხდარს საკმაოდ ბუნდოვნად ასახავდა;

ყველაზე საინტერესო მაინც ის აღმოჩნდა, რომ ამ პროცესში სრულიად მოულოდნელად კიდევ ერთი ვიდეო გამოჩნდა, რომელიც საერთოდ არ უკავშირდება ფარცხალაძესთან გენერალური აუდიტორის კონფლიქტს, მაგრამ მისი მთავარი გმირი სწორედ ლაშა თორდიაა...

ვიდეო გავრცელდა ინტერნეტში, ის გადაღებული იყო კონკრეტული ბარის სათვალთვალო კამერით და მისი გამავრცელებლის მტკიცებით, კადრებში ნასვამი ლაშა თორდია ბარში მყოფ პირებს იარაღით ემუქრება. მასალა 2016 წლის 24 დეკემბერს ღამე 2:43 საათზეა გადაღებული.

თორდიამ გავრცელებული კადრების ავთენტურობა დაასტურა და განაცხადა, რომ ვიდეომასალა პროკურატურას ჰქონდა და მას შემდეგ გაავრცელა, რაც "ელ ცენტროში" მასა და ფარცხალაძეს შორის ინციდენტი მოხდა.

საინტერესოა, რომ ფარცხალაძესთან კონფლიქტის გახმაურებისთანავე, თორდია ამბობდა, რომ შესაძლებელი იყო მისი მაკომპრომეტირებელი ვიდეოჩანაწერი გაევრცელებინათ.

ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ ამ ვიდეოს გავრცელების უკან სწორედ ის სისტემა დგას, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ და ის ყოფილ მთავარ პროკურორს, რომელიც სკანდალურად წავიდა თანამდებობიდან, დღემდე ინარჩუნებს, როგორც "საჭირო კაცს" და მზად არის მის დასაცავად ყველაფერზე წავიდეს.

შსს-ს განცხადება, რომ 2016 წლის 24 დეკემბრის ინციდენტზე გამოძიება იყო დაწყებული, რომ პიროვნებამ, რომელმაც თითქოსდა ეს ვიდეო საკუთარი ნებით მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ფარცხალაძესთან თორდიას დაპირისპირების კადრებში ამოიცნო თორდია, სამწუხაროდ, ძალიან საეჭვოა... (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის კადრები, რაც თორდიასა და ფარცხალაძის დაპირისპირების ასახავს, იმდენად ბუნდოვანია, ძალიან ძნელად წარმოსადგენია ვინმეს იქ თორდია ამოეცნო).

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

- თუ იმის დამტკიცება უნდათ რომ თორდია ცუდი ბიჭია მე ამას ვიზიარებ, მაგრამ რადგან ცუდი ბიჭია, ეს ავტომატურად იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ფარცხალაძე ანგელოზია? ესაა ორი სხვადასხვა საქმე, რა თქმა უნდა, ორივეს გამოძიება სჭირდება. ფაქტია, რომ ვიღაც ცდილობს ეს ორი ერთმანეთთან დააკავშიროს.

ჩვენ საქმე სისტემურ კრიზისთან გვაქვს. ხელისუფლება თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, პროცესს უპირისპირდება.

ჩვენ ვარკვირდებით სიტუაციას, როდესაც მთელი სამართალდამცავი სისტემა, მეორე სახელმწიფო უწყებას უპირისპირდება, რომელიც მას ფინანსურ ნაწილში აკონტროლებს.

მთელი სისტემა ძალიან ღრმა ჭაობშია ჩაფლული, ღია და საჯარო კომპრომანტირებას ცდილობენ მხარეები.

პირადად მე, არც ფარცხალაძე მიმაჩნია კაი კაცად და არც თორდია. დღევანდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით, თორდია ვინც იყო, როდესაც ხელისუფლებაში მოდიოდნენ 2012 წელსვე ვიცოდი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფარცხალაძე უკეთესი მოვლენაა. ფარცხალაძე უფრო მეტი უბედურებაა, ამას მიხედვა და მოვლა სჭირდება.

პრობლემა ბევრად უფრო მასშტაბური და ღრმაა, ვიდრე ამ ვიდეოების გარჩევა. პრობლემას უფრო მასშტაბურად უნდა შევხედოთ. რაც მოხდა, იმ სისტემური პრობლემის გამოვლენაა, რომელიც ჩვენი უახლესი ისტორიის განმავლობაში მუდმივად არსებობს. ტრადიციად დამკვიდრდა, რომ სახელმწიფოსთვის გარდამავალ ეტაპზე, ხელისუფლებების ცვლასთან ერთად, ფორმალური და არაფორმალური ინტერესჯგუფების ფორმირება ხდება, რომელთაგან ერთს აქვს პოლიტიკური კომპეტენცია და ინტერესი, მეორეს კი - ფინანსური. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი ახერხებენ თანაცხოვრებას, მაგრამ მათ შორის კონფლიქტი გარდაუვალია და ის ვითარდება იმის მიხედვით, თუ ვინ არის დომინანტი, ანუ ფული მუშაობს პოლიტიკური ინტერესებისთვის, თუ - პირიქით.

სააკაშვილის მმართველობისას შეიქმნა ოლიგარქიული სისტემა, ანუ პოლიტიკური და ფინანსური ინტერესები ისე შეერწყა ერთმანეთს, რომ ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესებისთვის მუშაობდა ბიზნესი, მათ შორის - საბანკოც... ეს, რა თქმა უნდა, მანკიერი სისტემა იყო, მაგრამ უფრო სავალალოა, როდესაც პოლიტიკა იწყებს ბიზნესინტერესებისთვის მუშაობას, ანუ დომინანტად გვევლინება გარკვეული ახალი ფინანსური კლანები, რომლებიც პოლიტიკაში თავისი "პალაჟენიის დაყენებას" ცდილობენ.

თუ ეს პროცესი ფარცხალაძის სასარგებლოდ წარიმართა, ხვალ აღარ უნდა გაგვიკვირდეს, კიდევ რომელიმე მაღალჩინოსანი საკუთარ კაბინეტში რომ გაილახოს. ამგვარ არაჯანსაღ პროცესს, როგორც წესი, განვითარება ახასიათებს.

მალე გამოჩნდება, ამ სახელმწიფოში ვინ კარნახობს თამაშის წესებს - პოლიტიკოსები თუ გარკვეული ინტერესჯგუფები, პოლიტიკოსები კი მხოლოდ და მხოლოდ მათი მომსახურე პერსონალია.

ლია მუხაშავრია, იურისტი:

- რა თქმა უნდა, ამ ორ დანაშაულს ერთამნეთთან კავშირი აქვთ. როდესაც ვიძახდით, რომ მოსმენის კანონი შესაცვლელია, მაშინ არავინ გვისმენდა. ახლა აღმოჩნდა, რომ ასეთი ვიდეოები ძალიან ბევრის წინააღმდეგ აქვთ და თუ სურვილი ექნებათ მაშინ გამოაქვეყნებენ.

რა თქმა უნდა, ამ ვიდეოს ინტერნეტში გამოქვეყნებას რიგითი ადამიანი ვერ შეძლებდა. სწორედ ამიტომ ახლანდელ გავრცელებულ ვიდეოსა და თორდია-ფარცხალაძის ინციდენტს შორის, რომლის გამოც თორდიამ ფარცხალაძის დასჯა მოითხოვა, ძალიან პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია.

ძალიან საშიშ მოვლენასთან გვაქვს საქმე. როდესაც შესაძლებელია ასეთი მაღალი თანამდებობის პირი დაატერორო, რიგით მოქალაქესა და ქვედა რგოლს, რისი იმედი უნდა ჰქონდეს?! სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირ მიზანმიმართული ტერორია, არასასურველი პირების წინააღმდეგ და გაფრთხილება, ვინც რამეს გაბედავს ისე დაემართება, როგორც თორდიასო.

პირველ რიგში ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, იმისათვის, რომ ეს ფარული ტერორის შესაძლებლობა, რომელიც რამდენიმე ადამიანების ხელშია, დასრულდეს.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არაფორმალურმა მმართველობამ, რომელიც ქვეყანაში იყო და რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, თავისი ყლორტები გამოიღო. აქამდე თუ ვამბობდით, რომ არაფორმალური მმართველი და გადაწყვეტილებების მიმღები, ისე, რომ მათ არანაირი კანონისმიერი ან საკონსტიტუციო პასუხისმგებლობა არ გააჩნდათ, მხოლოდ ივანიშვილი იყო, ახლა ასეთი არაფორმალურ, ყოვლისშემძლე და ყოველგვარი უფლებით აღჭურვილ პირად ფარცხალაძე მოგვევლინა. ჯერ კიდევ არ ვიცით,  კიდევ რამდენი ასეთი ფაქტი გამოვლინდება, თუ ასეთი ვითარება გაგრძელდა და საზოგადოება ამას შეეგუა.

ლიკა ამირაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)