თბილისის მერობის კანდიდატად ხოშტარია, პარტიის გენერალურ მდივნად უგულავა - "ევროპული საქართველოს" ყრილობა სპორტის სასახლეში - კვირის პალიტრა

თბილისის მერობის კანდიდატად ხოშტარია, პარტიის გენერალურ მდივნად უგულავა - "ევროპული საქართველოს" ყრილობა სპორტის სასახლეში

სპორტის სასახლეში დღეს პარტია "ევროპული საქართველოს" ყრილობა გაიმართა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ დავით ბაქრაძე აირჩიეს.

პარტიის წევრებმა ასევე, მხარი დაუჭირეს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე გიგა ბოკერიას არჩევას, ხოლო გენერალური მდივნის პოსტზე - გიგი უგულავას. თბილისის მერობის კანდიდატად კი, პარტიამ ელენე ხოშტარია წარადგინა.

ყრილობაზე სიტყვით პარტიის ლიდერები გამოვიდნენ.

გიგი უგულავა: "დღეს ჩემ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, ეს ახალი ბრძოლაა და პირობას გაძლევთ ბოლომდე ვიბრძოლებ. ჩვენ ვიყავით და ვრჩებით ვარდების რევოლუციის ღირებულებების ერთგული. ახლაც ვამბობ, რომ კმარა, საქართველო არ იმსახურებს იყოს უიმედო, ღარიბი, ერთ ადამიანს დამორჩილებული. საქართველო უკეთეს მომავალს იმსახურებს...

თითქმის სამი წელი უსამართლოდ გავატარე ციხეში. ეს იყო წარმატებასა და წარუმატებლობაზე ფიქრის დრო".

გიგა ბოკერია: "კიდევ უფრო მადლიერი ვარ იმიტომ, რომ თქვენ ხართ ის გუნდი, რომლის იმედი შეუძლია ჰქონდეს საქართველოს. თქვენ ხართ ის გუნდი, რომელიც არასდროს არ დათმობს ჩვენს არჩევანს, რომ ვიყოთ თავისუფალ ერთა ოჯახის სრულფასოვანი წევრი; რომელიც არასდროს არ დათმობს ჩვენს ევროპულ არჩევანს - ევროპულ საქართველოს; თქვენ ხართ ის გუნდი, რომელიც არასდროს არ შეეგუება, რომ ჩვენ დავბრუნდეთ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, დღევანდელი რუსეთის ჭაობში. თქვენ ხართ ის გუნდი, რომელსაც ვერასდროს ვერ აიყოლიებენ შავრაზმელები, რომელიც ვითომც და ჩვენი ქვეყნის სიყვარულით, სიძულვილსა და ძალადობას ქადაგებენ. ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის წამბაძველობით.

თქვენ ხართ ის გუნდი, რომელსაც ვერ მოატყუებენ ისინი, ვინც საყოველთაო კეთილდღეობის სახელით, რეალურად ჩვენს თავისუფლებას, კერძო საკუთრებას, ეკონომიკურ თავისუფლებას ებრძვიან. თქვენ ხართ ის გუნდი, რომელიც ყველაზე უფრო ღირსეული პოლიტიკური ლიდერისგან კერპს არ შექმნის და რაც მთავარია, თაყვანს არ სცემს შუშის სასახლეში მყოფ ოლიგარქს, რომელსაც ეს ქვეყანა და მასში მცხოვრები ადამიანები სათამაშოდ მიაჩნია; თქვენ ხართ ის გუნდი, რომელსაც ესმის, რომ ყველაზე კარგი მთავრობა, ისეთი კი არა ახლა რომ გყავს მავნებელი და უვარგისი, რომელსაც აუცილებლად შევცვლით დემოკრატიული გზით, ყველაზე კარგი მთავრობაც კი საშიშია, თუ ის ხალხს და კონსტიტუციას არ ემორჩილება და მისი კონტროლის ქვეშ არ არის. თქვენ ხართ ის გუნდი, რომელმაც იცის, ყველაზე მთავარია, რომ ჩვენ უნდა ვწყვეტდეთ, როგორ ვიცხოვროთ, როგორ გავზარდოთ ჩვენი შვილები, რა მოგვწონდეს, ვინ გვიყვარდეს; თქვენ ხართ ის გუნდი, რომელმაც იცის, რომ ყველა ადამიანს, თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს შანსი მოიპოვოს კეთილდღეობა და ბედნიერება; თქვენ ყველანი ხართ ის გუნდი, რომელიც ააშენებს ევროპულ საქართველოს და ევროპული საქართველო არის ნამდვილი საქართველო".

"ინტერპრესნიუსი"