"პუტინს იმის ფული არ აქვს, რომ მსოფლიო ომი გააჩაღოს, თუმცა, ფრთხილად უნდა ვიყოთ" - კვირის პალიტრა

"პუტინს იმის ფული არ აქვს, რომ მსოფლიო ომი გააჩაღოს, თუმცა, ფრთხილად უნდა ვიყოთ"

"რეკომენდაციას ვიძლევით, რომ MAP-თან დაკავშირებით ნაბიჯები გადაიდგას"

საქართველო უკვე რამდენიმე დღეა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მასპინძელია. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ისტორიაში, ნატომ ასამბლეის სხდომის არაწევრ ქვეყანაში გამართვის თაობაზე მეხუთედ დაუშვა გამონაკლისი და შესაბამისად, რამდენიმე დღით თბილისი პოლიტიკურ ცენტრად აქცია. პირველი ოთხი სახელმწიფო, რომელმაც თავის დროზე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომებს არაწევრი ქვეყნის სტატუსით უმასპინძლა, დღეს უკვე ალიანსის რიგებს წარმოადგენს, რაც შეეხება საქართველოს, ალიანსელები ქართველების, მეზობელი რუსეთის და სრულიად მსოფლიოს მისამართით ახლა უკვე თბილისიდან აღნიშნავენ, რომ საქართველოსთვისაც ნატო-ს კარი ღიაა და ჩვენი ქვეყანა გახდება ალიანსის წევრი...

კონკრეტულად, რას ეუბნება ნატო საპარლამენტო ასამბლეის სხდომის თბილისში გამართვით საქართველოს, რა ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერ დეკლარაციაში, რომელსაც ასამბლეა თბილისში მიიღებს, აპირებს თუ არა ალიანსი საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას და იქნება თუ არა რუსეთი შემაფერხებელი ფაქტორი? - ამ და სხვა თემებზე "ინტერპრესნიუსი" ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პაოლო ალის ესაუბრა... გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიდან:

- ის ფაქტი, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია თბილისში ტარდება, ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია. ეს იმას ნიშნავს, რომ ნატო და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ჩვენ ვაღიარებთ იმ წარმოუდგენელ ძალისხმევას, რომელიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში აჩვენა დემოკრატიის გაძლიერების კუთხით. საქართველოს შთამბეჭდავი შედეგები აქვს. ვფიქრობ, ჩვენი აქ ყოფნა ცხადყოფს იმას, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას. ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ თქვენს რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებს.

საქართველოს სტაბილურობა არა მხოლოდ საქართველოსა და რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ყველა დასავლური ქვეყნისთვის - ის, რაც რეგიონში ხდება მნიშვნელოვანია, თუკი გავითვალისწინებთ რუსეთის აგრესიულ საქციელს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში. ეს კონფლიქტები ყველასთვის წარმოადგენს საფრთხეს. შესაბამისად. ჩვენი მესიჯი ის არის, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთი უნდა დაუბრუნდეს ოფიციალურად აღიარებულ საზღვრებს. ჩვენ მტკიცედ ვართ მოწოდებული დავიცვათ და მხარი დავუჭიროთ საქართველოს დემოკრატიის განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით.

- როგორც აღნიშნეთ, მხარს უჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მის უსაფრთხოებას, მაგრამ საქართველო უფრო მეტ ხელშესახებ შედეგებს ელოდება და ეს შედეგია ნატო-ში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება. ამ მხრივ, რას უნდა ელოდოს საქართველო ალიანსისგან უახლოეს მომავალში?

- საუბარია MAP-ზე (წევრობის სამოქმედო გეგმა). ამ გადაწყვეტილებას ნატო მიიღებს. ჩვენს რეზოლუციაში, რომელსაც ორშაბათს მივიღებთ, რეკომენდაციას ვიძლევით, რომ MAP-თან დაკავშირებით ნაბიჯები გადაიდგას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მომავალში გახდება ნატო-ს წევრი. რაც შეეხება დროის ჩარჩოებს, ჯერ ცხადი არაა, თუ როგორ განვითარდება პროცესი. თუმცა, საბოლოო პუნქტი ის არის, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ჩვენ უნდა დავაჩქაროთ პირობები, შევქმნათ ის პირობები, რაც ამას შესაძლებელს გახდის უახლოეს დროში.

რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ საერთაშორისო გარემო. ამ კუთხით წინ გადადგმულ ნაბიჯებს, ვფიქრობ, რუსეთში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დავინახავთ. ჩემი აზრით, პუტინი დღეს სიტუაციას ძაბავს, ვინაიდან მას ქვეყნის შიგნით მხარდჭერა სჭირდება. ასევე მნიშვნელოვანია, თუ როგორ იქნება არჩეული პუტინი.

ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის შიდა პოლიტიკა ძალიან დაკავშირებულია საგარეო პოლიტიკასთან. მე არ ველოდები, რომ ადგილი ექნება მნიშვნელოვან ცვლილებებს პუტინის საგარეო პოლიტიკაში, მაგრამ, ჩემი აზრით, ის მზარდი დაძაბულობა, რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო პერიოდში რუსეთში, საპრეზიდენტო არჩევნებთანაა დაკავშირებული. არ ვფიქრობ, რუსეთს იმდენი ძალა გააჩნია, რომ ეს კონფლიქტები ღიად დატოვოს. ის ახლა ჩართულია სირიაში, ლიბიაში მიმდინარე მოვლენებში, განიცდის ეკონომიკურ კრიზისს...

- ხომ არ ფიქრობთ, რომ რუსეთი თვითონ ქმნის საერთაშორისო კრიზისული სიტუაციების კერებს, რათა მერე მათი გადაჭრის განუყოფელი ნაწილი გახდეს. შესაბამისად, დასავლეთს ყოველთვის მოუწევს რუსეთთან დიალოგის რეჟიმში ყოფნა... ალბათ, რუსეთის საგარეო პოლიტიკის ეს მიდგომა არ შეიცვლება ახლო მომავალში...

- შესაძლოა. რუსეთი ასევე პროპაგანდას აწარმოებს, რათა გავლენა მოახდინოს დასავლურ ქვეყნებზე. ყველა ეს კონფლიქტი - საქართველოში, უკრაინაში, დნესტრისპირეთში, რუსეთის მიერ იყო შექმნილი იმ მიზეზით, რომელიც თქვენ ახსენეთ. უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს მინსკის შეთანხმებები. რუსეთი არ ასრულებს მათ. საერთაშორისო საზოგადოება კვლავ განაგრძობს რუსეთთან მიმართებაში სანქციების გამოყენებას. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, მეტისმაც განაცხადა, რომ რუსეთთან მიმართებაში ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას არ ექნება ადგილი, ვიდრე მინსკის შეთანხმებები არ შესრულდება. აშშ მტკიცედ გამოდის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. სავარაუდოდ, თქვენ მართალი ბრძანდებით. რუსეთი ქმნის კრიზისულ სიტუაციებს, რათა ამ პრობლემების გადაჭრის ნაწილი გახდეს, მაგრამ ეს რეალობაა, რომლის წინაშე ვდგავართ.

- რუსეთი არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინას ემუქრება, არამედ ნატო-სა და ევროკავშირის რიგ სახელმწიფოს, კერძოდ, ბალტიისპირეთის ქვეყნებს. როგორ ფიქრობთ, რა ეფექტური მექანიზმები უნდა შეიქმნას საიმისოდ, რომ მომავალში რუსეთის საფრთხეს და შესაძლო აგრესიას გავუმკლავდეთ?

- როგორც იცით, ალიანსმა შეიმუშავა შეჩერების შთამბეჭდავი გეგმა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე. ნატო დაფუძნებულია საერთო თავდაცვის პრინციპზე. თუმცა, ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატო უფრო იყო ორიენტირებული ჰუმანიტარულ ოპერაციებზე, კიბერუსაფრთხოებასა და ა.შ. და ხშირად ხალხმა არც იცის, რომ ნატო ამით დაკავებულია. ხალხი ფიქრობს, რომ ნატო მხოლოდ ბომბებს ისვრის. გარდა სამხედრო ოპერაციებისა, ნატო ბევრი სხვა რამით არის დაკავებული. რუსეთის უკრაინისადმი აგრესიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ნატო-ს წესდების მე-5 მუხლი ძალიან მნიშვნელოვანია. ორი-სამი წლის ნატო მზად არ იყო დაპირისპირებოდა რუსეთის მხრიდან ლიტვასა ან ლატვიაზე ძლიერ თავდასხმას, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა. ჩვენ გვაქვს შემუშავებული გეგმა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგისთვის.არსებობს რეაგირების ძალები, პატრულირება, საჰაერო პატრულირება... არ ვფიქრობ, რომ პუტინი დაინტერესებულია, თავს დაესხას ნატო-ს წევრ ქვეყანას. ეს მსოფლიო ომის ტოლფასი იქნება. მას არ აქვს იმის ფული, რომ მსოფლიო ომი გააჩაღოს, თუმცა, ფრთხილად უნდა ვიყოთ. (იხილეთ სრულად)

იხილეთ ასევე: ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: "საქართველოს დაცვით გარკვეულწილად ჩვენს ქვეყნებს ვიცავთ