"იმედი ვიქონიოთ, რომ კრემლი ვა-ბანკზე წასვლას და სროლას ვერ გაბედავს" - რა შეიძლება მოჰყვეს ნატოს მეტად გააქტიურებას კავკასიაში? - კვირის პალიტრა

"იმედი ვიქონიოთ, რომ კრემლი ვა-ბანკზე წასვლას და სროლას ვერ გაბედავს" - რა შეიძლება მოჰყვეს ნატოს მეტად გააქტიურებას კავკასიაში?

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც თბილისში 26-29 მაისს გაიმართა, საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღეს. დოკუმენტს მხარი ალიანსის წევრი ქვეყნის 25-მა დელეგაციამ დაუჭირა, წინააღმდეგი მხოლოდ ორი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა.

საქართველო ნატო-ს არაწევრი რიგით მეხუთე ქვეყანაა, სადაც ამ რანგის ღონისძიება ჩატარა. დანარჩენი ოთხი ქვეყანა უკვე ალიანსის წევრია.

საქართველოს შესახებ მომზადებულ დეკლარაციაში 50-მდე ქვეყნის 600-მდე დელეგატი ნატო-ს ხელმძღვანელობას საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. დეკლარაციაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო რუსეთის საკითხს. ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადაგმულ ნაბიჯებს; მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

დეკლარაციის მიხედვით, ასამბლეა რუსეთს მოუწოდებს უპასუხოს საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და თავი შეიკავოს საქართველოს მიმართ ნებისმიერი პროვოკაციული და აგრესიული ნაბიჯებისგან; ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დამკვირვებლების შესვლას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს მხარდამჭერ დეკლარაციაზე და მომავალში რუსეთის მხრიდან საპასუხო რეაქციაზე, კავკასიოლოგ მამუკა არეშიძეს ვესაუბრეთ.

- რასაკვირველია, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარებასაც და საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებსაც, დადებითად ვაფასებ, ოღონდ ეს უფრო ემოციური შეფასებაა, რაც ღონისძიებამ და მისმა მყისიერმა შედეგებმა გამოიწვია. თუ დავფიქრდებით, მთელი ეს ღონისძიებაც და მისი შედეგებიც გარკვეული საფრთხის შემცველიცაა, რადგან ამ ეტპაზე ძნელად წარმოსადგენია რუსეთი ნატო-ს სამხრეთ კავკასიაში აქტიურობას შეურიგდეს...

- ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დეკლარაცია რამდენად რეალურია, ვგულისხმობ იმას, თუ რამდენად სერიოზულად დაინტერესდა ალიანსი საქართველოთი?

- ამდაგვარი დეკლარაციები არაერთხელ გვინახავს და გამონათქვამებიც არაერთხელ მოგვისმენია. ჩვენთვის მთავარი ნატოს წევრობაა, თუმცა სხვა შედეგები, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას აამაღლებდა, ნამდვილად იყო და შეიძლება ითქვას, ნაბიჯ-ნაბიჯ ხდებოდა საქართველოს ნატოს-თან დაახლოება. დეკლარაცია კარგია, დაპირებებიც, მაგრამ ჩვენ რეალური ქოლგა გვჭირდება და ამ ქოლგის "გაშლის" პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს ხელმძღვანელობა დაინტერესებულია საქართველოს ალიანსში გაწევრებით, გამოჩნდებიან ხოლმე ქვეყნები, მაგალითად: გერმანია, საფრანგეთი ან ესპანეთი, რომლებიც ამ ინიციატივას ბლოკავენ.

- ამ შემთხვევაში რას უნდა ველოდოთ ოფიციალური მოსკოვის მხრიდან?

- ნებისმიერი სახის პროვოკაციას. მაგალითად, კულახმეტოვის დანიშვნა, ჩათვალეთ, რომ ეს ამ ღონისძიების კონტექსტში მიღებული გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, რომ ეს ნატო-ს აქტივობების მიმართ რუსეთის მხრიდან თავისი სურვილებისა და შეურიგებლობის ერთგვარი დემონსტრირებაა. ეს არის ერთი ფაქტი, მაგრამ ამდაგვარი ბევრია. მაგალითად ბორდერიზაციის პროცესი, რომელიც მუდმივად არსებობდა. ასევე სხვა ტიპის პროვოკაციები მთლიანად რეგიონში, თუნდაც ყარაბაღის კონფლიქტი. არ არის გამორიცხული, რომ ამ ზაფხულს ყარაბაღის კონფლიქტი უფრო მასშტაბურად განახლდეს, მითუმეტეს აზერბაიჯანის ბოლო ნაბიჯებმა მოსკოვი ძალიან გააღიზიანა, ვგულისხმობ აზერბაიჯანის ურთიერთობას ე.წ. არაბულ ნატო-სთან, რომელსაც აშშ საუდის არაბეთის გარშემო ახლა ქმნის.

რომ დავუბრუნდეთ საქართველოს საკითხს,

მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ ალტერნატივა ნატო-ს არ აქვს!

რუსეთის მხრიდან არცერთი ჩვენი წინადადება სერიოზულად აღქმული არ არის, კრემლი არ აპირებს უკან დაიხიოს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხებში. უნდა ვიცოდეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ალტერნატივა არ გვაქვს, უნდა შევეგუოთ იმას, რომ რუსეთი აუცილებლად იქნება ამ ჩვენი ინიციატივებისა და ნაბიჯების მიმართ უაღრესად აგრესიული... იმედი ვიქონიოთ, რომ კრემლი ვა-ბანკზე არ წავა და სროლის ატეხას ვერ გაბედავს!...

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)